სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური სრულდება. ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს "კაკტუსი" და "დინამო" შეხვდნენ. მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში "კაკტუსი" "დინამოს" უთანაბრდებოდა, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ცხრილში პოზიციის გასამყარებლად იბრძვის.
მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ მათი გამარჯვებით დასრულდა. კაკტუსელები დიდი სხვაობით არ რჩებოდნენ და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, თუმცა დასკვნით ეპიზოდში დინამოელთა მწყობრი და დამაჯერებელი თამაშის წყალობით შეხვედრის ბედი მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა.
საბოლოოდ 2-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა (79:77), თუმცა დინამოელთა გამარჯვებას რეალური
საფრთხე არ დამუქრებია. დინამოელებს 23 ქულითა და 16 მოხსნით სედრიკ ქაუნსილმა ულიდერა. შედეგიანად გაისარჯა ლუკა ბულაშვილი, რომელმაც 18 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 10-10 ქულა მოაგროვეს ნოდარ გოგოძემ და კევინ ობრაიანმა. "კაკტუსში" 23 ქულითა და 16 მოხსნით გამოირჩა ზორან ვილოტიევიჩი, მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.
მე-11 ტურისა და პირველი წრის ბოლო მატჩში ერთმანეთს "ვერა" და "მგზავრები" დაუპირისპირდებიან.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით