* * *
ჯეისონის დაბადებიდან ერთი წლის თავზე, დედამისმა ეჭვი შეიტანა, რომ მისი ვაჟი ბოლომდე ადეკვატური არ "ხუთი წლის ასაკამდე ჯეისონი არ ლაპარაკობდა, თავისთვის დადიოდა და საკვების ღეჭვა არ შეეძლო - მხოლოდ ბავშვის კვებას იღებდა. ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს - აუტიზმის მძიმე ფორმა", - აღიარა ბიჭის დედამ დებიმ. მშობლებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ: დადიოდნენ სპეციალურ მეცადინეობებზე, ესწრებოდნენ ამგვარი ბავშვების პრობლემებისადმი მიძღვნილ ლექციებს და ვაჟის განვითარებას ნებისმიერი ხერხით ცდილობდნენ. ჯეისონს განსაკუთრებით უფროსი ძმა ჯოში ეხმარებოდა - ისინი უკანა ეზოში კალათბურთს ერთად თამაშობდნენ.
"თუ დედა ჩემ გამო რაიმეზე ბრაზობდა, მივდიოდი ფართან და ბურთს ვისროდი. ეს დაწყნარებაში მეხმარებოდა, - ჰყვება მაკელვეინი. - ქალაქში უცნაურ ბავშვად მთვლიდნენ არა მხოლოდ ავადმყოფობის გამო. თუ სხვები ჰოკეითა და ლაკროსით იყვნენ დაკავებულნი, მე კალათბურთს ვთამაშობდი".
ჯეისონი სკოლის გუნდში მოხვედრაზე ოცნებობდა, მაგრამ ნებისმიერი დისტანციიდან ზუსტად მსროლელი 17 წლის ბიჭი 10 წლის ბავშვსაც არ ჰგავდა, ამიტომაც ვერ მოხვდა როტაციაში. მწვრთნელს ჯიმ ჯონსონს ესმოდა, რომ მაკელვეინისთვის კალათბურთი - ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ცხოვრებაში, ამიტომაც, ბიჭი გუნდის მენეჯერად დანიშნა. ჯეი-მაკი (მას ყველა ასე ეძახდა) თვალს ადევნებდა, რომ მოთამაშეების ფორმა ყოველთვის სუფთა ყოფილიყო, მიჰქონდა მათთვის სუფთა პირსახოცები, წყალი და ასრულებდა მწვრთნელის სხვადასხვა მითითებას.
* * *
ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოსთვის მადლობის გადასახდელად, ჯონსონმა 2006 წლის 16 თებერვალს, სეზონის ბოლო მატჩისთვის ჯეისონი განაცხადში შეიყვანა. გულშემატკივრებმა ამის შესახებ შეიტყვეს და მაკელვეინის მხარდასაჭერად თამაშზე პლაკატებით მივიდნენ. ბოლო მეოთხედში, როცა "გრის ატენა" 25 ქულით იგებდა, ჯეი-მაკი მოედანზე შევიდა.მისი პირველი ორი ტყორცნა კალათში არ ჩავარდა, მაგრამ მალე მაკელვეინმა სიტუაცია გამოასწორა: სულ რაღაც 4 წუთში მან ექვსი ზუსტი სამქულიანი შეასრულა, კიდევ ორი ქულა კი ფარქვეშ შესვლით აიღო. საფინალო სირენის შემდეგ, ამგვარი პერფორმანსით გადარეული 900 მაყურებელი მოედანზე გადავიდა და სკანდირებდა: "ჯეი-მაკ! ჯეი-მაკ!" "თავდაპირველად, ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ თამაში დავიჭირე. გავარვარებული პისტოლეტივით ვიყავი!" - ანათებდა მატჩის შემდეგ დებიუტანტი.
რამდენიმე დღის შემდეგ, მთელი ქვეყანა განიხილავდა აუტიზმით დაავადებული კალათბურთელის 20 ქულას ცხოვრებაში მისთვის პირველ მატჩში. ჯეისონისა და მისი ოჯახისთვის მისალოცად როჩესტერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩავიდა. "პირდაპირ აეროპორტში გადამეხვია, დედაჩემს კი აკოცა! პრეზიდენტმა მითხრა, რომ ჩემი გამოსვლის ხილვის შემდეგ, ცრემლები ვერ შეიკავა", - შთაბეჭდილებებს აზიარებდა მაკელვეინი, რომელიც მალე ოპრა უინფრისა და ლარი კინგის შოუში მოხვდა, მიიწვიეს გადაცემაში - "დილა მშვიდობისა, ამერიკა", ინტერვიუები მისცა აშშ-ის ყველა წამყვან გამოცემას.
ჯეისონს სახლში ესტუმრა "ლეიკერსის" ლეგენდა მეჯიქ ჯონსონი, ხოლო ლეგენდარულმა კუოტურბეკმა პეიტონ მენინგმა (ერთადერთი ხუთგზის MVP ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის ისტორიაში) ბიჭი "ინდიანაპოლის კოლტსის" წინასასეზონო შეკრებაზე მიიწვია. იქედან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს, მაკელვეინი ერთი თვით მიემგზავრება იქ და ასრულებს იმავე ფუნქციებს, რასაც მრავალი წლით ადრე სკოლაში ასრულებდა, ოღონდ გაცილებით მეტს გამოიმუშავებს.
2006 წლის ბოლოს, ჯეისონი და მისი სასკოლო გუნდის ყველა წევრი ESPY Award-ის ცერემონიაზე გაემგზავრნენ. ნომინაციაში - "წლის საუკეთესო სპორტული მომენტი", მაკელვეინი კონკურენციას უწევდა თვით კობი ბრაიანტს, რომელმაც "ტორონტოსთან" მატჩში 81 ქულა დააგროვა. კიდევ ერთი ნომინანტი იყო - გუნდი "ჯორჯ მეისონ პეტრიოტსი", რომელიც სტუდენტური საკალათბურთო ლიგის "ოთხთა ფინალში" მოხვდა. პრიზი ჯეისონსა და მის გუნდს ერგო.
25-მა კინოკომპანიამ, მათ შორის, The Walt Disney Company-მ და warner Bros-მა გამოთქვეს სურვილი - გადაეღოთ ფილმი ჯეისონის შესახებ. საბოლოოდ, ეს უფლება Columbia Pictures-მა მოიპოვა, სცენარი დაწერა ორგზის ოსკაროსანმა ელვინ სარჯენტმა, თუმცა, რატომღაც, გადაღებები დღემდე არ დაწყებულა. 2008 წელს, მაკელვეინმა დაწერა წიგნი - "ჩემი ცხოვრების თამაში".
მას უდიდესი პოპულარობა ჰქონდა: ჯეისონი უსაინ ბოლტთან, ტაიგერ ვუდსთან და იმავე მენინგთან ერთად გადაიღეს რეკლამაში, რომელსაც 2009 წლის სუპერბოულის ტრანსლაციისას უჩვენებდნენ - ეს ძალიან პრესტიჟული და უძვირესი მოვლენაა.
იმავე 2009 წელს ახდა მაკელვეინის ოცნება - მწვრთნელი გახდა. ის მიიწვიეს YMCA-ს ქრისტიანული ასოციაციის ბავშვთა საზაფხულო სპორტულ ბანაკში. ეს ასოციაცია 130 ქვეყნის 45 მილიონ მონაწილეს ითვლიდა.
* * *
პოპულარობას ხელი არ შეუშლია ჯეისონისთვის, სკოლის დასრულების შემდეგ, სამუშაო საცხობში მოენახა. "პურსა და ფუნთუშებს ვაცხობ, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ", - ამაყობს მაკელვეინი. ხელმძღვანელობა ეხმარება და ხელს უწყობს - ბიჭი ხშირად იღებს შვებულებას და მოგზაურობს ქვეყანაში, კითხულობს ლექციებს აუტისტთა პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის ხერხებზე.2016 წლის გაზაფხულზე, ჯეისონის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მან ჯერ ბოსტონის მარათონი გაირბინა, შემდეგ კი პროფესიულმა საკალათბურთო გუნდმა "როჩესტერ რეიზორშარქსმა" მაკელვეინის ცხოვრებაში მთავარი მატჩის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასთან ერთდღიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯეისონი მეოთხე მეოთხედში გავიდა მოედანზე და თავის მეორე ოფიციალურ მატჩში 10 ქულა დააგროვა.
ყოველწლიურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმით დაავადებულთა რიცხვი იზრდება: 2008 წელს იყო ერთი ბავშვი ყოველი 88-დან, 2014 წელს - ერთი 66-დან. სრულფასოვანი ცხოვრებით აუტისტთა მხოლოდ 33 პროცენტი ცხოვრობს. ჯეისონ მაკელვეინი არა მხოლოდ უმტკიცებს მთელ მსოფლიოსა და საკუთარ თავს, რომ შეუძლია, იყოს საზოგადოების ნაწილი, არამედ ათასობით ადამიანს აძლევს აღმაფრენას, რომ არ უნდა დანებდეს და წინ იაროს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"