ამ განმარტების გაკეთება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გუშინდელი სათასო მატჩი ფრედ დასრულდა, დღევანდელ შეხვედრაში კი ანალოგიური შედეგის დაფიქსირებას სულ მცირედი დააკლდა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, 2 ქულით ჩამორჩენილი ბათუმის ბერძენი უკანახაზელი, ნიკოლაოს დიპლაროსი
შეხვედრა ოლიმპელთა სასარგებლოდ – 72:70 (სტატისტიკა) დასრულდა და ეს შედეგი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბათუმში გასამართი საპასუხო მატჩის წინ ოლიმპელებს 2-ქულიანი უპირატესობა აქვთ. მეოთხედფინალურ სერიაში ბათუმი იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუკი 27 იანვარს აჭარის დედაქალაქში დანიშნულ მატჩს მინიმუმ 3 ქულით მოიგებს. 2 ქულის შემთხვევაში ოვერტაიმი დაინიშნება, ხოლო 1-ქულიანი მარცხი, ფრე და ნებისმიერი გამარჯვება ხელს ოლიმპელებს აძლევთ.
რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ უპირატესობა თბილისურმა გუნდმა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე 12 ქულით გალიდერდა. კახა ჯინჭარაძისა და ნიკა რამიშვილის შედეგიან თამაშს ბათუმელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ზღვისპირელები ათამაშდნენ, დაცვა გაამაგრეს და კოლინ მალკოლმის წინამძღოლობით ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს.
ბოლო პერიოდის წინ ოლიმპი 3 ქულას იგებდა, რაც ყველაფრის ახლიდან დაწყებას ნიშნავდა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა შეძლო მობილიზება და ათამაშებულ ბათუმელებთან გამკლავება. თამაში მასპინძელთა მცირე ლიდერობით გაგრძელდა – სხვაობა ოლიმპელთა სასარგებლოდ 3-6 ქულას შორის მერყეობდა, სანამ ბოლო წუთმა არ მოატანა და სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მიეცათ, რის შესახებაც ზემოთ უკვე მოგითხრეთ.
ოლიმპში 25 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 18 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა ნიკა რამიშვილს. ბათუმელთაგან 22 ქულითა და 12 მოხსნით კოლიმ მალკოლმი გამოირჩა, ნიკოლაოს დიპლაროსისა და ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 11-11 ქულა დაგროვდა.
2 ქულის მარაგით ოლიმპი ბათუმში მიდის, სადაც 27 იანვარს დანიშნული მატჩი თასის გათამაშების ნახევარფინალისტს გაარკვევს. ტურნირის დებულებითა და გათამაშების ფორმატით ნახევარფინალისტები ოთხთა ფინალში ითამაშებენ, სადაც სერიები აღარ იქნება და დანიშნული სამივე შეხვედრა – 2 ნახევარფინალი და ფინალი – ერთმატჩიანია.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით