“ა” ლიგის 3 მატჩიდან ორის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა

AutoSharing Option
დღეს თბილისში, 2 ლოკაციაზე, “ა” ლიგის 3 მატჩი გაიმართა. თბილისი და დიღომი არენებზე ჩატარებული 3 მატჩიდან 2 ძალიან დაძაბული გამოდგა, ხოლო ერთში ბრძოლა არ შედგა.

მატჩი, რომელშიც “ასტრალმა” 21 ქულით სძლია თსსუ-ს, "თბილისი არენაზე" 14:00 საათზე გაიმართა. “ა” ლიგის სტაჟიანმა წევრმა "ასტრალმა" პირველი პერიოდი 9 ქულით რომ მოუგო დებიუტანტ თსსუ-ს, მას შემდეგ უპირატესობა აღარ დაუთმია. სამედიცინო უნივერსიტეტის ახალგაზრდული გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ თამაშის სცენარი სათავისოდ ვეღარ შეცვალა. საბოლოოდ "ასტრალმა" 97:76 (სტატისტიკა) იმარჯვა და მიმდინარე “ა” ლიგის აქტივში პირველი მოგება ჩაიწერა.

"ასტრალის" გამარჯვება მეტწილად 2 ამერიკელი ლეგიონერის – ლორენცო მაკგის და ევან ჰინსონის დამსახურებაა. პირველმა 24 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო მეორემ – 21 ქულა და 7 მოხსნა. თსსუ-ს რიგებში 27 ქულით საუკეთესო ლევან აფციაური გახლდათ.

"თბილისი არენაზე" გამართული მეორე შეხვედრა ნამდვილი ტრილერი გამოდგა. "ვერასა" და "თელავის" ბურჯის მატჩის ბედი ძირითად დროში არ გარკვეულა. თამაში ისეთი დაძაბული და თანაბარი იყო, ოვერტაიმში რომ გადავიდა, სწორედაც რომ ლოგიკური იყო. ორივე გუნდი მოგებისთვის მაქსიმუმს აკეთებდა და ხან ერთი იყო მცირედით წინ, ხანაც მეორე.

თელაველები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, რის მისაღწევადაც 2 საჯარიმოდან ერთის ჩაგდება მართებდათ, მაგრამ… შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1.5 წამით ადრე, თანაბარ ანგარიშზე, "ვერას" ფარისკენ დაძრული თელაველი ტაილერ ბრევარდი დამცველებმა ჯარიმით შეაჩერეს. ბრევარდი საჯარიმოს ხაზზე დადგა და 1 სროლაც რომ ჩაეგდო, დარჩენილ ერთ-ნახევარ წამში საკუთარი მოედნიდან ვერელები გამარჯვების ბურთის ჩაგდებას დიდი ალბათობით ვერ მოახერხებდნენ. ბრევარდმა ორივე სროლა ააცილა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც "ვერამ" უფრო დამაჯერებლად ითამაშა და 88:82 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

"ვერას" აზარია სეიმ და ნაიჯელ სკანტელბერიმ ულიდერეს. აზარიამ 29 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. სკანტელბერიმ 28 ქულა და 7 პასი. თელაველთაგან 21-21 ქულით ტაილერ ბრევარდი და სედრიკ ტურმანი გამოირჩნენ, 20 ქულა და 7 პასი ჰქონდა დეშონ ვეიდს.

მე-3 ტურის ბოლო შეხვედრას დიღმის არენამ უმასპინძლა, რომელიც ვიქტორ სანიკიძის აკადემიის საშინაო სარბიელია. ვსა-მ "სოხუმი-საქართველოს" უმასპინძლა. ეს გახლდათ 2-2 მოგებისა და წაგების არმქონე გუნდების მატჩი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მატჩის გამარჯვებული “ა” ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე ერთპიროვნულად გადადიოდა, რითაც გათამაშების მთავარი ფავორიტის სტატუსს იღებდა.

მატჩიც ისეთი გამოვიდა, როგორსაც იმსახურებდა – სანახაობრივი, დაძაბული და დრამატული. არენაზე ორივე გუნდის ბლომად ქომაგი იყო, რომლებიც საკმაოდ აქტიურობდნენ. ვსა-ს საშინაო, "დიღომი არენაზე" სასიამოვნო საკალათბურთო ატმოსფერო იყო. ამ მატჩით დაიწყო “ა” ლიგის შეხვედრების ტრანსლირება ფედერაციის Youtube-არხზე. ამიერიდან ყოველი ტურის თითო მატჩი გავა პირდაპირ ეთერში.

კამერებით მატჩის გადაღებას თან ახლავს ვიდეო-რეფერიც, რაც მსაჯებისთვის დიდი შეღავათია. სწორედ ვიდეორეფერით გადაწყდა ამ მატჩის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ეპიზოდი. მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე, 3 ქულით ჩამორჩენილი "სოხუმი-საქართველოს" უკანახაზელმა, პი ჯეი ბერდმა შორი სროლა ჩააგდო. ვიდეორეფერის გამეორებით გაირკვა, რომ ბერდს არ დაუბიჯებია სამქულიანი ნიშნულისთვის და შედეგად, ანგარიში გათანაბრდა.

ყველაფერი ოვერტაიმისკენ მიდიოდა. ვსა-ს მწვრთნელმა ბორის პეტემ წუთშესვენება აიღო და დაგეგმილი შეტევა ზუსტად შეასრულა ჯერმეინ ჰედმა, რომელმაც სწრაფი გარღვევით, ურთულესი მდგომარეობიდან ჩააგდო გამარჯვების ორქულიანი – 96:94 (სტატისტიკა). რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, უმეტესწილად "სოხუმი-საქართველო" ლიდერობდა, თუმცა ვსა-მ მოახერხა პირველი პერიოდის 11-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მობილიზება და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თამაში დაალაგა. ანგარიშიც გაათანაბრა რამდენჯერმე და წინაც გავიდა, თუმცა გია კაზანჯიანის გაწვრთნილი "სოხუმი-საქართველო" არ თმობდა. ბოლოსწინა წუთზე ვსა-მ 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა, თუმცა ვასილ ბერუაშვილისა და ბერდის სამქულიანებით ანგარიში ისევ გათანაბრდა და ბოლო წამებზე რაც მოხდა, უკვე მოგითხრეთ.

გამარჯვებულებს 28 ქულითა და 9 პასით ჯერმეინ ჰედმა ულიდერა. 23 ქულა დააგროვა დავით კაკუშაძემ. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან რევაზაშვილმა. "სოხუმი-საქართველოს" რიგებში მნიშვნელოვნად გამორჩეული მოთამაშე არ ყოფილა. ექვსმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ბარიერი, თუმცა 20-თვის არც ერთს არ მიუღწევია. ბერდმა 18 მოაგროვა, ნიკა ლეონიძემ – 16, დეშონ პარკერი კი სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – 14 ქულა, 10 პასი, 7 მოხსნა.

“ა” ლიგის მე-4 ტურის მატჩები 9 და 11 თებერვალს გაიმართება. 

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული