"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ

AutoSharing Option
სუპერლიგის გუშინ დაწყებული მე-12 ტური დღეს დასრულდა. 2 მატჩი - თბილისში, ხოლო ერთიც ქუთაისში გაიმართა. სამივე მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თუმცა ყველაზე დაძაბული შეხვედრა იმერეთში გაიმართა.

"ქუთაისმა" "ვერას" უმასპინძლა. მატჩი თბილისური კლუბის გამარჯვებით, 88:84 დასრულდა. საწყისმა სამმა პერიოდმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხანაც მეორე, ბოლო პერიოდის წინ კი თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა – 67:67. გივი ბაქრაძისა და ბრენდონ სლაის ლიდერობით, ვერელებმა ბოლო პერიოდში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ქუთაისელები არ გატყდნენ და პრესინგის გამოყენებითა და ჯეჟან რაითის მიჯრით მითვლილი
5 ქულის შემდეგ, ბოლო წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 84:85.

მასპინძელთა ტაქტიკური ჯარიმა მაიკ ჰიუზმა 2 ქულად აქცია და ვერელები 3 ქულით გაალიდერა. ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ჯეიმს მილიკენმა გამათანაბრებელი სამქულიანი ააცილა. ჰიუზმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და ვერელები მიუწვდომელი გახადა.

26 ქულით ვერელთაგან ბომბარდირი ბრენდონ სლაი გახდა. 25 ქულითა და 6 პასით გივი ბაქრაძე გამოირჩა. 15 ქულა, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა მაიკ ჰიუზის ანგარიშზეა. ქუთაისელთაგან 23 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით ბექა ბექაური გამოირჩა. 24 ქულა ჯეიმს მილიკენის ანგარიშზე დაგროვდა. ამ გამარჯვებით ვერელებმა ქუთაისელებს ცხრილში ქულით გადაასწრეს და 6 მოგებითა და 5 მარცხით ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

თბილისში გამართული მატჩებიდან თავდაპირველი "დინამოსა" და "ოლიმპის" დაპირისპირება იყო. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა თამაში მძლავრად დაიწყეს და პირველი პერიოდის 22:14 მოგების შემდეგ, შედეგიანი თამაში მეორეშიც გააგრძელეს და დიდი შესვენებისთვის 19 ქულით გალიდერდნენ.

"დინამო" იოლად არ დანებდა, მესამე ათწუთეულში თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედის დასაწყისში ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა და სავარაუდოდ, დაძაბული ფინალიც გველოდა, მაგრამ არა – "ოლიმპმა" შეძლო მობილიზება და თამაში ისე დაასრულა, დინამოელებისთვის შანსი აღარ მიუცია – 91:77.

"ოლიმპში" 29 ქულით საუკეთესო იყო დევიონ ტერნერი. 15 ქულა კორი ჰოლდენმა დააგროვა, ხოლო 14 – აკიეან ფრედერიკმა. დინამოელთაგან 28 ქულით ლუკა ბულაშვილი გამოირჩა. 17 ქულა დაგროვდა ტაილერ უილიამსის ანგარიშზე.

გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო ოლიმპელთა კაპიტანმა რეზო როგავამ, რომელმაც მართალია, 2 ქულა ჩააგდო, თუმცა მინიმუმ 30 ქულის მომტანი 14 პასი გაიღო. ეს მიმდინარე სეზონის რეკორდია და უთანაბრდება ბოლო 3 წლის საუკეთესო შედეგს, რომელიც შარშან "ბათუმში" მოთამაშე კეისი შეპარდმა გამოაცხო.

"ოლიმპმა" სუპერლიგის მე-12 მატჩში მე-7 გამარჯვება მოიპოვა და "ბათუმთან" ერთად ლიდერ თსუ-ს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ბოლო შეხვედრაში "ცხუმ-აფხაზეთი" და "ტიტები" დაუპირისპირდნენ. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი "ტიტები" თითქმის მთელი საწყისი 3 პერიოდი აგებდა, თუმცა დასკვნით 7 წუთში გუნდის სნაიპერებმა ისეთი მიზანი გამოავლინეს, რომ საბოლოოდ 16 ქულით – 78:62 გაიმარჯვეს. შეხვედრის 38-ე წუთზე ლიუკ მეიერმა 3-სამქულიანი ჩააგდო, რითაც "ცხუმ-აფხაზეთის" წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა.

მეიერის ანგარიშზე საბოლოოდ 24 ქულა დაგროვდა. 15 ქულა კორი სპენსერმა მიითვალა, ხოლო საერთო სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო იყო ნიკა მეტრეველი – 8 ქულა, 12 მოხსნა. "ცხუმ-აფხაზეთში" 10 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ზუკა მაჩალაძე, ბომბარდირი კი 17 ქულით გიორგი შარაბიძე გახდა.

სუპერლიგის მორიგი, მე-13 ტური 7, 8 და 9 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0