კალათბურთის ფედერაციამ ბავშვთა კალათბურთის განვითარებისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი, მოზარდ კალათბურთელებზე გათვლილი პროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმად, იმ გუნდებს, რომლებიც წარმატებით იასპარეზებენ 12-13 წლამდელთა შიდაჩემპიონატში (Junior NBA), საერთაშორისო ტურნირში სამონაწილეოდ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან თანადაფინანსებას მიიღებენ.

ფედერაციამ პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეეწყოთ მოზარდი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებულ წარმატებულ გუნდებს, რათა მათმა წევრებმა საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილება მიიღონ და სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან თამაშით მეტი კონკურენციის პირობებში განაგრძონ განვითარება.

განხორციელებაც უკვე დაიწყო. გასული სეზონის Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან
ბალტიის ლიგაში ასპარეზობისთვის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა “ბათუმმა” საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაზე უარი განაცხადა, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანმა “იბერი ბასკეტ თბილისმა” ასევე მიიღო ფედერაციის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება და ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 18-21 ოქტომბერს საწყისი ტურის მატჩები ჩატარდა.

“ზაზას აკადემიამაც” და “იბერი ბასკეტ თბილისმაც” იდენტური შედეგი აჩვენეს. ორივემ 5 მატჩიდან 4 შეხვედრა მოიგო და რეგულარული ჩემპიონატის ცხრილში დაწინაურდა. მთლიანობაში, ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. “ზაზა” “ა” ჯგუფშია, ხოლო “იბერი ბასკეტ თბილისი” – “ბ”-ში. შესაბამისად, ორივე მათგანი რეგულარული ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 15 მატჩს გამართავს, რის შემდეგაც საუკეთესოები ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირი თბილისის “ჰიუნდაიმ” მოიგო, რომელიც ტურნირში საკუთარი სახსრებით მონაწილეობდა. “ჰიუნდაი” წლევანდელ გათამაშებაში ისევ საკუთარი ფინანსებით მონაწილეობს. ბალტიის ლიგაში გასულ წელს აგრეთვე მონაწილეობა მიიღო საკალათბურთო კლუბმა “აკადემიამ”.

“ზაზა”, “იბერი ბასკეტ თბილისი” და “ჰიუნდაი” აგრძელებენ ბალტიის ლიგაში ასპარეზობას და მორიგი ტურების სათამაშოდ ბალტიისპირეთში 25-27 იანვარს და 15-17 მარტს გაემგზავრებიან. 5 მატჩიდან 4 გამარჯვებით “ზაზა” “ა” ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ხოლო 5-დან 3 მოგებით “ჰიუნდაი” მე-5 პოზიციაზე იმყოფება. “იბერი ბასკეტ თბილისი” “ბ” ჯგუფშია და 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მე-3 ადგილზეა. ბალტიის ლიგის მატჩების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ხორციელდება ლიგის Youtube-ის არხზე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აპირებს, დახვეწოს გუნდებისთვის თანადაფინანსების კრიტერიუმები, თუმცა, სანამ ეს მოხდება, დაფინანსების განმსაზღვრელი იქნება “ჯუნიორ NBA-GBF” ლიგა, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად 12 და 13 წლის მოზარდებისგან დაკომპლექტებული 50-ამდე გუნდი მონაწილეობს.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეს კალათბურთის ფედერაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

პაატა გურასპაული (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთის განვითარებისთვის. ბავშვებს შანსი ეძლევათ მიიღონ მათთვის საჭირო გამოცდილება საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობით. იქაური კონკურენციის პირობებში დახვეწონ და განავითარონ ის უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი ჩამოყალიბებისთვის და გაზრდისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის და არა რომელიმე გუნდის შედეგი და მიღწევები ტურნირზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულო იქნება, თუმცა მთავარი ბავშვთა კალათბურთის განვითარებაა. ამჟამად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროექტი უფრო დავხვეწოთ და გავაფართოვოთ. კერძოდ, სამომავლოდ ჯუნიორ ნბა-ს გარდა, ასეთი შესაძლობლობები და თანადაფინანსება, წინასწარ შემუშავებული ქულების სისტემით, მიეცემათ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საკალათბურთო სკოლებსა და კლუბებს. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ქართული კალათბურთის განვითარებას. მსურს მადლობა გადავუხადო ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების მენეჯერს გივი სანაძეს, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბორდის წევრია და რომელმაც ბალტიის ლიგის საორგანიზაციო და საკომუნიკაციო საკითხებში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. აგრეთვე, მადლობას გადავუხდი ფედერაციის მენეჯერთა გუნდის წევრებს გიორგი ბუცხრიკიძეს და შალვა ონიანს.

დავით მუმლაძე (ზაზა ფაჩულიას აკადემიის წარმომადგენელი, მწვრთნელი):
მადლობას გადავუხდი ფედერაციას და მივესალმები ასეთ წამოწყებას. ეს პროექტი ძალიან ეხმარება ბავშვებს განვითარებაში – იცვლიან ატმოსფეროს, იღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და ეჩვევიან მათთვის უცხო გარემოში და პირობებში ასპარეზობას და ცხოვრებას.

ამროსი ორმოცაძე (ს/კ „იბერის“მთავარი მწვრთნელი): ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ბალტიის ლიგაში კალათბურთის ფედერაციის თანადაფინანსებით. ჩვენი ასპარეზობა წარმატებული გამოდგა და უკვე ვემზადებით მომდევნო ტურისთვის. რაც შეეხება ამ ბავშვების მონაწილეობას და კალათბურთის განვითარებას, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარება ბავშვებს ჩამოყალიბებასა და წინსვლაში.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული