"დინამო" ქალთა საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია

AutoSharing Option
ფოტო:gbf.ge

ქალთა ლიგის გამარჯვებული გახდა თბილისის "დინამო", რომელმაც ფინალურ მატჩში "ზაზას აკადემია" დამაჯერებლად დაამარცხა- 75:58. ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ ქალთა კალათბურთის კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

ფინალური მატჩი დაძაბულ ბრძოლაში დაიწყო. პირველი პერიოდი თანაბრად მიდიოდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა წინ გაჭრა. მხოლოდ ათწუთეულის მიწურულს მოიპოვეს დინამოელებმა მცირე უპირატესობა - 23:20. მეორე პერიოდიდან ნატალია ოთხმეზურის, ანა ქავთარაძის, ვიქტორია გეგეშიძისა და ელენე ილურიძის ლიდერობით "დინამომ" უპირატესობა მოიპოვა და 10 ქულით მოგებული მეოთხედის შემდეგ დიდ შესვენებაზე სოლიდური სხვაობით გავიდა - 48:35.

მესამე პერიოდში მატჩის ბედი გაირკვა. დინამოლებმა მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს და როცა ანგარიშში სხვაობა 20 ქულას მიუახლოვდა, ჩემპიონის ვინაობაც ცხადი გახდა. შოთა იაქაშვილის და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა "დინამომ" საბოლოოდ 75:58 მოიგო და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული შეინარჩუნა.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე მეორე ადგილზე გასული ზაზას აკადემიელები ვერცხილს მედლებით ქალთა კალათბურთის კავშირის პრეზიდენტმა ნინო ყიფშიძემ დააჯილდოვა. დინამოელებს ოქროს მედლები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ქალთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალენტინ დერიუგინმა გადასცა. მანვე დააჯილდოვა გამარჯვებულები საჩემპიონო თასით, რომელიც დინამოელთა კაპიტანმა, ნატალია ოთხმეზურმა ჩაიბარა.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული