საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალის ფინალში "დელტა" და "თსუ-ჰიუნდაი" შეხვდებიან

AutoSharing Option
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალში ერთმანეთს თბილისური გუნდები – “დელტა” და “თსუ-ჰიუნდაი” შეხვდებიან. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი თსუ-ჰიუნდაელები სუპერლიგის დებიუტანტები არიან, “დელტა” კი უმაღლეს ლიგაში მეორე სეზონს ატარებს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ფინალს თამაშობს. “დელტამ” სეზონის დასაწყისში დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის ფინალი მოიგო, 8 თებერვალს კი ქორქია-საკანდელიძის მემორიალში გამარჯვებასაც ეცდება.

დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. პირველ შეხვედრას, რომელშიც “კაკტუსი” და “ოლიმპი” შეხვდნენ, სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელო იყო. ორივე
გუნდს გასული მატჩები წაგებული ჰქონდა და ტურნირის ბოლო მატჩში პრესტიჟისთვის თამაშობდნენ.

“ოლიმპის” მწვრთნელმა, დიმიტრი ჯაკობოვმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მარკ ოგდენი დაასვენა, დანარჩენებზე კი სათამაშო დრო მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. აქედან გამოჩნდა, რომ მატჩის შედეგს ოლიმპელთათვის ჩვეულებრივზე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვება “კაკტუსს” დარჩა, რომელმაც პირველი პერიოდი 18:27 დათმო, თუმცა მომდევნო პერიოდებში (26:10, 20:11) იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა – 85:71.

“კაკტუსს” 19 ქულით დელანო სპენსერმა ულიდერა. 15 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი მიითვალა ლუკა ზაქრაძემ, 12 ქულა კი ოთარ ამონაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. “ოლიმპში” 26 ქულით საუკეთესო რეჯი ბეიჯერი. 10 ქულა ჩარლზ ბენეტის ანგარიშზეა.
კაკტუსი – ოლიმპი 85:71

მეორე მატჩის მონაწილეებს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, თუმცა შეხვედრის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. “დინამოსა” და “მგზავრების” მატჩი ამ უკანასკნელს რომ მოეგო, ამ ჯგუფის დანარჩენი წევრების – “ბათუმისა” და “დელტას” დაპირისპირებაში ზღვისპირელებს ჯგუფიდან გასასვლელად ნებისმიერი სხვაობით გამარჯვება ჰყოფნიდა. ხოლო თუ “დინამო” იმარჯვებდა, “ბათუმს” “დელტა” ფინალში რომ არ შეეშვა, 22 ქულით უნდა დაემარცხებინა.

გაიმარჯვა “დინამომ” – 84:61, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავდა, რომ პირველი ფინალისტი “დელტა” გახლდათ. დინამოელებს 20 ქულით და 9 პასით რეჯერ დოუელმა ულიდერა. 21 ქულა დააგროვა ჯორდან სვოპშირმა, ხოლო 16 – დემაგოი ბუბალომ. “მგზავრებში” 11 ქულთა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ირაკლი ბეშქენაძე. 12 ქულა დააგროვა რეზო ჩაჩანიძემ. “მგზავრებმა” შეხვედრა ლიდერების – ადრიან ბოუის, კახა ჯინჭარაძის და ჯეიკობ არმსტრონგის გარეშე ჩაატარა.
დინამო – მგზავრები 84:61

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მას შემდეგ, რაც “დინამომ” “მგზავრებს” მოუგო, ფაქტობრივად გადაწყდა, რომ “ფინალში “დელტა” გავიდოდა. ესე რომ არ მომხდარიყო, “ბათუმს” დელტელები 22 ქულით უნდა დემარცხებინა და ფინალში თავად გავიდოდა, თუმცა ამ გუნდებს შორის რეალურად ამხელა სხვაობა არაა და ეს თავად შეხვედრამაც დაადასტურა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 82:82 დასრულდა, დამატებით დროში კი “დელტამ” ქულით იმარჯვა და შეხვედრა 94:93 მოიგო. ფინალისტებს 17 ქულით და 10 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. 15 ქულა და 10 პასი ოთარ ფხაკაძის ანგარიშზეა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა მალკოლმ დრამრაითმა. “ბათუმში” 39 ქულ, 8 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა ქეისი შეპარდს. 16 ქულა და 8 მოხსნა სტეფან ანდრეევიჩის ანგარიშზეა.
ბათუმი – დელტა 93:94

დაბოლოს ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა, რომელსაც მეორე ფინალისტი უნდა გაერკვია. როგორც თავში ვთქვით, სატიტულო მატჩში “თსუ-ჰიუნდაი” გავიდა, რომელმაც ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ბოლო 3 წლის უცვლელი ჩემპიონი ჩემპიონი “ქუთაისი” 91:80 დაამარცხა.

მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საბოლოოდ დაფიქსირებული 11-ქულიანი სხვაობა რეალურად არ ასახავს იმ ბრძოლას, რაც მატჩის მანძილზე მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 3:45 წუთით ადრე ანგარიში მხოლოდ მინიმალური სხვაობა (74:73) იყო სტუმართა სასარგებლოდ. შეხვედრის დასკვნითი წუთები ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა უკეთ ჩაატარა. ჯეიმს მილიკენის, ვიკტორ ნიკერსონისა და გიორგი კორსანტიას ჩაგდებული ბურთების შემდეგ “თსუ-ჰიუნდაიმ” გასამარჯვებლად საკმარისი უპირატესობა მოიპოვა – 88:80.

დარჩენილ 1 წუთში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს და პირველად, საკუთარ კედლებში გამართული მემორიალის ფინალი მათ გარეშე ჩაივლის. თსუ-ჰიუნდაელებს 23 ქულით ჯეიმს მილიკენმა ულიდერა. 16 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა გიორგი კორსანტიამ, 13-13 ქულა კი რატკო პეტრიჩისა და კორი სანდერსის ანგარიშზე დაგროვდა. ამ უკანასკნელმა, რომელიც “ა” ლიგის ბინადარ “მეგა ბასკეტის” წევრია და “თსუ-ჰიუნდაის” მხოლოდ მემორიალზე ეხმარება, 8 პასიც მიითვალა. სანდერსი ფინალის შემდეგ თავის გუნდ “მეგა ბასკეტს” დაუბრუნდება. “ქუთაისში” 18 ქულით დეჟუან რაიტი გამოირჩა. 13 ქულა ჰქონდა აკაკი ლომოურს.
თსუ-ჰიუნდაი – ქუთაისი 91:80

ფინალური მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 8 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო თსუ! უნივერსიტეტს კარგი გუნდი გაუკეთებია, წარმატებები ფინალში!
Jeko
02:47 07-02-2019
1

სიახლეები პოპულარული