ქართული საკალათბურთო კლუბი "ჰიუნდაი" ბალტიის ლიგის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
ქართული საკალათბურთო კლუბი "ჰიუნდაი" ბალტიის ლიგის გამარჯვებულია. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირის პლეი-ოფის ყველა მატჩი მოიგო, ფინალურ მატჩში ლიტვურ "მაჟეიკიაის" სძლია და ჩემპიონი გახდა.

"ჰიუნდაისთან" ერთად ბალტიის ლიგაში ქართული კლუბი "აკადემია" გამოდიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, აკადემიელები პლეი-ოფში ვერ გავიდნენ და საბოლოოდ მე-11 ადგილს დასჯერდნენ. ტურნირის გათამაშების ფორმატი შემდეგნაირი გახლდათ: პირველ ეტაპზე, მონაწილე 25 გუნდი ორად იყო გაყოფილი. "ჰიუნდაიმაც" და "აკადემიამაც" პირველ ჯგუფურ ეტაპზე 10-დან 6 მატჩი მოიგეს და 13-გუნდიან ჯგუფში მე-5-მე-6 ადგილები გაიყვეს. შესაბამისად, ორივე
მათგანმა მოიპოვა ტოპ-12-ში მონაწილეობის უფლება და თებერვლის თვეში ბალტიის ლიგის მეორე ეტაპზე იასპარეზა.

ტოპ-12-ში გამართული 15 მატჩიდან "ჰიუნდაიმ" 10 მოიგო, ხოლო "აკადემიამ" - მხოლოდ 6 და საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფში გავიდა. "აკადემიამ" პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა და თამაში მე-9-მე-16 ადგილებისთვის განაგრძო და საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ტურნირის მომავალ ჩემპიონს, "ჰიუნდაიმ" 7 აპრილს პლეი-ოფის 2 მატჩი გამართა: მეოთხედფინალში ჯერ ლატვიურ "ვალმეირას" სძლია 39:30 (სტატისტიკის სანახავად დააკლიკეთ ანგარიშზე), ხოლო ნახევარფინალში მოსკოვის "დინამო" 53:36 გაანადგურა. ცნობისთვის, ტოპ-12-ის ეტაპზე მოსკოვურმა გუნდმა 15-დან ყველა შეხვედრა მოიგო და "ჰიუნდაისთან" მოგებასაც გეგმავდა, მაგრამ…

ფინალური მატჩი მართლმადიდებლურ აღდგომას დაემთხვა და "ჰიუნდაიმ" საჩემპიონო ბრძოლა ლიტვურ "მაჟეიკიაის" 49:45 მოუგო. ჰიუნდაელთაგან ნიკოლოზ თოთლაძე 20 ქულით გამოირჩა, ხოლო გეგა წულაიამ 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. თოთლაძე საბოლოოდ ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, წულაიას კი ტურნირის MVP-ის ტიტული ერგო.

"ჰიუნდაის" შემადგენლობა ფინალურ ეტაპზე:
ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, გეგა წულაია, დავით ბეგალაშვილი, სოსო გუგუციძე, გიორგი ჩანტლაძე, დემეტრე მამალაძე, საბა გამცემლიძე, თენგო გოგიშვილი, გაბრიელ ისიანი, ნიკოლოზ თოთლაძე, გერმანე გოგლიჩიძე, დემეტრე ბურჭულაძე

ის, თუ რა დონის ტურნირია ბალტიის ლიგა, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ლიტვურ, ლატვიურ და ესტონურ კლუბებთან ერთად აღნიშნულ ლიგაში ფინური, შვედური, იტალიური, რუსული და ბელორუსული წამყვანი კლუბებიც ასპარეზობენ. ჰიუნდაელებმა სადებიუტო სეზონშივე მოახერხეს ჩემპიონობის მოპოვება, რაც უდიდესი წარმატებაა როგორც ამ კლუბის, ისე მთლიანად ქართული კალათბურთის.

"ჰიუნდაი" და "აკადემია" ლატვიიდან 10 აპრილს დაბრუნდებიან და საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობას გააგრძელებენ.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაარქვით გუნდებს ქართული სახელები!!!....
არტაგი
15:02 12-04-2018
0
გილოცავთ სერიოზულ წარმატებას! სპონსორს--დიდი მადლობა, მაგრამ ცოტა ისეთი სახელი რომ ერქვათ--მთლად კორეელებად რომ არ ჩათვალონ ბავშვები--ვერა?
ფერნანდო
14:26 09-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული