წინა, 2022 წელთან შედარებით ჯუნიორ ნბა-ს მონაწილეთა რაოდენობა (საკვალიიკაციოების ჩათვლით) 1200-დან 2000-ამდე გაიზარდა. ეს გახლავთ იმ საკალათბურთო ტალღით განპირობებული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ევრობასკეტის ჩატარებამ წარმოშვა.
შეგახსენებთ, ჯუნიორ ნბა-ს ჩატარების ფორმატს. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს. სწორედ გუნდებისთვის ნბა-ს გუნდების სახელების მინიჭებისთვის ჯუნიორ ნბა-ს წილისყრა, ეგრეთწოდებული დრაფტი გაიმართა, რომელზეც ქვევით მოგითხრობთ, აქ კი გავაგრძელებთ გათამაშების ფორმატის შესახებ: A ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, B ლიგისა და C თამაშებს კი მთლიანად დედაქალაქი უმასპინძლებს.
საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი – ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას. ჯუნიორ ნბა-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის მინიჭებული სიხარული.
გულშემატკივრებს შეუძლიათ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის მსვლელობას და სიახლეებს თვალ-ყური მიადევნონ ჯუნიორ ნბა-ს ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – jrnbaleague.ge და ოფიციალურ აპლიკაციაზე, რომელსაც OWQLO წარმოგიდგენთ. OWQLO-ს აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ Google Play-დან ან App Store-დან.
წლევანდელი სეზონის ჯუნიორ ნბა-ს წილისყრა დიღმის არენაზე გაიმართა, სადაც ჯუნიორ ნბა-ში მონაწლე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ და A, B და C ლიგების მონაწილე 1350-ივე კალათბურთელს NBA-გან სათამაშო ფორმები საჩუქრად გადაეცათ.
ჯუნიორ ნბა-ს წილისყრას მონაწილე გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ჯუნიორ ნბა-ს წლეულს ახალი მეგობარი რძის პროდუქტების კომპანია “სანტე” გამოუჩნდა, რომელმაც ტურნირის მონაწილე 90-ივე გუნდს ლოკო-მოკოს საბავშვო პროდუქტების ნობათი გადასცა.
ტრადიციულად, ჯუნიორ ნბას-ს წილისყრამ საინტერესო და საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერსა და სპონსორს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფედერაციის სხვადასხვა პროექტების და მათ შორის, საქართველოში ჯუნიორ ნბა-ს ლიგის წარმატებით განხორციელებაში.
პროექტის ფორმატის გათვალისწინებით მონაწილე სამივე ლიგაში მონაწილე გუნდები 6-6 დივიზიონში განაწილდენენ. გთავაზობთ კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტებული A, B, C ლიგების მიმდინარე სეზონის ჯგუფებს.
GBF