თავის მხრივ, მეორე ადგილზე მყოფი ბათუმი პირველობისთვის იბრძვის და მგზავრების ძლევის შემთხვევაში ლიდერ თსუ-ს უსწრებდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა აჭარელებმა თავისი წილი საქმე გააკეთეს და მგზავრების ძლევით ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. თსუ დღეს 16:00 საათზე
რაც შეეხება მგზავრები-ბათუმის მატჩს, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მართალია, ზღვისპირელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდი 24:18 მოიგეს, თუმცა მგზავრებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს და სწრაფი თამაშის ხარჯზე, ელვისებური გარღვევებით თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს. დიდი შესვენებისთვის ბათუმელთა ლიდრობიდან 2 ქულა დარჩა, თუმცა მესამე პერიოდში დაახლოებით ეს სხვაობა შენარჩუნდა – ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას.
კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა, როცა ბათუმელებმა მეტოქის შეცდომებით ისარგებლეს. მგზავრებმა სოლიდური უპირატესობა მიიღეს, როცა ბოლო პერიოდში ზღვისპირელთა 2 საკვანძო მოთამაშე – ცენტრი ნიკოლა ვუიოვიჩი და გამთამაშებელი ნიკოლაოს დიპლაროსი პერსონალურების ლიმიტის გამო მოედნიდან გავარდნენ. შეხვედრის ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა ალექსანდრე ფევაძემ ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო, ბათუმი 83:75 დააწინაურა და მატჩის ბედიც გადაწყდა. საბოლოოდ აჭარულმა გუნდმა 84:80 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და როგორც მოგახსენეთ, პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
24 ქულითა და 8 მოხსნით ბათუმელებს კოლინ მალკოლმმა ულიდერა. 16 ქულა დააგროვა ნიკოლა ვუიოვიჩმა, ხოლო დიპლაროსმა თავის გუნდს 15 ქულა შესძინა. მგზავრებში 22 ქულით ტაჯ სპენსერი გამოირჩა, ლოველ ქაბილმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.
დღეს მე-13 ტურის 2 დარჩენილი შეხვედრა გაიმართება. ოლიმპიურ სასახლეში 16:00 საათზე თსუ ქუთაისს უმასპინძლებს, ხოლო რუსთავში, 19:00 საათზე რუსთავი კაკტუსს მიიღებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით