შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო

AutoSharing Option
შიო ხეცურიანმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა.

მისი განცხადებით, არ სურდა, დადგმულ სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა.

კალათბურთში ბოლო დროს არასასიამოვნო მოვლენა მოხდა. 5 პიროვნება ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით რამდენიმე დღის წინა დააკავეს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თეგი - ჩაწყობილი თამაშები

Sportall.ge ხეცურიანს დაუკავშირდა და ამ თემებზე ესაუბრა.


- უპირველეს ყოვლისა, ბოლო დროს კალათბურთში განვითარებულ მოვლენებზე გკითხავთ. რას იტყოდით იმ 5 პირზე, რომლებიც დააკავეს? ამ თემის გარშემო თქვენი აზრი გვაინტერესებს...


- ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და
სჯობს, დაველოდოთ მის დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილებას. რამდენადაც ჩემთვის პრესის საშუალებით გახდა ცნობილი, ბერიშვილებმა და ვაჟა კვარაცხელიამ აღიარეს დანაშაული.

სამწუხარო და შემაშფოთებელია ასეთი ფაქტები ქართულ კალათბურთში.

- თქვენ ამბობდით, რომ ქართულ კალათბურთში ბევრი არასწორი საქციელი ხდება. გულისხმობდით თუ არა მსგავს საქციელს?

- მე ვსაუბრობდი და ვსაუბრობ ქართულ კალათბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე - კომპლექსურ პრობლემებზე. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ერთ-ერთი დადასტურებაა ამ პრობლემების.

- თქვენ არჩევნებს დადგმული სპექტაკლი უწოდეთ. რა მოხდა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, როგორ მოხდა გუნდის წევრებთან შეთანხმება კანდიდატურის მოხსნის შესახებ?

- ვფიქრობ, რომ ამ თემის შესახებ უკვე ყველაფერზე ვისაუბრე.

- თქვენ აღნიშნავდით, რომ პაატა გურასპაული ფედერაციის კანდიდატი იყო, თავად გურასპაული კი ამას ცილისწამებას უწოდებდა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

- მგონი, ამ საკითხზე კითხვა აღარ დარჩა. ფაქტი სახეზეა.

- არჩევნებამდე იყო საუბარი, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კალათბურთისთვის ყველა ერთმანეთს გვერდში უნდა დადგომოდა. დაგიკავშირდათ თუ არა პაატა გურასპაული?

- არ დამკავშირებია.

- თუ დაგიკავშირდებათ და შემოგთავაზებთ, რომ თქვენი პროგრამიდან რომელიმე პროექტი განახორციელოს, დათანხმდებით თუ არა მას?

- პროგრამა საჯაროდ დევს ინტერნეტსივრცეში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განახორციელოს ამ პროგრამიდან რომელიმე პროექტი. არ სჭირდება ჩემი ნებართვა. მეც და ჩემს თანამოაზრეებს მხოლოდ გაგვიხარდება კალათბურთის საკეთილდღეოდ გაკეთებული საქმე.

- რას იტყოდით პაატა გურასპაულის შესახებ, თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა მას სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა?

- კალათბურთის ფედერაციაში სისტემური პრობლემაა. ამ სისტემის წევრია პაატა გურასპაული. შესაბამისად, მას ძალიან გაუჭირდება რადიკალური ცვლილებების განხორციელება.

- სწორედ ერთ-ერთ პრობლემას მინდა დავუბრუნდეთ. დაკავებული პირები საუბრობდნენ, რომ ამ ზომამდე იმიტომ მივიდნენ, რომ ანაზღაურება დაბალი იყო და კალათბურთში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენ ამის შესახებ?

- წავიკითხე ვაჟა კვარაცხელიას ეს ნათქვამი კალათბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ის, რომ მძიმე მდგომარეობაა კალათბურთში, დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ყველაფრისა, ცალსახად მიუღებელია ასეთი ფაქტები, ვგულისხმობ თამაშებით მანიპულირებას.

- არჩევნების წესზე რას იტყოდით? როგორც ცნობილია, ერთ სუბიექტს რამდენიმე ხმის უფლება აქვს...

- არჩევნების ჩატარების არსებული წესიც და არჩევნებამდე ფედერაციის მიერ განხრციელებული ქმედებები მიუღებელია.

- დაბოლოს, რას აპირებს მომავალში შიო ხეცურიანი?

- ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას კომპანია "იუჯითი ჯგუფში" და პარალელურად, ქართული კალათბურთის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ვგეგმავ ჩემს თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად.
მკითხველის კომენტარები / 9 /
არჩევნების ბოლო კვირეულში არ იძახოდა ფეხერაცია რომ კალათბურთში ყველაფერი კარგად არისო? შიოს პრიორიტეტებში იყო მსაჯთა პრობლემების მოგვარება რაც გამოჩნდა კიდეც რომ მართლაც სწორედ იყო იდენტიფიცირებული ისევე როგორც სხვა დეტალები. ფედერაციამ ბინძურად ჩაატარა არჩევნები და ეხლა მსაჯებისგან გვიკვირდეს სიბინძურე??

1
რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს კაცმა? არც არაფერი. წავალ და შევექცევი გრეჩიხას, ბოდიში წიწიბურას, რომელიც ძალიან უხდება ქოლესტერინის რეგულაციას.
კო-ტო
16:20 26-12-2017
0

სიახლეები პოპულარული