“წყალტუბომ” მეორე გამარჯვება ქუთაისში კსუ-ს წინააღმდეგ მოიპოვა

AutoSharing Option
"ა" ლიგის მეორე ტური გუშინ ქუთაისში დაიწყო და დღეს თბილისში 2 მატჩით დასრულდება. წყალტუბოელებმა ლიგის დებიუტანტ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ქუთაისში უმასპინძლეს და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 85:81 დაამარცხეს.

სტუდენტური გუნდი დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. "წყალტუბომ" პირველ ტურში თბილისში "არენა 76" დაამარცხა და ამბიციაც მოჭარბებულად აქვს, თუმცა კსუ-სთან საშინაო მატჩში საკმაოდ გაუჭირდა. პირველი პერიოდი სტუმრებმა 23:22 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის სტუდენტები 3 ქულით – 42:39 იგებდნენ.

მესამე პერიოდში "წყალტუბომ" თამაში კი გამოასწორა, მაგრამ ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. ბოლო
პერიოდის წინ იმერული კლუბი 1 ქულას იგებდა და ბოლო წუთებამდე ასე თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. გადამწყვეტ მომენტში წყალტუბოელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს. აღსანიშნავია ამერიკელი ლეგიონერის, ტომას ფინის შედეგიანობა, რომელმაც საჯარიმოებიც ჩააგდო, შედეგიანი გარღვევებიც განახორციელა და "წყალტუბოს" გამარჯვება გაუნაღდა.

ფინი 26 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 15 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა გუჯა ბირკაიამ, ხოლო დავით წივწივაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. ორმაგი დუბლი, 12-12 ქულა-მოხსნა დააგროვა იმერული კლუბის მეორე ამერიკელმა – ჩარლზ ბრონსონმა. კავკასიის უნივერსიტეტის გუნდში 25 ქულით საუკეთესო იყო ვასო კუტალაძე, 23 ქულა და 11 მოხსნა ამერიკელმა რაიან აარონმა მოაგროვა.

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩი გაიმართება. 16:15 საათზე "თბილისი – "ტიტები", ხოლო 18:15-ზე "თსუ-ჰიუნდაი" – "არენა 76".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული