სალომე ზურაბიშვილი "ევრობასკეტის" საზეიმო ღონისძიებაზე: ევროპა შემოდის საქართველოში

AutoSharing Option
ლისის ტბაზე "ევრობასკეტის" მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალათბურთელებსა და ქართული სპორტის გულშემატკივრებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე.

"მინდა მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება. საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დიდი გამარჯვება, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის.

მე მსურს ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

კონკურენცია იყო ძალიან მძიმე და 13 ქვეყანას
შორის იყოს ძალიან მძაფრი. საბოლო ჯამში არჩევანი გაკეთდა გერმანიაზე, ჩეხეთზე, იტალიასა და საქართველოზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა იცოდეთ, რომ ეს წარმატება არ მოსულა ერთ დღეში.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ეს გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ამავე დროს, ამავე ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში, ავაშენებთ ახალ, 15 ათას მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს და დარწმუნებული ვარ, ეს სასახლე გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ჩვენ ვხდებით ერთ-ერთი ევროპის ქალაქი, როგორც სხვა ევროპული ქალაქები. ჩვენ ვუმასპინძლებთ "ფიბას" ნაწილ თამაშებს და არა საბოლოოს, რაც ჩატარდება გერმანიაში, მაგრამ როგორც იტალია, როგორც ჩეხეთი, ისე საქართველო, როგორც სხვა ევროპული ქვეყანა, იქნება მასპინძელი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში. ასეთი დიდი ნაბიჯი მართლაც მოსალოცია მთელი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოსალოცია, რადგან ეს იქნება "ევროპის დონის ინფრასტრუქტურა საქართველოში".

"მე ვიყავი მიუნხენში და ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც მოხდა მიუნხენში და მე მგონია, ყველანი ამაყები ვართ იმით, რაც მოხდა მიუნხენში. ეს არის დამსახურება ფედერაციის, ჩვენი კალათბურთელების და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში წლების მანძილზე. მე ვიგრძენი პასუხისმგებლობა, როცა იქ დავპირდი, რომ ვიქნებოდი ზედამხედველი იმისი, რაც მოხდებოდა. ასე რომ, ბატონო პრემიერო, ბატონო ქალაქის მერო, ბატონო მინისტრო, ერთად ვართ ყველანი პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ეს არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა, რაც უნდა აშენდეს, მართლაც დროულად უნდა იყოს დაწყებული და დროულად დამთავრებული. მე მინდა მოგილოცოთ, რომ გვექნება ევროპის დონის ინფრასტრუქტურა საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის ტურნირში გამარჯვება მიულოცა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სპორტი საზოგადოების ჯანსაღი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია.

"სპორტი არის საზოგადოებისთვის, მისი ჯანსაღი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და ნიკოლოზ ბასილაშვილსაც მივულოცო მისი გამარჯვება. ეს მაგალითები, თქვენი მაგალითები, მისი მაგალითი, არის ის, რაც დაარწმუნებს ახალგაზრდობას, რომ სპორტის გარეშე ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს და მათ ვუსურვებ ბედნიერ ცხოვრებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა "ევრობასკეტის" მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე ის ფაქტორები გამოჰყო, რამაც მისი ხედვით, საქართველო "ევრობასკეტის" მასპინძელი ქვეყანა გახადა.

"მართლაც უდიდესი მიღწევაა და ამ მიღწევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავისთავად, პირველ რიგში, ფედერაციას, რომელმაც უზარმაზარი მუშაობა გასწია; მეორე რიგში, ეს არის უზარმაზარი დამსახურება ჩვენი ბიჭების, რომლებმაც 4-ჯერ ზედიზედ მართლაც უზარმაზარი წარმატებით, უზარმაზარი სიამოვნება მოგვანიჭეს ყველა თამაშით და ეს დამსახურება ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, რაც საქართველომ მოიპოვა.

მესამე: მე მინდა გამოვყო ქართველი გულშემატკივრები, იმიტომ, რომ გულშემატკივრებმა ისეთი შედეგი აჩვენეს, თვითონ "ფიბას" რამდენიმე რეკორდიც კი მოხსნეს დასწრების კუთხით.

ეს შედეგი ყველას ერთიანი დამსახურებაა და ვფიქრობ, 2021 წელი იქნება უმნიშვნელოვანესი წელი, რომელსაც ელოდება ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარი.

ეს არის პასუხისმგებლობა, ყოველდღიური სამუშაო, რომელიც გულისხმობს როგორც ჩვენი ნაკრებისა და ფედერაციის მხარდაჭერას, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა, როგორც ავიღეთ, ასევე მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენს დედაქალაქში იქნება რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა არა მარტო კალათბურთის, არამედ სპორტის ბევრი სხვა სახეობისთვისაც.

მე მინდა ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამაში და წარმატება გისურვოთ და ჩვენს ბიჭებს ვუსურვოთ წარმატება 2021 წელს", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ქვეყნის პოპულარიზაციას და სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ვუერთდები მილოცვებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში, ტარდება 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში.

ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და რა თქმა უნდა, სპორტის განვითარებას. მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რადგან მე გამოვლილი მაქვს და ვიცი, თუ რას ნიშნავს, იყო სპორტსმენი, თუ რამდენი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას, მაგრამ ერთია მონდომება, ერთია თავდაუზოგავი შრომა, მაგრამ სპორტსმენები, ჩემი მეგობრები, კალათბურთელები დამეთანხმებიან, რომ ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია იყოს ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ სპორტის განვითარებას, სპორტის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელი შეუწყოს და ამის უამრავი მაგალითია იმ განხორციელებული პროექტებით, რომლებსაც მთლიანად ქვეყანაში ვახორციელებთ", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაც, რაც მისი თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული პროექტი იქნება.

"ასევე მნიშვნელოვანი ის, რომ 2021 წლისთვის დედაქალაქში, როგორც ბატონმა პრემიერმა მოგახსენათ, 15 000 მაყურებელზე, ახალი სპორტის სასახლე აშენდება და ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში იქნება ყველაზე მასშტაბური სპორტული პროექტი - სპორტის სასახლე და ასევე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც ძალიან მალე იქნება დამთავრებული. მე, როგორც ამ ქვეყნის შვილს, დედაქალაქის მერს, რიგით მოქალაქეს, მეამაყება, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ჩვენ, ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ და ამ ნიჭს სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა, რაც გამოიხატება იმ პროექტებით, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კალათბურთელები მიაღწევენ ძალიან დიდ წარმატებას", - განაცხადა კალაძემ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს მახიონჯი პოლტიკაა რომ ანგრევს ქვეყანას და მის ეკონომიკას.მალე მხოლოდ ქალაქი თბილის დარგჩებათ მთელს სახელმწიფოდ.
თბილისის სპორტის სასახლეები აკლია? ეს უნდა აშენებულიყო ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში ან სამტრედიაში. ყველაზე უპრიანი და გამართლებული როგორც საკალათბურთო ქალაქისათვის იქნებოდა ქუთაისში.
Jango
31 ივლისი 2019 12:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული