გუნდები დღეს, 5 მაისს, კიდევ ერთხელ წარდგებიან ერთმანეთის პირისპირ. შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 18.30 წუთზე დაიწყება.
მატჩი
ქუთაისელებმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს თასი მოიგეს და "კაკტუსთან" სუპერლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე შეხვდნენ. თბილისის "დინამოსთან" ჩატარებული ბრწყინვალე ფინალური მატჩის შემდეგ ამ წყვილში ფავორიტად "ქუთაისი" მიიჩნეოდა, მაგრამ პირველ შეხვედრაში "კაკტუსმა" საკმაოდ კარგად ითამაშა და კოტე ტუღუშის შეგირდებს შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩის სცენარი რამდენჯერმე შეიცვალა, ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე, გამარჯვებულის ბედი კი მხოლოდ ბოლო წამებზე გადაწყდა.
პირველი პერიოდი მასპინძლებმა აშკარად ჩააგდეს. ხშირად უშვებდნენ შეცდომებს, რითაც არჩილ ჟღენტის შეგირდები კარგად სარგებლობდნენ. შედეგად, პირველი პერიოდი სტუმრების მოგებით - 25:19 დასრულდა. მეორე პერიოდში "კაკტუსი" 10 ქულითაც გავიდა წინ, მაგრამ ქუთაისელებმა დროულად გამოასწორეს თამაში, მეტოქეს 16:0 გაქცევა მოუწყვეს და 6 ქულით დაწინაურდნენ - 38:32. დიდ შესვენებაზე კოტე ტუღუშის გუნდი 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 41:37.
თამაში სტუმრების აქტიურობით განახლდა, "კაკტუსი" შედეგიანად უტევდა, ჯონ ფლოვიესმა სტუმრები წინ გაიყვანა - 58:59, თუმცა გადამწყვეტ პერიოდამდე "ქუთაისმა" ისევ მოახერხა დაწინაურება - 60:59. ბოლო მეოთხედი მასპინძლებმა დამაჯერებლად ვერ დაიწყეს, "კაკტუსი" უკეთ გამოიყურებოდა, სტუმრებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს და 9 ქულით გავიდნენ წინ (64:73).
"ქუთაისი" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს ბრძოლისუნარიანობა, მატჩის დასრულებამდე 3 წუთითა და 30 წამით ადრე ბექა ბექაურმა "ქუთაისი" კვლავ წინ გაიყვანა.
მატჩის ბოლო წუთი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, ბრძოლა უკანასკნელ წამამდე გაგრძელდა. ქუთაისელები მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე ცინცაძის საჯარიმოების წყალობით 4 ქულით იგებდნენ, თუმცა ჩიკვილაძემ 2 ქულამდე დაიყვანა სხვაობა. დარჩენილ ორ წამში ქუთაისელებმა ბურთი დაკარგეს და ჩიკვილაძეს პერიმეტრიდან სროლის საშუალება მისცეს, მაგრამ მათდა საბედნიეროდ, "კაკტუსის" სნაიპერს სროლა არ წაუვიდა და შეხვედრაც "ქუთაისის" რთული გამარჯვებით დასრულდა.
კოტე ტუღუშის გუნდი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა.
სტატისტიკა
ისე გამოვიდა, რომ "ქუთაისმა" შეხვედრა ერთით მეტით ჩაგდებული სამქულიანის, მეტი საჯარიმოებისა და მოხსნების წყალობით მოიგო. მასპინძლებმა პერიმეტრიდან 20-ჯერ ისროლეს ბურთი და კალათში 8 ჯერ მოათავსეს - 40%, სტუმრებმა კი 23 მცდელობიდან 7 სამქულიანი ჩააგდეს - 30.4%. ფარქვეშიდან სტუმრები უკეთესად ისროდნენ, რაც ფლოვიესის ბრწყინვალე გარჯის დამსახურება იყო, რომელმაც ამ შეხვედრაში რამდენიმე ეფექტური სლემ დანქითაც დაგვამახსოვრა თავი.
"კაკტუსმა" სამწამიანი ზონიდან 45-დან 23 ბურთი ჩააგდო (51%), ქუთაისელებმა კი - 51 დან 21 (41.2%), სამაგიეროდ, მათ მოხსნებში აქვთ დიდი უპირატესობა - 50:35.
საუკეთესო
"ქუთაისმა" გუნდური თამაშის წყალობით მიაღწია მიზანს. მათ რიგებში 15-15 ქულით გიორგი ცინცაძე და ზაურ ფაშაევი გამოირჩნენ. ცინცაძემ 15 ქულასთან ერთად 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ვახტანგ ქადარიას (10ქ.9მ). კარგი მატჩი ჩაატარა ანატოლი ბოისამ, რომელმაც საკუთარ გუნდს 11 ქულა შესძინა.
"კაკტუსის" რიგებში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი ბექა ჩიკვილაძე გახდა. 18 ქულა მიითვალა ტაილორ უაითმა, ჯონ ფლოვიესმა კი 11 ქულითა და 11 მოხსნით მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა.
სუპერლიგა. პლეი ოფი. I მატჩი
ქუთაისი-კაკტუსი 85:83
19:25, 22:12, 19:22, 25:24
ქუთაისი: ბოისა (11ქ,6მ), ცეკვავა (12ქ), ფაშაევი (15ქ,6პ), ქადარია (10ქ,9მ), ბექაური (8ქ,12მ), ბაბუნაშვილი (2ქ), ცინცაძე (15ქ,8პ), ბარბაქაძე(2ქ), ლომოური (8ქ), ტუბაკი (2ქ)
მწვრთნელი: კ.ტუღუში
კაკტუსი: უაითი (18ქ), ჩლაიძე (7ქ), ბრიჯმენი (11ქ), ჩიკვილაძე (25ქ,7მ,7პ), ფლოვიესი (11ქ,11მ), ლოლიშვილი, ბააკაშვილი (3ქ), დ.ლომიძე (8ქ),
მწვრთნელი: ა.ჟღენტი
მსაჯები: მ.კუპატაძე, ზ.მაჩალაძე, მ.ვართანოვი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"