"დინამომ" მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, ადგილობრივ გულშემატკივართა უდიდესი წნეხის ქვეშ მოიგო. ქუთაისელმა ქომაგმა სპორტის სასახლე პირთამდე შეავსო. ყველა ადგილი შევსებული იყო და მაყურებელი ფეხზეც იდგა, ბავშვები კი მეორე იარუსის იატაკზე ისხდნენ. ამასთან, დღევანდელი მატჩი პირველმა არხმა პირდაპირი ეთერით აჩვენა, რაც ისტორიაში პირველი საკალათბურთო რეპორტაჟი იყო, რომელიც ქუთაისის სპორტის სასახლიდან გადმოიცემოდა.
შეხვედრა
თამაში თანაბრად გაგრძელდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებას. მეორე პერიოდი დინამოელებმა ოდნავ უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე ორქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 41:39. ვითარება მესამე პერიოდიდან შეიცვალა. "დინამომ" მწყობრი დაცვის ხარჯზე მასპინძელთა შეტევების შეჩერება მოახერხა და კომბინირებული შეტევებით გაქცევა მოაწყო – პერიოდის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 52:44 დაწინაურდა.
აქ კი "ქუთაისის" ჯერი დადგა. ჯონათან ლის, დეჟუან რაითისა და გიორგი ბარბაქაძის მექულეობით მასპინძლებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და 54:52 გალიდერდნენ, თუმცა მესამე პერიოდის დარჩენილ 2 წუთში დინამოელებმა წონასწორობა შეინარჩუნეს და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე ერთ ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 55:54.
ბოლო პერიოდში მოვლენები დაძაბულად განვითარდა. მოქმედი ჩემპიონი წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დინამოელები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, როცა ირაკლი ხოშტარიამ მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის მეორე ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურა და დარბაზის დატოვება მოუხდა. ეს მოხდა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, როცა "ქუთაისი" ლიდერობდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამარჯვებამდე მცირედი აკლდა.
მასპინძლებმა ბოლო ნაბიჯი ვეღარ გადადგეს, რაშიც დინამოელთა თავგანწირვამ შეუშალათ ხელი. მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი თბილისელები გაერთიანდნენ და ქუთაისელებს ბრძოლის მაგალითი უჩვენეს. კაელ ტურპინისა და ლაველ ბოიდის ქულებს მიხეილ ბერიშვილმა სამქულიანი დაურთო და შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "დინამოს" უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. დინამოელები გამარჯვებამდე და მორიგ, არსებობის ისტორიაში მე-5 ჩემპიონობამდე მივიდნენ.
გამარჯვებულებს 27 ქულითა და 11 მოხსნით კაელ ტურპინმა ულიდერა. 17 ქულა მოაგროვა ლაველ ბოიდმა, 13 – ილია ლონდარიძემ, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. "ქუთაისში" 20 ქულით საუკეთესო იყო დეჟუარ რაითი, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ მასპინძლებს 12 ქულა შესძინა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორეადგილოსანი ქუთაისელები ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანზორ საკანდელიძემ და გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვეს. ჩემპიონ დინამოელებს ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა. დაბოლოს, დინამოს კაპიტანს ილია ლონდარიძემ საჩემპიონო თასი საქართელოს კალათბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით