"ქუთაისი" საქართველოს თასის ნახევარფინალში იოლად გავიდა

AutoSharing Option
ქუთაისელებმა "ოლიმპთან" გამართული თასის მეოთხედფინალური შეხვედრა დიდი ძალისხმევის გარეშე მოიგეს და ნახევარფინალში "რუსთავს" დაუპირისპირდებიან.

გადამწყვეტი. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელებმა "ოლიმპთან" მატჩის პირველ პერიოდში საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, სამწამიან ზონაში დრაგან ტუბაკის კარგი გარჯისა და პერიმეტრიდან ზუსტი სროლების წყალობით, მეოთხედი 10 ქულის სხვაობით მოიგეს - 23:13.

მომდევნო პერიოდში მასპინძლებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ბექა ბექაურმა ეფექტური "სლემ დანქით" პირველ ტაიმში ქუთაისელთა სასარგებლოდ 17-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 43:26. დიდი შესვენების შემდეგ კოტე ტუღუშის შეგირდებმა აღმავლობით გააგრძელეს თამაში და საერთო ჯამში 13:0 გაქცევის
შედეგად 24-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 50:26.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, "ოლიმპს" მონდომება არ აკლდა, მაგრამ ამხელა ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემომტრიალებელს არ ჰგავდა. მასპინძლებმა თავს მოდუნების საშუალება მისცეს, მაგრამ ივატინის გუნდმა თამაშში გარდატეხის შეტანა მაინც ვერ შეძლო. დასკვნით მეოთხედში გუნდებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რაც რევაზ როგავას ორი ტექნიკურითა და გაძევებით დასრულდა.

დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა. "ქუთაისმა" გუნდური თამაშით მეტოქე იოლად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

აქვე ვთქვათ, 24 თებერვალს "ქუთაისი" და "ოლიმპი" ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში კვლავ წარდგებიან ერთმანეთის წინაშე. ამჯერად ისინი ერთმანეთს სუპერლიგის მე-18 ტურის მატჩში დაუპირისპირდებიან.

სტატისტიკა არ ტყუის როცა გუნდი 19-ქულიანი სხვაობით იგებს, ბუნებრივია, სტატისტიკაც მის მხარეს იქნება. "ქუთაისმა" მეტოქეს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. ფარქვეშ და საშუალო დისტანციიდან მასპინძლებმა 38 ქულა მოიპოვეს (57.6%), თბილისელებმა კი 11 ორქულიანი ჩააგდეს (32.4%); შორი დისტანციიდან სროლები არც ერთ გუნდს არ წაუვიდა.

ქუთაისელებმა 19 მცდელობიდან კალათში ბურთი ექვსჯერ მოათავსეს (31.6%), სტუმრებმა კი 29-ჯერ ისროლეს და მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდეს (24.1%). "ქუთაისს" უპირატესობა ჰქონდა საჯარიმო სროლებში, მოხსნებსა და სხვა სათამაშო კომპონენტებშიც, რამაც საბოლოოდ მათი სოლიდური სხვაობით მოგება განაპირობა.

საუკეთესო. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ქუთაისელებმა გამარჯვება გუნდური თამაშის შედეგად მოიპოვეს და ამაზე კალათბურთელების მიერ დაგროვებული ქულებიც მეტყველებს. "ქუთაისის" მიერ მოპოვებული 71 ქულა თითქმის ყველა მოთამაშეზე თანაბრად გადანაწილდა.

მასპინძლებიდან ყველაზე მეტი - 10 ქულა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. გუნდს 9-9 ქულა მოუპოვეს გიორგი ბარბაქაძემ, აკაკი ლომოურმა და ვახტანგ ქადარიამ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ირაკლი მიქელაძე იყო, რომელიც 12 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. 9 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გიორგი ბაქრაძეს.

საქართველოს თასი. მეოთხედფინალი
23.02. ქუთაისის სპორტის სასახლე.
ქუთაისი - ოლიმპი 71:50
23:13, 20:13, 14:10, 14:14
ქუთაისი: ბოისა (6ქ), ფაშაევი (5ქ,7პ), ცეკვავა (7ქ), ლომოური (9ქ), ტუბაკი (6ქ), ბექაური (10ქ), ქადარია (9ქ), ჭეიშვილი, ცინცაძე (5ქ,6პ), წივწივაძე (1ქ), ბაბუნაშვილი (4ქ), გ.ბარბაქაძე (9ქ,6მ)
მწვრთნელი: კ.ტუღუში
ოლიმპი: როგავა (3ქ), მიქელაძე (12ქ), ბურნეთი (4ქ), ბოლქვაძე (5ქ), პიჩფორდი (3ქ), გიორგი ბაქრაძე (9ქ,6მ), გივი ბაქრაძე (3ქ), ღუდუშაური, მასხულია (7ქ), შლიცერი (4ქ,9მ)
მწვრთნელი: ლ.ივატინი
მსაჯები: დ.ბერეკაშვილი, ზ.მაჩალაძე, დ.ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული