3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ბებერი არწივი" გახდა

AutoSharing Option
3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა გუნდი Old Eagles ("ბებერი არწივები"), რომელმაც 22 ივლისს, "თბილისი მოლში" გამართული ფინალური ტურნირი მოიგო. ილია ლონდარიძემ, რეზო ჩაჩანიძემ, ირაკლი ალხანაიძემ და ზუკა მაჩალაძემ წაუგებლად ჩაატარეს ტურნირი და ფინალურ მატჩში დიდ ბრძოლაში - 21:19 დაამარცხეს გუნდი Old Scholl, რომლის ღირსებასაც კოტე ბიწაძე, გუგა პატაშური, დავით და გიორგი ბარბაქაძეები იცავდნენ.

3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მეხუთედ ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი განათლების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროა. Geotour 2018-ის შესარჩევი ტურნირები 10 ივნისს თბილისიდან დაიწყო და კიდევ 4 ქალაქში - ყვარელში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართა. აღნიშნული ტურნირების შედეგად შეირჩა 12 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც "თბილისი მოლში" ფინალურ ტურნირში იასპარეზეს.

12 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა, ხოლო თითოეულიდან 2-2 საუკეთესო პლეი-ოფში გავიდა. მეოთხედფინალში "მაკაბიმ" And1-ს მოუგო, "ბებერმა არწივმა" "შოვი" დაამარცხა, "ძველმა სკოლამ" Damn-ს აჯობა, ხოლო Jumpman-მა "რუსთავზე" იძალა. ნახევარფინალურ მატჩებში "ბებერმა არწივმაც" და "ძველმა სკოლამაც" იოლად მოიგეს და ფინალში "თბილისი მოლში" მყოფ მაყურებელს საინტერესო დაპირისპირება წარმოუდგინეს. შეხვედრა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა ძველმასკოლელებმა ანგარიში 19:19-ზე გაათანაბრეს. გადამწყვეტ მომენტში "ბებერი არწივების" მოთამაშეებმა იყოჩაღეს და 40 წამის პერიოდში ჩაგდებული 2 ბურთით გამარჯვების მომტან ნიშნულს - 21-ს უწიეს.

Sportall.Ge

ლეგენდარული სტუმრები
"თბილისი მოლში" გამართულ ფინალს მსოფლიო დონის ვარსკვლავები დაესწრნენ. ამერიკის საელჩოს მოწვევით, საქართველოში იმყოფებიან ვეტერანი ამერიკელი ქალი კალათბურთელები - რუთი ბოლტონი და შერი სემი. ბოლტონი გახლავთ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც 1996 და 2000 წლების ოლიმპიადებზე აშშ-ის ნაკრებში ოქრო მოიგო. შერი სემს რაც შეეხება, მან "სიეტლისა" და "დეტროიტის" შემადგენლობაში ორჯერ მოიგო ქალთა ნბა.

რუთი ბოლტონმა და შერი სემმა ჯერ ინტერვიუები დაარიგეს, შემდეგ კი, ნახევარფინალებს შორის სახალისო გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობდა. ფინალური ტურნირის დამსწრე აუდიტორიიდან 4 მოხალისე გოგონა მოედანზე გავიდა და ბოლტონისა და სემის გუნდებში გადანაწილდა. ისინი ერთმანეთს საჯარიმოს სროლებში შეეჯიბრნენ. ყველა მონაწილემ Geotout2018-ის ბრენდული მაისურები მიიღო, ხოლო გამარჯვებულ გოგონას 3×3 კალათბურთის სათამაშო Molten-ის ოფიციალური ბურთი და ოლიმპიური ჩემპიონის - რუთი ბოლტონის ბიოგრაფიული წიგნები გადაეცა.

მოგვიანებით, რუთიმ და შერიმ ჟიურის წევრების რანგში მონაწილეობა მიიღეს ჩატენვების კონკურსში, ასევე, საქართველოს ჩემპიონებისა და პრიზიორების დაჯილდოების ცერემონიალში.
Sportall.Ge

ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსები
სნაიპერთა კონკურსში ნახევარფინალში გასული გუნდების თითო წარმომადგენელი მონაწილეობდა:
  • ბებერი არწივი - რეზო ჩაჩანიძე
  • ძველი სკოლა - გიორგი ბარბაქაძე
  • მაკაბი - მაიზერ რევაზაშვილი
  • Jumpman - დავით დადუნაშვილი

მოთამაშეებს ჯამში 5 ბურთი უნდა ესროლათ: 3 - სამქულიანის ნიშნულიდან და 2 - კიდევ უფრო შორიდან. მაქსიმალური შესაძლებელი 7 ქულიდან 6 მოაგროვა და კონკურსის გამარჯვებული გახდა გიორგი ბარბაქაძე.

ჩატენვების კონკურსს 3 მონაწილე და ჟიურის ხუთი წევრი ჰყავდა. ერთმანეთს ეფექტურ გდებებში გუგა პატაშური, კოტე ბიწაძე და დავით დადუნაშვილი შეეჯიბრნენ. ჟიურის წევრების - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის, მისი მრჩევლის - ზაზა ღონღაძის, ნაძალადევის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის - მიხეილ ამაშუკელის, საპატიო ამერიკელი სტუმრების - რუთი ბოლტონისა და შერი სემის გადაწყვეტილებით, ჩატენვების კონკურსში გამარჯვებული გახდა დავით დადუნაშვილი.
Sportall.Ge

დაჯილდოების ცერემონიალი
ტურნირის დასრულების შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიალი ფინალში დამარცხებული "ძველი სკოლით" დაიწყო. კოტე ბიწაძეს, გუგა პატაშურს, დავით და გიორგი ბარბაქაძეებს მედლები და სიგელები გადასცა აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ და ნაძალადევის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ამაშუკელმა.

საქართველოს ჩემპიონებს - ილია ლონდარიძეს, ზუკა მაჩალაძეს, რეზო ჩაჩანიძეს და ირაკლი ალხანაიძეს მედლები, სიგელები და 2000-ლარიანი ვაუჩერი გადასცეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების უფროსმა გიგა გურგენიძემ და ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა ზაზა ღონღაძემ.

სამქულიანების კონკურსის ჩემპიონი გიორგი ბარბაქაძე თასით, შესაბამისი დიპლომითა და Molten-ის ოფიციალური ბურთით ვეტერანმა კალათბურთელებმა - გივი ბიჭიშვილმა, რუთი ბოლტონმა და შერი სემმა დააჯილდოეს.

ფინალურ ტურნირს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი, რომელმაც ჩატენვების კონკურსში გამარჯვებულ დავით დადუნაშვილს სპეციალურ პრიზთან ერთად Molten-ის ოფიციალური ბურთი გადასცა.

ანალოგიური პრიზები ერგო ფინალური ტურნირის MVP-ს, რეზო ჩაჩანიძეს. საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული "ბებერი არწივის" წევრი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიგა ქართველიშვილმა დააჯილდოვა.

დაბოლოს, "ბებერი არწივების" კაპიტანს საჩემპიონო თასი, ხოლო გუნდს რუმინეთის წარმომადგენლობითი ტურნირის საგზური გადასცეს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული