"რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამის" მორიგი ეტაპი თელავში ჩატარდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ასაკობრივი ნაკრებების დეპარტამენტისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, გასულ თვეში დაწყებული კალათბურთის განვითარების პროგრამა კახეთში გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა რეგიონებისთვის ხორციელდება, რათა მოხდეს რაიონებში კალათბურთის მწვრთნელთა დონის ამაღლება და მუშაობისა და წვრთნის თანამედროვე მიდგომების დანერგვა. პროგრამა ხორციელდება კალათბურთის რეგიონალურ ფედერაციებთან თანამშრომლობით.

პროგრამის განხორციელება ქვემო ქართლიდან დაიწყო, გასულ უქმეებზე კი კახეთის რეგიონი მოიცვა. 8 და 9 დეკემბერს, თელავის სპორტსკოლის დარბაზში საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა საკალათბურთო კემპი ჩაატარა.

გლიგორიევიჩი გახლავთ ჩვენი ფედერაციის
მიერ მოწვეული სერბი მწვრთნელი, რომელიც 2 წელია, საქართველოშია და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ახმარს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. თელავში გამართულ კემპს დაესწრნენ მისი ორგანიზატორები, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი შალვა ონიანი და კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო იაგორაშვილი.

კემპში მონაწილეობა მიიღეს კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქის 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა მოზარდებმა და ამ ქალაქების კალათბურთის მწვრთნელებმა. 2 დღის მანძილზე, კემპში დაახლოებით 120 მოზარდი ჩაერთო. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორე მხრივ - ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორად დაგეგმარების პრეზენტაცია, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების ჩვენება. კემპზე დამსწრე მწვრთნელებს აღნიშნულ თემატიკაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული სპეციალური ბროშურები დაურიგდათ.

კემპის მსვლელობისას დამსახურებული მწვრთნელი, თელავში არაერთი თაობის აღმზრდელი ნოდარ იანქოშვილი 70-წლიან იუბილესთან დაკავშირებით საპატიო სიგელითა და ეროვნული ნაკრების სიმბოლური მაისურით დაჯილდოვდა. იუბილარს საჩუქარი მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ავალიშვილმა გადასცა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა, ამ კუთხით ნებისმიერ საკალათბურთო სკოლასთან ითანამშრომლოს და მათი სურვილის შემთხვევაში კომპეტენტური სპეციალისტები მიავლინოს კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა გაგრძელდება და საკალათბურთო კემპის ჩასატარებლად საორგანიზაციო კომიტეტის მიერ კონკრეტული რეგიონი შეირჩევა.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესანიშნავი დასაწყისია, ეს ერთი და სხვა მრავალი.
ხვიჩა
18:30 11-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული