დღის წესრიგში იდგა გამგეობის თავმჯდომარისა და კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის არჩევა. თავმჯდომარედ წარდგენილი და დამტკიცებული იქნა „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი, ვეტერანი კალათბურთელი, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ხოლო ფედერაციის გენერალურ მდივნად გამგეობამ გიორგი ქართველიშვილი აირჩია.
ახალი გამგეობის პირველი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გამოდგა. სუპერლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა მომავალი სეზონისთვის 10 გუნდამდე გაიზარდა.
2018-2019 წლების სეზონის
ფედერაციის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და „ა“ლიგების გუნდებთან სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმებული იყო, რომ სუპერლიგაში მომავალი სეზონიდან მონაწილეების 10-მდე გაზრდის გადაწყვეტილება კლუბებისთვის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა ეცნობებინა. ხსენებულ შეხვედრებზე ასევე განსაზღვრული იყო გუნდების გაზრდის შემთხვევაში, სუპერლიგაში მე-10 გუნდად გადასვლის შემდეგი პრინციპი: „ა“ ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადავა სუპერლიგაში, ხოლო ფინალში დამარცხებული სუპერლიგის მე-10 ადგილისთვის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან საკვალიფიკაციო სერიას 2 მოგებამდე ითამაშებს.
იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც 2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგაში მე-10 ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ, სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატისა და „ა“ ლიგის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.
შეგახსენებთ, რომ “ა“ ლიგის ფინალური სერია დღეს იწყება „ტიტებსა“ და „თსუ-ჰიუნდაის“ შორის, რომელიც 3 მოგებამდე გაგრძელდება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით