"ბათუმი" საქართველოს თასის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი “ბათუმი 2010” საქართველოს თასის მფლობელია. აჭარულმა კლუბმა თასის გათამაშების მოგება 19-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. 2003 წელს, როცა აღნიშნული ტურნირი პირველად ჩატარდა, ტიტულის მფლობელი ბათუმის “ბასკო” გახდა.

ამ კლუბის სამართალმემკვიდრე დღევანდელი “ბათუმი” გახლავთ, რომელმაც საქართველოს თასი მას შემდეგ პირველად დღეს აღმართა. ბუბა ბერიშვილმა, რომელიც ზღვისპირულ კლუბში მთავარ მწვრთნელად სუპერლიგიდან დაქვეითებული “მგზავრებიდან” მივიდა, პირველივე სეზონში მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. ბათუმელებმა თასის გათამაშების ოთხთა ფინალის სატიტულო მატჩში მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი” დაამარცხეს. იმერულმა კლუბმა თასის გათამაშება შარშან, დრამატულ ფინალში, “ოლიმპთან” ბრძოლაში მოიგო.

ქუთაისელებს
ახლაც შეეძლოთ ტიტულის მოგება, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოწოდების სიმაღლეზე ბათუმელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც გუნდური თამაშისა და ბრძოლის კლასიკური მაგალითი უჩვენეს. აჭარულმა გუნდმა მოახერხა იმ სტრესიდან გამოსვლა, რაც შეხვედრის დასაწყისში მიიღო. მატჩი ქუთაისელთა შტურმით და 15:0 გაქცევით დაიწყო. სანამ ბათუმელები შესაბამის და ეფექტურ სათამაშო ტაქტიკას შეარჩევდნენ, ქუთაისელებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვება შეძლეს.

15:0-ზე ბუბა ბერიშვილმა პირველი წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც ბათუმელებმა მოახერხეს პირველი ქულების ჩაგდება: შეხვედრის მე-5 წუთზე ეს საბა ლობჯანიძემ პერიმეტრიდან მოახერხა. საბოლოოდ სწორედ ლობჯანიძე გახდა ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც ბოლო წუთზე, საკვანძო მომენტში მეტოქის ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოხელთება და გამარჯვების მომტანი საჯარიმოების ჩაგდება მოახერხა.

ბოლო წუთებამდე ბევრი რამ მოხდა. ქუთაისელებს სასტარტო ხუთეულის წევრი და ნახევარფინალის საუკეთესო მოთამაშე აკაკი დვალიშვილი შეხვედრის დაწყებიდან 4 წუთში გამოაკლდათ, რომელმაც ფეხი იტკინა და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა. მის არყოფნაში მეტი სამოქმედო სივრცე მიეცა გიორგი კორსანტიას, რომელიც ქუთაისელთაგან საბოლოოდ ყველაზე შედეგიანი გახდა, თუმცა მთლიანობაში დვალიშვილის არყოფნამ იმერულ კლუბს ბევრი რამ დააკლო.

ბათუმელებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყეს და პირველი პერიოდის ბოლომდე დეფიციტი 5 ქულამდე შეამცირეს. მეორე პერიოდი თანაბარი გამოდგა და მესამიდან ბათუმელებმა მოახერხეს ჯერ სათამაშო უპირატესობის, შემდეგ კი ლიდერობის მოპოვება. საამისოდ მათ პერიმეტრზე ქუთაისელთა მსროლელების მაქსიმალური შეზღუდვა დაეხმარათ. მესამე პერიოდის მე-2 წუთზე, ლობჯანიძის საჯარიმოების შემდეგ, “ბათუმი” მატჩში პირველად დაწინაურდა – 41:40. ამას მალე სოსო გოგნაძის, ბექა ბექაურის და სპენსერ კოლინსის ქულები მოჰყვა და ზღვისპირული გუნდი 50:44 გალიდერდა, რის შემდეგაც უკვე ქუთაისელებმა დაიწყეს ჩამორჩენის გაბათილებაზე ზრუნვა.

ბათუმელებმა გაძლეს, გააზრებულად ითამაშეს და ის ბოლო შტურმი, რომელიც "ქუთაისმა" ბოლო წუთებზე მოაწყო და თამაშის გადარჩენასთან ახლოს იყო, წარმატებით მოიგერიეს. ქუთაისელთა გამოცდილმა კაპიტანმა გიორგი ბარბაქაძემ, რომელიც მანამდე უქულოდ იყო, ბოლო წუთზე სამქულიანი ჩააგდო და იმერული კლუბის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ბარბაქაძემ დაცვაში ტაქტიკური ჯარიმა ბექაურზე აიღო, რამაც გაამართლა, რადგან "ბათუმის" ფორვარდმა საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა. აქ ბათუმელებს მხსნელად ლობჯანიძე მოევლინათ, რომელმაც, როგორც ზემოთ ვთქვით, თანაგუნდელის მეორე აცილებული საჯარიმო მოხსნა და მყისვე თავად დადგა საჯარიმოს ხაზზე. მას ხელი არ აჰკანკალებია, ორივე ჩააგდო და “ბათუმი” მიუწვდომელი გახადა. საბოლოოდ შეხვედრა აჭარული გუნდის გამარჯვებით – 73:69 დასრულდა.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოებაზე ლობჯანიძე დამსახურებულად დასახელდა საუკეთესოდ, რომელსაც MVP-ის პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ გადასცა. სანიკიძემ და ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა, დააჯილდოეს ბათუმელები თასის ფორმის მედლებით.

დაბოლოს, საქართველოს თასი ბათუმელთა კაპიტანმა ლევან ელიაძემ ვიქტორ სანიკიძისა და პაატა გურასპაულისგან ჩაიბარა, რის შემდეგაც ტურნირი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული