"ორბმა" ტყიბულში "გორი" მეორედაც დაამარცხა და სუპერლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ტყიბულის გუნდი "ორბი" სუპერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ირაკლი ტომარაძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილმა გუნდმა "ა" ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაც მოუგო გორის "ივერიონს" და საერთო ანგარიშით – 2:0 დაწინაურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტყიბულის გუნდს "ა" ლიგის ჩემპიონობამდე, რისი მთავარი პრიზიც სუპერლიგის საგზურია, 1 მოგება აშორებს. გორელებს კი, სუპერლიგაში რომ აინაცვლონ, ზედიზედ 3 შეხვედრა უნდა მოიგონ.

ორბმა პირველი მატჩი სავსე ტრიბუნების ფონზე გუშინ მოიგო, დღეს კი ისევ პირთამდე შეივსო ტყიბულის არენა და თავიანთ გუნდს ბოლომდე, მხურვალედ უქომაგა. დიმიტრი ჯაკობოვის
გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ ლამის მოგებული შეხვედრა დათმო, როცა შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 7 ქულას იგებდა და 0:15 წაგებული მომდევნო 3-წუთეულის შედეგად წასაგებად გაიწირა.

დღევანდელი შეხვედრა განსხვავებული გამოდგა. გორელები კი იგებდნენ, თუმცა მხოლოდ პირველ ნახევარში. დიდი შესვენებისთვის ანგარიში თანაბარი – 48:48 გახლდათ, რის შემდეგაც მასპინძლებმა თამაში დაალაგეს და გარდამტეხი ათწუთეული ჩაატარეს. მესამე პერიოდი ორბმა 27:11 მოიგო, 16 ქულით დაწინაურდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვიტა. საბოლოოდ 100:86 და გორის "ივერიონი" სერიაში 0:2 ჩამორჩენით ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა.

გამარჯვებულებს 30 ქულით, 7 პასით და 6 მოხსნით კენი კუპარმა ულიდერა. 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა მიხეილ ჭოჭუამ. 14 ქულა და 6 მოხსნა დემარკუს ეიდიმ მიითვალა, ხოლო მარკალ ლოთსის ანგარიშზე 11 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. გორის გუნდში 19 ქულითა და 9 პასით საუკეთესო იყო ჯერმეინ ჰედი. 18 ქულა აიზია ლუისის ანგარიშზეა.

ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 10 აპრილს, გორში გაიმართება. თუ მასპინძლებმა მოიგეს, მეორე დღეს მომდევნო მატჩსაც უმასპინძლებენ. თუ ვერა, ორბი "ა" ლიგას და სუპერლიგის საგზურს ერთად მოიგებს. წაგებულ გუნდს სუპერლიგაში გადასვლის შანსი რჩება: რეგულარულში ბოლოსწინა ადგილზე გასულ "ტიტებს" საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდება, სადაც სერა ასევე 3 მოგებამდეა.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული