სუპერლიგის მე-11 ტურის თბილისური მატჩები დაძაბული შეხვედრით დასრულდა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მე-3 მატჩში ერთმანეთს "ოლიმპი" და "შსს აკადემია-ტიტები" დაუპირისპირდნენ. მატჩი თავიდან ბოლომდე სწრად ტემპში მიმდინარეობდა და ხელჩასაჭიდ უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ იხელთებდა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე, ოლიმპელთა სასარგებლოდ გადაწყდა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა 86:83 იმარჯვა.
პირველი პერიოდი "ტიტებმა" 23:21 მოიგო, ხოლო მეორეში ლიდერობა კიდევ უფრო გაზრდა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი იბრძოდა, მოედნის ორივე მხარეს, დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად თამაშობდა და დიდი შესვენებისთვის 7-ქულიან ლიდერობას დაეპატრონა - 46:39.
მე-3 პერიოდში
"ოლიმპმა" დაცვა გაამაგრა და შეტევაშიც გზა გაეხსნა. ანგარიში გათანაბრდა და ბოლო პერიოდის წინ უკვე ჯაკობოვის გუნდი დაწინაურდა, რომელმაც მესამე ათწუთეული 26:16 მოიგო. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და მოატანა ბოლო წუთმა, როცა ყველაფერი 1 შეტევაზე დაეკიდა. ქულით ჩამორჩენილმა "ტიტებმა" დაცვაში ბურთი მოიპოვა და შესატევად 20 წამი ჰქონდა. გადამწყვეტი სროლა, საშუალო დისტანციიდან, კაშიმ რენსომმა გააცუდა. ფარიდან ასწლეტილი ბურთი "ოლიმპის" ცენტრმა, ზაკ ტილმანმა მოხსნა, ჩარლზ ბენეტს გადააწოდა და… ტაქტიკური ჯარიმა დაგვიანებული აღმოჩნდა.. ბენეტმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და 1,3 წამის მქონე "ტიტებმა" გათანაბრება ვეღარ მოაწრო.
"ოლიმპში" 21 ქულით ბომბარდირი მარკ ოგდენი გახდა. 18 ქულა მოაგროვა ჩარლზ ბენეტმა, რევაზ როგავას ანგარიშზე კი 17 ქულა, 8 პასი და 7 ჩაჭრა დაგროვდა. "ტიტებში" 21-21 ქულა კაშიმ რენსომმა და ჟოელ ალმეიდამ მოაგროვეს. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა. ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 20 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-11 ტური 3 მარტს, რუსთავში დასრულდება, სადაც აუტსაიდერთან სათამაშოდ თბილისის "დელტა" ჩავა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით