სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტია

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) და სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ლაშა ელბაქიძისა და ზურა მაისურაძის გაწვრთნილმა მედიკოსთა გუნდმა სტუდენტურ დერბიში სერიის ორივე მატჩი მოუგო თსუ-ს და პირველი ფინალისტი გახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ თსუ-მ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, აღნიშნულ სერიაში ფავორიტად ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი თსუ-ელები ითვლებოდნენ. ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში იგებდნენ კიდეც სახელმწიფოუნივერსიტეტელები, თუმცა ბოლო პერიოდში სამედიცინომ თამაშის შემობრუნება შეძლო, – 89:84 გაიმარჯვა
და სერიაში დაწინაურდა.

სერიის მეორე მატჩი დღეს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. თსსუ-მ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, თუმცა მატჩის სადავეების დაპატრონება პირველ მეოთხედში არ გამოუვიდა. 10 წუთის შემდეგ მედიკოსები მინიმალური სხვაობით – 23:22 ლიდერობდნენ, თუმცა მომდევნო პერიოდში, მწყობრი დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე, მედიკოსებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. დიდ შესვენებაზე ელბაქიძის გუნდი 10 ქულით იგებდა და წარმატებული თამაში მესამე პერიოდშიც გააგრძელა.

თსუ-ს მთავარი დამრტყმელი ძალა – გუჯა ხვედელიძე, ლუკა მამლიკიძე და ლაშა მესხი, მეტოქის კარგი დაცვის გამო შეზღუდული იყო. საბოლოო ჯამში, ქულების უმეტესობას მაინც ეს სამეული ითვლიდა, თუმცა არა ისე უხვად და წარმატებით, როგორც რეგულარულ ჩემპიონატში ან თუნდაც მეოთხედფინალურ სერიაში ("ოვერტაიმთან). სამედიცინო უნივერსიტეტში ყველამ შედეგიანად და მაქსიმალური მობილიზებით ითამაშა, თუმცა იყვნენ გამორჩეულები – მაგალითად, ლუკა ლურსმანაშვილი, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა (წინა მატჩში 31 ქულა) და გამარჯვებაში ლუკა ხარაბაძესთან (16 ქულა) და ვახტანგ გედენიძესთან (15 ქულა) ერთად ლომის წილი დაიდო.

შეხვედრა საბოლოოდ 91:80 დასრულდა და მატჩთან ერთად ნახევარფინალური სერიაც დასრულდა – 2:0 თსსუ-ს სასარგებლოდ. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც "დინამოსა" და "რუსთავის" დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. "დინამო" სერიას 1:0 იგებს და დღეს, რუსთავში თუ იმარჯვებს, ფინალში გავა. თუ არა, სერიაში მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნება.

ფინალური სერია 30 მარტს დაიწყება და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს. გათამაშდება მე-3 ადგილიც, რომლის მფლობელსაც ნახევარფინალში წაგებული გუნდები ერთი მატჩით გამოავლენენ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული