ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება

AutoSharing Option
ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ქვეყანაში კალათბურთის ფართოდ პოპულარიზაციის მიზნით კალათბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევრობასკეტ-2022-ის წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანია და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

„მთავრობის სახელით მე მინდა დაგიდასტუროთ სრული პატივისცემა და მხარდაჭერა კალათბურთის ფედერაციას. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს, ევრობასკეტ 2022. ამიტომ
ჩვენი საერთო ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ დიდი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისკენ. მთავრობისგან ხელშეწყობა გაქვთ. რა თქმა უნდა, იცით, რომ ამხელა დარბაზს ვაშენებთ, მთავრობა სრულად არის ჩართული და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი სურვილია, რომ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე ერთად ვიმუშაოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ კალათბურთი, უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს კალათბურთის ფედერაციას. აუცილებლად საჭიროა რეგიონებში განვითარების შეტანა და იქ საკალათბურთო სკოლების შექმნა, დაარსება და ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენების აღზრდა. დღეს ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. ასევე მინდა მოვუსმინოთ ჩვენი გუნდის წევრს, ბატონ ვიქტორ სანიკიძეს, ცნობილ კალათბურთელს და დამსახურებულ სპორტსმენს. მასაც აქვს თავისი ხედვები, იდეები”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს და კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, FIBA-ევროპის ბორდის წევრსა და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტ გიორგი ქართველიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, ბატონო პაატა, ბატონო გიგა. თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ და ზოგადად, ბევრს აკეთებთ კალთბურთისთვის. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კალათბურთის განვითარების საქმეში დიდია თქვენი წვლილი და ამისთვის თქვენ და თქვენი გუნდის ყველა წევრს მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ კალათბურთში, თქვენს ოჯახში სიმშვიდე, ერთობა, სიმტკიცე, განვითარება იყოს და გარწმუნებთ, რომ ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ სამინისტროსთან, მთავრობასთან, ჩემთან პირადად, გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თანადგომა გექნებათ. რაც მე გავაჟღერე, ეს ციფრი, 100 მილიონი ლარის ინვესტირება, ამაზე ჩვენ უფრო კონკრეტულად წარმოგიდგენთ ხედვას, გეგმას. გვინდა, რომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ კალათბურთს. მე ახლა ვიცი, რომ არჩევნები გაქვთ და ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მშვიდად და ცივილიზებულად უნდა ჩავატაროთ, ისე, როგორც ჩვენ, ჩვენს საერთო ოჯახს და საქმეს გვეკადრება. უნდა იყოს სიმშვიდე და განვითარება. ჩვენ ეს გვჭირდება. ევრობასკეტიც წარმატებით უნდა ჩავატაროთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და შემდეგ ვიფიქროთ განვითარებაზე. კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ კალათბურთი და მისი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ქვეყანაში. რეალურად, ძალიან დიდი ტალანტი და პოტენციალია ქვეყანაში კალათბურთის განვითარების. ამის ნათელი მაგალითია ვიქტორ სანიკიძე და ძალიან ბევრი სხვა წარმატებული სპორტსმენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კალათბურთი ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა, რაც ყველას, მათ შორის, მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ სანიკიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, FIBA-ევროპის ბორდის წევრი და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობა

altSOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!

altფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა

altქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები


მკითხველის კომენტარები / 4 /
დდ რაარ აშენებულა აი სპორტის განხრით იმდენი რამდენიც ეხლა აშენდა ნაღდად არავის აუშენებია დამოუკიდებლობის შემდეგ ეგკიარა რაციყო ისიც მოსპეს. ისე მარტო კალათბურთი კიარა მისახედია წყალბურთიც და ხელბურთიც სირცხვილია უბრალოდ ცერცვაძის და ანპილოგოვის ქვეყანაში ხელბურთი იყოს მკვდარი.
Zaza
13:21 08-12-2021
0
მშვენიერია, მაგრამ მაგალითად წყალბურთმა რა დააშავა? ერთი აუზით ვარჯიშობს მთელი საქართველო და მაინც მსოფლიო რეიტინგის დაახლოებით იგივე საფეხურზეა (თუ უფრო მაღლა არა) რაც რაგბი და კალათბურთი, რა მოხდება მაგის მესამედი მაინც რომ ჩაიდოს წყალბურთში?
mamuka
16:07 07-12-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული