სუპერლიგის ტურის გამარჯვებულები: "დელტა", "ტიტები", "რუსთავი" და "ოლიმპი"

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზისა და ისტორიული მიღწევის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი – სუპერლიგა განახლდა. ოლიმპიურ სასახლეში 4 მატჩი გაიმართა, რომლებიც საკმაოდ საინტერესო შედეგებით დასრულდა. ლიდერებს ჩავარდნა აქვთ და ეს უკვე აშკარაა – პირველი წრის შემდეგ 1-2 ადგილებზე მყოფი გუნდები – კაკტუსი და კავკასია შეხვედრას შეხვედრაზე აგებენ. ამ გუნდებს ხელი ვერც სანაკრებო პაუზამ წააშველა.

დელტა (გურჯაანი) – მარგვეთი (ზესტაფონი)
სტატისტიკა: 85:68

ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი დელტა გამარჯვების რელსებს დაუბრუნდა. სეზონის ხეირიანად, 6-დან 5 მოგებით დაწყების შემდეგ გურჯაანულ გუნდს 7-მატჩიანი წარუმატებელი სერია ჰქონდა, თუმცა
ზედიზედ მეორე მატჩს იგებს, რითაც საკუთარ ამბიციასაც აფიქსირებს და სატურნირო მდგომარეობასაც იუმჯობესებს.

შუა სეზონში სახელცვლილმა მარგვეთმა, რომელსაც მანამდე მეგა ერქვა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასპონსორო პირობებით შეუთანხმდა და სახელწოდება ხომ შეიცვალა, მალე ამ ქალაქში მთლიანად გადავა. მარგვეთელები სუპერლიგიდან გასავარდნ ზონასთან ახლოს არიან და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის უპირველესი ამოცანა, ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. ამის გათვალისწინებით, დელტასთან შეხვედრას მარგვეთისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია. სწორედ მაშინ, როცა ზესტაფონს გააქტიურება და მეტოქეზე გადამწყვეტი იერიშის მიტანა მართებდა, პირიქით, დელტასგან მიიღო მძლავრი პასუხი.

მეტ-ნაკლებად თანაბარი საწყისი 3 პერიოდის შემდეგ ანგარიში გურჯაანელებს მიჰყავდათ – 57:54. საინტერესო ფინალის მოლოდინმა არ გაამართლა. დელტას მოთამაშეების უბადლო გარჯის წყალობით ბოლო პერიოდში მოვლენები ისე განვითარდა, რომ დელტამ იოლი გამარჯვება გაიფორმა. ათწუთეული გურჯაანელებმა 28:14 მოიგეს და საბოლოოდ 17-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს.

დელტაში 23 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ნიუტონი 16 ქულა ირაკლი სულხანიშვილმა მოაგროვა, 10-10 ქულა გეგი ბაქრაძემ და ოთრ ფხაკაძემ მოაგროვეს. მარგვეთში 16 ქულით საუკეთესო შედეგი რონი როზიემ დააფიქსირა. 15 ქულა მარქუს გილსონმა მიითვალა.

კაკტუსი – კაკტუსი
სტატისტიკა: 76:93

კაკტუსმა მეორე წრეში 5-დან მესამე შეხვედრა წააგო, რაც იმის კვალობაზე, რომ ლიდერი იყო, ცუდ შედეგად ითვლება. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა, პირველობა დაკარგა და დამარცხებებით თუ მივუდგებით, მასზე უკეთესი შედეგი, ანუ ნაკლები დამარცხება 3 გუნდს – ოლიმპს, კავკასიას და რუსთავს აქვს. კაკტუსელებმა, რომლებმაც პირველი წრის 10 მატჩიდან 9 მოიგეს, მეორე წრეში უკვე 3 მარცხი აქვთ.

მიზეზი შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემებია. რიგ მიზეზთა გამო, მეორე წრეში 4 ლეგიონერს ერთად არ უთამაშიათ. თავიდან მიზეზად ტრავმები დასახელდა, თუმცა მას მერე კარგა ხანი გავიდა და ამერიკელები უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ, მაგრამ მაილს დენიელსს პირველი წრის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო ტიტებთან მატჩში ასევე მოედანზე არ გამოჩენილა სედრიკ ალლეი.

ლეგიონერები კაკტუსის წამყვან ბირთვს წარმოადგენენ და მათ გარეშე ხოშტარიას გუნდი ხელ-ფეხშეკრულია. კაკტუსელებმა უშანსოდ წააგეს ტიტებთან, რომელსაც მანამდე 4 გამარჯვება ჰქონდა და ბოლოსწინა ადგილზე იყო. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი პროგრესირებს. ტიტებმა ბოლო 3 მატჩიდან მეორედ იმარჯვეს – თანაც სულ ამბიციურ გუნდებს, ჯერ დელტას, ახლა კი კაკტუსს მოუგეს.

ფრედ, 16:16 დამთავრებული ბოლო პერიოდის გარდა ტიტებმა ყველა მეოთხედი მოიგო. შეუჩერებელი იყო ეროვნული ნაკრების ძველი კანდიდატი, დუდა სანაძის ძმა სანდრო, რომელმაც შეხვედრა 27 ქულითა და 4-4 მოხსნა-პასით დაასრულა. სანაძეს, რომელიც ბათუმიდან გადმობარგდა, ტიტებში კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას. ის მატჩში საშუალოდ 18 ქულას აგროვებს.

სანაძის შემდეგ ტიტებში 22 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით კენდრიკ ტომპსონი გამოირჩა, ხოლო 13 ქულა დარიუს ბელმა მოაგროვა. კაკტუსს ვერაფერი უშველა რაიან ალენის 25-მა ქულამ. აღსანიშნავია ვახტანგ გაფრინდაშვილის შედეგიანი გარჯა – 14 ქულა, 8 მოხსნა.

კავკასია – რუსთავი
სტატისტიკა: 72:97

მეორე წრეში გამართული 5 მატჩიდან კავკასიამ მხოლოდ ბოლოადგილოსან ვერას, ისიც გაჭირვებით მოუგო. სხვა ყველა შეხვედრა ბექა წივწივაძის გუნდმა მეორე წრეში დათმო და მიუხედავად ამისა, კავკასია მაინც პირველ ადგილზეა. თუმცა ეს ცხრილში თამაშების არათანაბარი რაოდენობის გამოა და დაკარგული ქულებით რომ მივუდგეთ, წივწივაძის გუნდზე ნაკლები წაგებით ოლიმპი და რუსთავი არიან წარმოდგენილნი.

სწორედ რუსთავი იყო კავკასიის მორიგი მეტოქე. ამ გუნდებს 4-4 წაგება ჰქონდათ, შესაბამისად, უშუალო კონკურენტებად მიიჩნევიან და მათი დაპირისპირების გამარჯვებული სოლიდური კრედიტით დაჯილდოვდებოდა. პირველი პერიოდის 35:18 მოგებით რუსთაველებმა ცხადყვეს, რომ ამ სეზონში მართლაც სოლიდური შედეგისთვის იბრძვიან. პერიოდში სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერთან 17-ქულიანი უპირატესობის მოპოვება უბრალო სამე არ გახლავთ

კავკასიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კატასტროფულმა დასაწყისმა გუნდი არ გატეხა და წივწივაძის გუნდი თამაშში დაბრუნდა. ეს მოხდა მესამე პერიოდის ბოლოს, რომელიც კავკასიამ 24:13 მოიგო და ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა. ბოლო პერიოდში მატჩის დაძაბვა იყო სავარაუდო, მაგრამ პირველი პერიოდის სცენარი განმეორდა. ტრეი კრაფტის, ლუკა ბულაშვილისა და რევაზ როგავას ლიდერობით რუსთაველებმა ათწუთეული 32:14 მოიგეს და საბოლოოდ კომფორტული, 25-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს.

11 ცდიდან ჩაგდებული 8 სამიანისა და ჯამში მითვლილი 28 ქულის გათვალისწინებით ლუკა ბულაშვილი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. ტრეი კრაფტმა თავისი 17 ქულის უმეტესობა ბოლო პერიოდში ჩააგდო, ჩაროზად კი 11 პასი გაიღო და ქვემოქართლელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. 18 ქულა გუგა პატაშურმა მოაგროვა, 11-11 ქულა-მოხსნა კი ეივერი დიგსის ანგარიშზეა. კავკასიაში 20 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე.

ოლიმპი – თსუ
სტატისტიკა: 89:84

დღის ყველაზე დაძაბული და საინტერესო ბრძოლა ამ მატჩში შედგა. დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი, მხოლოდ 3 წაგების მქონე ოლიმპი ეროვნული ნაკრების 3 წევრის მყოლ თსუ-ს დაუპირისპირდა. თანაბარი და ემოციური დაპირისპირება ოლიმპელთა გამარჯვებით დასრულდა.

ყველაფერი ბოლო 2 წუთში გადაწყდა, მანამდე კი ძირითადად ოლიმპელები ლიდერობდნენ – ხან 15 ქულით, ხანაც მხოლოდ ერთით, ხოლო თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე სულაც თსუ დაწინაურდა. ეს მოხდა გიორგი ცინცაძის სამქულიანის შემდეგ, რომლის შემდეგაც უნივერსიტეტელები 81:80 გალიდერდნენ.

აქ კი ოლიმპმა კლასიკურად ჩაამთავრა შეხვედრა და დამსახურებულად გაიმარჯვა. დრუ კუქსჰაუსენმა შორი ორქულიანით ქულით ისევ ოლიმპი დააწინაურა, საპასუხო შეტევაში კი პერიმეტრიდან ვერ იხეირა თსუ-ს სნაიპერმა ნოდარ გოგოძემ, რომელსაც მანამდე 6-დან 3 სამიანი ჰქონდა ჩაგდებული. თსუ-მ თავი კარგად დაიცვა, თუმცა დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა შესატევად განკუთვნილი დროის ბოლო წამზე სამქულიანი მიითვალეს – ვოვა თავაქარაშვილის ტყორცნა გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ოლიმპი თამაშის დასრულებამდე 16 წამით ადრე 85:81 დაწინაურდა და ამ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა ტექნიკის საქმე იყო.

არადა, თსუ-მ მატჩი სათადარიგოებით დაიწყო და როცა გუნდი 7:22 ჩამორჩა, მოედანზე ნელ-ნელა თავი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა – მიხეილ ბერიშვილმა, გიორგი ცინცაძემ და ბექა ბექაურმა მოიყარეს. სავარაუდოდ, სანაკრებო ბატალიების შემდეგ თსუ-ს მთავარი მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი მოერიდა თავიდანვე მათ დატვირთვას და სწორედაც მოიქცა. მოედანზე გამოსულმა ნაკრების წევრებმა თამაში გამოასწორეს, ლეგიონერებთან სინთეზში მათ თსუ-ს ანგარიში გაათანაბრებინეს და პირველი ნახევრის მიწურულს 5 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ ოლიმპელთა სტაბილურობაც სწორედ ის გახლავთ, რომ გუნდმა ასეთ დროს მონახა თამაშის გარდატეხის გზა და ბოლომდე მისდია მას.

ოლიმპელთაგან 28 ქულით საუკეთესო იყო დრუ კუქსჰაუსენი. 16 ქულა ობრი მაკალპინმა მიითვალა. 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ლინტონ ელაისის ანგარიშზეა. თსუ-ში 19 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით საუკეთესო იყო მიხეილ ბერიშვილი. 22 ქულა მიითვალა ჯიმონ ჰენსონმა, მალკოლმ დრამრაითის ანგარიშზე კი 16 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა აკუმულირდა.

მიმდინარე ტურის ბოლო შეხვედრა იმერეთში გაიმართება – ქუთაისი ვერას 2 მარტს უმასპინძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0