"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია!

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს თასის მფლობელია. ოთხთა ფინალის დასკვნით, სატიტულო მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა დაძაბულ, სანახაობრივ ბრძოლაში 83:81 დაამარცხა “ოლიმპი” და ქვეყნის თასი, არსებობის ისტორიაში, მეოთხედ მოიგო.

ტიტულის ბედი ერთმა სროლამ გადაწყვიტა. თამაშისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო და ტაბლოზე ფრე – 81:81 ფიქსირდებოდა, როცა ქუთაისელთა პორტუგალიელი ფორვარდის, ჟოელ ალმეიდას ნასროლი ოლიმპელთა კალათში ჩაეშვა. ალმეიდამ თანაგუნდელის, დეჟუან რაითის აცილებული მოხსნა და საფინალო დროის ამოწურვამდე სროლა მოასწრო. საშუალო მანძილიდან, თუმცა მახვილი კუთხიდან ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და რარიგ მსაჯმა
ბურთის წესების დაცვით ჩაგდება დააფიქსირა, მოედანზე სიხარულისგან აჟიტირებული ქუთაისელები გამოცვივდნენ და ჯერ მისალოცად ალმეიდას გამოეკიდნენ, შემდეგ კი თასის მოგებას ერთად ზეიმობდნენ.

არამხოლოდ გამარჯვების ბურთის გამო – ჟოელ ალმეიდა დამსახურებულად გახდა მატჩის და შესაბამისად, თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე. MVP-ის ტიტული მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა. საუკეთესო მოთამაშისთვის 1000-ლარიანი პრიზი საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ დააწესა, რომელიც ქუთაისელთა პორტუგალიელ ლეგიონერს ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა.

ქუთაისელი კალათბურთელები, მწვრთნელები და გუნდის სხვა წევრები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ სპეციალური მედლებით დააჯილდოვა. ქუთაისელთა იუბილარ კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს, რომელიც დღეს 32 წლის გახდა, საქართველოს თასით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.

სატიტულო მატჩი ისეთი გამოდგა, ფინალს რომ შეეფერება - ძალიან დაძაბული, თანაბარი, ემოციებით გაჯერებული. "ოლიმპს" სადავო გდებისას ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დევანტე ფოსტერი დაუშავდა, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ის მოედანზე მეორე ნახევარში დაბრუნდა. დანაკლისის მიუხედავად, დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა შესანიშნავად ჩაატარეს პირველი პერიოდი, რომელიც 22:15 მოიგეს, თუმცა მეორე ათწუთეულში ქუთაისელებმა შეძლეს თამაშის გამოსწორება და ანგარიშიც გაათანაბრეს. ეს ჟოელ ალმეიდას, ლევან გრძელიძისა და გიორგი ბარბაქაძის შორი სროლების წყალობით მოხდა, რის შემდეგაც თანაბარი თამაში გაგრძელდა.

დიდი შესვენებისთვის უკვე ქუთაისელები იგებდნენ – 43:40. "ოლიმპი" მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ დროებით. ბოლო პერიოდში თავისი საფირმო შორი სროლები წამოიწყო ოლიმპელთა ცენტრმა დონოვან სმიტმა, ვისმა შედეგიანობამაც შედეგი გამოიღო. ოლიმპელები დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა ლიდერი ხშირად იცვლებოდა, თანაბარი ანგარიშიც არაერთხელ დაფიქსირდა და ბოლო წუთზეც თანაბრობა იყო.

"ოლიმპს" მოგების კარგი შანსი ჰქონდა, რადგან 81:81-ზე შეტევის უფლებას ფლობდა და ახალგაზრდა ლევან ქვარცხავამ შორი ორქულიანი არაზუსტად ესროლა. ქუთაისელებს შესატევად 15 წამი დარჩათ და გადამწყვეტი სროლა საკუთარ თავზე დეჟუან რაითმა აიღო, რომელმაც საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე შორი ორქულიანი ესროლა. ბურთი ოლიმპელთა კალათს ოდნავ შეეხო და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა ალმეიდამ პირით ხაზთან ბურთი მოიხელთა, მყისიერად ესროლა და…

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვა გაინჩუალინჩაა
კუ კობსონი
23:57 28-04-2021
0
ვულოცავ ქუთაისს!...ერთი ვიდეო როგორ ვერ გაახერხეთ:)
emigranti
01:35 28-04-2021
2

სიახლეები პოპულარული