ევროლიგამ თავის ვებგვერდზე წარმოადგინა კალენდრის პროექტი, რომელიც შემუშავებულია ეროვნული ნაკრებების ინტერესთა გათვალისწინებით. ტურნირის მატჩების განრიგის ახალი ვარიანტი უკვე გაუგზავნეს ევროპულ ლიგებსა და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას (FIBA).
ევროლიგა აღნიშნავს, რომ კალენდარი გარანტირებულად იცავს იმ კალათბურთელთა ინტერესებს, რომლებიც ნაკრებებში გამოდიან - მათ შეუძლიათ, ეროვნულ გუნდებში ითამაშონ ყველა საერთაშორისო ტურნირის დროს.
ევროლიგის კალენდარი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
- 1. ეროვნულ ფედერაციებს სურთ, თავიანთი ნაკრებების შემადგენლობებში საუკეთესო კალათბურთელები ათამაშონ.
- 2. ეროვნულ ფედერაციებს სურთ, რომ მათმა ნაკრებებმა საკვალიფიკაციო ტურნირების ოფიციალური მატჩები საკუთარ არენაზე ითამაშონ.
- 3. ნაკრებების კალენდარზე უნდა დაიხარჯოს სეზონში ოთხი კვირა, რომელიც დაემატება ორკვირიან მოსამზადებელ პერიოდს.
- 4. კლუბების კალენდარზე უნდა მიდიოდეს სეზონში 38 კვირა.
- 5. პროფესიონალ კალათბურთელებს სჭირდებათ მინიმუმ ოთხი კვირა სეზონში ოფიციალური მატჩებისგან დასვენება.
მოცემული სქემის მიხედვით, ნაკრებებისთვის გამოყოფილია ოთხკვირიანი ფანჯარა ივლისში (ევრობასკეტი, მსოფლიოს ჩემპიონატი, საკვალიფიკაციო მატჩები), მანამდე კი არის ორი კვირა სანაკრებო შეკრებისთვის (ივნისის მეორე ნახევარში).
აგვისტოში მოთამაშეებს დასვენების საშუალება უნდა ჰქონდეთ, სექტემბერში კი დაიწყება კლუბების წინასასეზონო შეკრება. ოქტომბრიდან ივნისის შუა რიცხვებამდე - ევროლიგის გათამაშება მიმდინარეობს.
ახალი ვარიანტის მიხედვით, ევროლიგას ყველაფრის ისე დატოვება სურს, როგორც აქამდე იყო. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ დიდი სანაკრებო ტურნირები არა სექტემბერში, არამედ ივლისში გაიმართება.
2017-18 წლების სეზონში ევროლიგის რეგულარული 2017 წლის 12 ოქტომბერს დაიწყება და 2018 წლის 6 აპრილს დასრულდება. "ოთხთა ფინალი" ბელგრადში 18-20 მაისს გაიმართება.
აღვნიშნავთ, რომ ევროპის ზონაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტური 23-27 ნოემბერს გაიმართება, 23-24 ნოემბერს კი ევროლიგის მე-9 ტურის მატჩებია. შესარჩევის მესამე და მეოთხე ტურების ჩატარების თარიღია - 2018 წლის 22-26 თებერვალი, ევროლიგის 23-ე ტური კი 22-23 თებერვალს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"