
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში ამერიკისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით, 95:81 დასრულდა. მიუხედავად ანგარიშისა, მთელი შეხვედრის განმავლობაში მაყურებელმა მოედანზე დიდი დაპირისპირება იხილა.
საბოლოოდ, ამერიკელთა რიგებიდან მატჩის გმირი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც თავი 29 ქულით, 2 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
რაც შეეხება ესპანეთს, რიკი რუბიო გამოირჩა, რომელიც არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ოლიმპიადის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. "ფურია როხას" ლიდერმა აშშ-ის წინააღმდეგ გუნდს 38 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და
1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, ამერიკის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. მისი მეტოქე დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე, არგენტინისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.
შეგახსენებთ, პირველი ნახევარფინალისტი სლოვენია გახდა, რომელმაც გერმანია 94:80 დაამარცხა.