22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"

AutoSharing Option
საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია. კოტე ტუღუშისა და კახაბერ დარახველიძის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “სოხუმი-საქართველოს” და ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალურ სერიაში “ოვერტაიმი” 1:0 უგებს “სპორტუნის”.

ქუთაისელებმა ისევ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს. სერიის პირველი მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა, იმერულმა კლუბმა 92:90 მოიგო. ამჯერად ქუთაისელებმა 86:83 იმარჯვეს, რაც უპირველესად ბაქარი ბერეკაშვილის დამსახურებაა. კალათბურთში და ზოგადად, სპორტის ნებისმიერ გუნდურ სახეობაში, გამარჯვების ერთ მოთამაშეზე მიწერა არამართებულია, მაგრამ როცა კალათბურთელი მატჩის ბოლო 2 წუთში 3 სამქულიანს ჩააგდებს და 75:77 ჩამორჩენილ თავის გუნდს
84:79 დააწინაურებს, სწორედ ასეთ შეფასებას იმსახურებს.

ბერეკაშვილმა ჯამში ყველაზე მეტი – 32 ქულა ჩააგდო, მაგრამ მისი 3 სამქულიანი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი დახმარებითაც ქუთაისელებმა თამაშის გადარჩენა მოახერხეს. "სოხუმი-საქართველო" მატჩის უმეტეს დროს იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ქუთაისელებმა მოახერხეს თამაშის გადარჩენა და ეს, ცხადია, არ მოხდებოდა, ბოლო წუთებზე სამქულიანები რომ არ ჩაეგდოთ.

ბერეკაშვილთან ერთად იმერული კლუბის გამარჯვებაში სოლიდური წილი უდევს გიორგი სულაბერიძეს, რომელმაც 20 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა ჰქონდა გიორგი ოჩხიკიძეს. სოხუმელთაგან 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო საბა შარვაშიძე. 19 ქულა მიითვალა ალეკო ვახტანგაძემ, 18 ქულა და 8 მოხსნით დაასრულა მატჩი გიორგი მირცხულავამ.

"ქუთაისი" ფინალშია და მეტოქეს ზემოხსენებულ "ოვერტაიმი"-"სპორტუნის" წყვილიდან ელოდება. ეს გუნდები სერიის მეორე მატჩს 16 აპრილს, 19:00 საათზე გამართავენ.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული