მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

ჭეშმარიტი პროფესიონალი - თუკი რომელიმე ქართველი კალათბურთელი, თუნდაც სპორტსმენი ამ ეპითეტით შეიძლება მოვიხსენიოთ, ერთ-ერთი პირველი მანუჩარ მარკოიშვილია.

კალათბურთელმა, რომელმაც საკუთარი მონდომებით, მიზანდასახულობით, ყოველდღიური შრომითა და თავდადებით კარიერაში უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, სათამაშო კარიერა დაასრულა.

დიახ, სათამაშო კარიერა, რადგან ტრავმა, რომლის ტკივილიც თითქმის მთელ მის კარიერას მძიმე ტვირთად გასდევდა, მანუჩარს მოედანზე გასვლის საშუალებას აღარ აძლევს.

მარკოიშვილი პარკეტზე სათამაშოდ აღარ გავა, თუმცა კალათბურთში დარჩება და ცხოვრების ბოლომდე სპორტის ამ სახეობას, სავარაუდოდ, ისევე უერთგულებს, როგორც 15-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, როცა ჯან-ღონით სავსე
თუ ტკივილგამაყუჩებლებით, ის ყოველთვის მოსაგებად შემართული გადიოდა სათამაშოდ და მოედანზე ტოვებდა ყველაფერს, რაც გააჩნდა.

მანუჩარ მარკოიშვილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველია, რომელმაც ევროლიგაში ითამაშა. 2002 წელს ის 16 წლის იყო, როცა იტალიური "ბენეტონის" შემადგენლობაში ევროპის უძლიერეს ლიგაში შეაბიჯა და ამ სუპერტურნირის ფინალში ლეგენდარულ დეიან ბოდიროგას მეურვეობდა.

15 წლის მანუჩარი ბათუმის "ბასკოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და აქედან დაიწყო მანუს ევროპული ოდისეა. იტალია, გერმანია, სლოვენია, უკრაინა, თურქეთი და რუსეთი - ამ ქვეყნების წამყვან კლუბებში მანუჩარმა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული მოიგო. და მთავარი, რაც მანუჩარ მარკოიშვილმა მოიგო, ქართველი გულშემატკივრის გულია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გახლდათ ის ასპარეზი, სადაც მარკოიშვილი განსაკუთრებული მონდომებით იხარჯებოდა და თანაგუნდელებთან ერთად ქართველ ქომაგებს წლების მანძილზე აღაფრთოვანებდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უზომოდ მადლიერია და ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით მადლობას ეუბნება მანუჩარ მარკოიშვილს იმ თავდადებისთვის, რასაც ის მთელი კარიერის მანძილზე იჩენდა ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში თამაშის დროს. სასიხარულოა, რომ მანუჩარ მარკოიშვილს გადაწყვეტილი აქვს კალათბურთში დარჩენა და საკუთარი მდიდარი და ფასდაუდებელი გამოცდილების ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება.

სამწუხაროა, რომ მისი თაობის წარმომადგენლებს ნელ-ნელა უწევთ აქტიური კარიერის დამთავრება. ცოტა ხნის წინ სათამაშო კარიერა დაასრულა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ, ხოლო მანუჩარის მსგავსად, ტრავმა გახდა ამ თაობის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, ვიქტორ სანიკიძის თამაშისთვის თავის დანებების მიზეზი. ამ მოთამაშეების ღვაწლი განუზომლად დიდია საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში და მათ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღირსეულ პატივს მიაგებს.

მადლობა, მანუ, მადლობა, ბიჭებო!

მანუჩარ მარკოიშვილი

დაიბადა: 17 ნოემბერი, 1986
სიმაღლე: 197 სმ
წონა: 95 კგ

2000-02 - ბათუმის "ბასკო" (საქართველო)
2002003 - "ბენეტონი", ტრევიზო (იტალია)
2003 - "მიტელდოიჩერი" (გერმანია)
2004 - "ბენეტონი", ტრევიზო (იტალია)
2004-07 - "ოლიმპია", ლიუბლიანა (სლოვენია)
2007-09 - "კიევი" (უკრაინა)
2009-13 - "კანტუ" (იტალია)
2013-14 - "გალათასარაი" (თურქეთი)
2014-15 - ცსკა მოსკოვი (რუსეთი)
2015-17 - "დარიუშაფაქა" (თურქეთი)
2017-18 - "რეჯინა" (იტალია)

მიღწევები

VTB ლიგის მფლობელი (2015)
თურქეთის ჩემპიონი (2013)
FIBA Europe ჩემპიონი (2004)
იტალიის სუპერთასის მფლობელი (2012)
იტალიის სუპერთასის MVP (2012)
ადრიატიკის ლიგის All-Star (2007)
2-გზის სლოვენიის ჩემპიონი (2005-06)
2-გზის სლოვენიის თასის მფლობელი (2005-06)
იტალიის ჩემპიონი (2003)
იტალიის თასის მფლობელი (2003)
2-გზის საქართველოს ჩემპიონი (2001-02)

საქართველოს ნაკრები

52 მატჩი
1577 წუთი (30.3)
627 ქულა (12.1)
173 მოხსნა (3.3)
111 პასი (2.1)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარი გულიანი მოთამაშე, ნამდვილი ქართველი! მადლობა, მანუ! ერთს გთხოვ, შენნაირები ახალგაზრდები გამოზარდე, რა, ძმურად!..
ქუთაისელი
18 სექტემბერი 2019 14:10
0
ერთი მეორის მიყოლებით სტოვებენ აქტიურ სპორტს ამ მართლაც ოქროს თაობის ბიჭები და ვხედავთ,მათ უკან სიცარიელეა.ცალკეული ვარსკვლავები ერთიან დაბალ დონეს კი ალამაზებენ,მაგრამ სიცარიელეს სანახევროდ თუ ავსებენ.ალბათ აუცილებელია რაღაცა მიზნობრივი პროექტის შექმნა,რომელიც გამოზრდის რამდენიმეკაციან ჯგუფს და მიიყვანს საბოლოო მიზნამდე.ეს ამართლებს რაგბიში,წყალბურთში,ხელბურთში და იმედია კალათბურთიც არ იქნება გამონაკლისი.ამ პროცესის ცალკეულ უცხოური კლუბების იმედზე მიგდება,არა მგონია სწორი იყოს.
მანუს და მის თანამებრძოლებს დიდ მადლობას ვუხდი იმ უზარმაზარი სიხარულის და სიამაყის გამო,რასაც მათი შემხედვარე ვგრძნობდით და ვფიქრობ, დაიმსახურეს საზეიმო გაცილება.იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ არ შეიძლება მათი,ჩვენთვის უნიკალური,ევროპული ცოდნა გამოცდილების დაკარგვა.თუ ლიცენზიები არა აქვთ,ფედერაციამ უნდა უზრუნველჰყოს მათა გადამზადება,ხოლო თუ აქვთ ლიცენზიები დაასაქმონ ქართულ კალათბურთში.ეს ისეთი ბერკეტია,რომელიც აუცილებლად ასწევს მაღლა ქართული კალათბურთის დონეს.
სოსო
18 სექტემბერი 2019 13:32
0
ჯიგარი ხარ მანუ გმერტი გპარავდეს
LEKSO KUTAISI
18 სექტემბერი 2019 13:25
0
მადლობა მანუ
lsd
18 სექტემბერი 2019 08:50
0
მადლობა მანუ.... შენ ნამდვილი მებრძოლი და პროფესიონალი იყავი...მადლობა თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და თავდადებისთვის, მიუხედავად ტკივილებისა და ტრავმებისა..
შენ ყოველთვის დარჩები ნამდვილი ქომაგის გულებში...
წარმატებები ცხოვრების გზაზე!!!
მიროსან
17 სექტემბერი 2019 19:38
0
გვიყვარდი და ტაშს გიკრავდით!. მადლობა მანუ!
ჯეკო
17 სექტემბერი 2019 16:29
0
დიდი მადლობა მანუ. ძალიან საწყენია რომ ევრობასკეტზე ვეღარ დაეხმარები ჩვენს ნაკრებს. მადლობა თავდადებისათვის, გისურვებ წარმატებას პირად ცხოვრებაში და იმედი მაქვს თუ კალათბურთში დარჩები, ისევ შენ დიდ წვლილს შეიტან ქვეყნის კალათბურთის განვითარებაში.
Geo_Dinamo
17 სექტემბერი 2019 16:28
0
მანუ, მანუ, მანუ !!!!
DAVE
17 სექტემბერი 2019 16:22
0
მანუ, ზაზა, ცინცა... მაგ თაობის ერთი გამოსათხოვარი მატჩი კაი იქნებოდა
...
17 სექტემბერი 2019 16:20
0
მართლაც რომ ოქროს თაობა, თავდაუზოგავი თამაში ნაკრებში, მადლობა მანუ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს ცხოვრებაში და ქვეყნის სამსახურში!
llcl
17 სექტემბერი 2019 15:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული