პაატა გურასპაული: ამის მიზეზი ის არის, რომ წინა ფედერაციაც და ეს ფედერაციაც სწორად მუშაობდა

AutoSharing Option
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი პაატა გურასპაული გვეწვია, ჩვენ კი მის სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე ვესაუბრეთ.

- წინა კალათბურთის პრეზიდენტის არჩევნებზე იყო საუბარი თქვენ კანდიდატად წარდგენის შესახებ, მაგრამ მაშინ უარი თქვით. ამჯერად რატომ გადაწყვიტეთ?
- დიახ, იყო წინა არჩევნებშიც ამაზე საუბარი, მაგრამ მე გადავწყვიტე, გარკვეული მიზეზების გამო არ გადამედგა ეს ნაბიჯი. თუმცა ახლა დადგა ის დრო, მე და ჩემი მეგობრების გამოცდილება, კვალიფიკაცია, ცოდნა და კავშირები გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ გავაკეთებთ ქართული კალათბურთისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს.

- არაერთგვაროვანი მოსაზრებები ვრცელდება იმის შესახებ,
რომ თქვენ ხართ ფედერაციის კანდიდატურა. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

- მე რამდენჯერმე დავაფიქსირე ამის შესახებ პასუხი. მე მყავს მეგობრები საკალათბურთო სამყაროში, ასევე, კალათბურთის ფედერაციაში და მე მოხარული ვიქნები, როგორც ფედერაცია, ასევე საკალათბურთო სამყარო თუ დამიჭერს მხარს. მე ვაპირებ თანამშრომლობას ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ქართული კალათბურთი უყვარს და მუხჩაუხრელად შეუძლია იმუშაოს.

მე სხვა კანდიდატებს ვერ აღვიქვამ მოწინააღმდეგეებად, ისინი უბრალოდ, დღეს ჩემი კონკურენტები არიან. ჩვენ ერთ ოჯახს წარმოვადგენთ და ნებისმიერ არჩევნებს ახლავს ასეთი სიტუაცია. ამას არ მივესალმები და მოვუწოდებ ჩემს კონკურენტებს, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან.

იმ შემთხვევაშიც, თუ წავაგებ არჩევნებს, მე მაინც დავრჩები ქართულ კალათბურთში.

- როგორ შეაფასებდით ამჟამინდელი ფედერაციის მუშაობას, რამდენად შეასრულეს ის დაპირებები, რითიც მოვიდნენ?

- ნებისმიერი სპორტში ჩახედული ადამიანი რომ გააჩეროთ ქუჩაში და ჰკითხოთ წარმატებული სპორტების შესახებ, მათ ჩამონათვალში მოხვდება კალათბურთი, რომელიც აღქმულია საქართველოში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სახეობა. ამის მიზეზი ის არის, რომ  წინა ფედერაციაც და ეს ფედერაციაც სწორად მუშაობდა.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეცდომები არ ჰქონდათ. შეცდომები აქვს ყველას, შეცდომები მექნება მეც და ექნებათ ჩემს კონკურენტებსაც.

არის რიგი საკითხები, რომლის მიმართ მე განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს და არის კითხვები, რომლებსაც აუცილებლად დავსვამ.

- "ბასკონიის" კონტრაქტი ბოლო პერიოდში აქტუალური თემაა. კონტრაქტში არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი საკალათბურთო ტალანტების დაფინანსებას. რა არის თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით?
- მე სიღრმისეულად არ ვიცნობ ამ კონტრაქტს, ვიცი, რომ სამართლებრივი კუთხით მანდ ყველაფერი ნორმალურადაა.

რაც შეეხება შინაარსობრივად, თუ გავიმარჯვებ, განვიხილავ ამ ყველაფერს და მოვისმენ ყველა იმ არგუმენტს, რაც წარმოითქმება. თუკი წარმატებული იქნება ეს კონტრაქტი, გაგრძელდება და თუ - შესაცვლელი, შეიცვლება.

- რას გვეტყვით ილიას ზუროსის მიერ გამოთქმულ სურვილზე, რომ მას სურს საქართველოში ცხოვრება და ახალი კონტრაქტი?
- ზუროსი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია და ქართველებმაც დავინახეთ, რომ ის არ არის მოკლებული არც ფიქრს და არც სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

მე მივესალმები ზუროსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და თუ იქნება ეს მისი სურვილი, ფედერაცია ვალდებულია, ხელი შეუწყოს მის საქართველოში დარჩენას. იგი უშუალოდ იქნება დამკვირვებელი თითოეულ მოთამაშეზე, თითოეულ ახლგაზრდაზე და მე ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

- შიო ხეცურიანის პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები მთავრობიდან. ხომ არ თვლით, რომ პოლიტიკა გარკვეული სახით ერევა ამ პროცესებში?
- ყველას აქვს უფლება, ვისაც უნდა, იმას მხარი დაუჭიროს. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პოლიტიკურ ინტერესს და არც მიფიქრია მაგაზე.

- საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობის შემდეგ გამოჩნდა საჭიროება, რომ სუპერლიგა მეტად უნდა განვითარდეს. როგორია თქვენი გეგმა ამ კუთხით?
- მე ვფიქრობ, საკლუბო კალათბურთი უნდა იყოს ის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ნაკრებს შეუნარჩუნებს სახეს. უნდა მოიძიოს ფედერაციამ დამატებითი თანხები, მოეწყოს ახალი ინფრასტრუქტურა, უნდა მოხდეს მეტი პოპულარიზაცია; უნდა გაკეთდეს საკალათბურთო გადაცემა, რომელიც ყოველკვირეულად გააშუქებს მიმდინარე მოვლენებს; უნდა მოხდეს მუსიკალური გაფორმება და ა.შ.

ფედერაციამ სუპერლიგა უნდა გააიგივოს ნაკრებთან და ამისთვის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. პირველ რიგში, რამდენიმე ქართული კლუბი უნდა ასპარეზობდეს ევროთასებზე.

- რა მიგაჩნიათ დღეს ქართულ კალათბურთში მთავარ პრობლემად?

- უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა კალათბურთი უნდა განვავითაროთ, რომელიც არის საფუძველი კალათბურთელთა წარმატებისა. ჩემს პროგრამაში დევს სასკოლო კალათბურთის განვითარება, ეს განათლების სამინისტროსთან ერთად დაიგეგმება. ფედერაცია უნდა იყოს ამის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. ეს ყველაფერი უნდა იყოს რეგიონებში გატანილი, უნდა ჩაერთოს ყველა მუნიციპალიტეტი და საკრებულო.

- შემუშავებულია თუ არა თქვენი პროგრამა და ვინ არის თქვენს გუნდში?

- მე ჩემი პროგრამის მონახაზს ვაცნობ საკალათბურთო საზოგადოებას, დამატებითი სურვილებისა და იდეების შეტანა ხდება ამ შეხვედრებიდან და მოხდება ამის დაკონვერტირება.

ჩემ გვერდით უამრავი ადამიანია და ჩემი გუნდი არის მთელი საკალათბურთო სამყარო. ჩემი გუნდის კარები არის ღია ყველასთვის და ვინც სურვილს გამოთქვამს, ყველასთან ვითანამშრომლებ. ხოლო ვინ რა პოზიციას დაიკავებს, გადაწყდება არჩევნების შემდეგ.

- რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს საქართველოს ნაკრებში?
- ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ორი მტკივნეული პრობლემა: ერთი თაობათა ცვლა, მეორე კი ადგილობრივი ჩემპიონატი.

ჩემი აზრით, მომავლის ნაკრები უნდა აეწყოს თორნიკე შენგელიას გარშემო. ასაკობრივი ნაკრებები და ეროვნული ნაკრები ერთ ვერტიკალში უნდა იჯდეს, უნდა შეიქმნას "ბ" ნაკრები. ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთ სისტემაში მოქცეული, რადგან ახალგაზრული ნაკრებიდან მისულმა კალათბურთელმა უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა ითამაშოს.

ამჟამად საქართველოს ნაკრების მიზანი არ უნდა იყოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფიდან გასვლა, მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება კარგი შედეგით შევიდეთ შემდეგ ექვსეულში, რათა გვქონდეს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული