საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალები დაკომპლექტდა

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალურ რაუნდში ყველაზე დაძაბული თამაშები დღეს გაიმართა. გამართული 4 მატჩიდან სამში დიდი ბრძოლა გაიმართა. სამ წყვილში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებსაც სერიის პირველი მატჩი წაგებული ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ "ბათუმის" გამარჯვება ეყო სერიის მოგებას – "ორბმა" და "ტიტებმა" წინა შეხვედრებში დაგროვებული დეფიციტი ვერ აღმოფხვრეს და თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.

კაკტუსი – ასტრალი 79:64
სერიის საერთო ანგარიში: 156:133


“ა” ლიგის წარმომადგენელი "ასტრალი" გახლდათ ის ერთადერთი გუნდი, რომელმაც თასის მერვედფინალური სერიის პირველ მატჩებში მეტოქეს ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა
სუპერლიგის ლიდერ "კაკტუსთან" პირველ შეხვედრაში მხოლოდ 9 ქულა დათმო და დღეს გამართულ მეორე მატჩში მეტის მიღწევის იმედი ჰქონდა. ამჯერად სუპერლიგის გუნდმა მეტი ყურადღება და მონდომება დაუთმო "ასტრალთან" მატჩს და დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა.

მხოლოდ თავიდან, პირველ პერიოდში იყო თანაბარი ბრძოლა. "ასტრალი" ლიდერობდა კიდეც, თუმცა პერიოდი 13:16 დათმო და მეორე ათწუთეულიდან ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა "კაკტუსმა" თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა. მეორე პერიოდი სუპერლიგის გუნდმა 30:13 მოიგო, 20-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და მეტოქე წელში გატეხა. საბოლოოდ "კაკტუსმა" 15 ქულით იმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა.

გამარჯვებულებს 17 ქულითა და 7 მოხსნით რევაზ ჩაჩანიძემ ულიდერა. 18 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი სედრიკ ალეიმ მიითვალა. 10-10 ქულა ბექა ლომაშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა მოაგროვეს. "ასტრალში" 15 ქულით საუკეთესო იყო მელვინ ნიუბერნი. ჯონ კერიმ 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

"კაკტუსი" თასის მეოთხედფინალში გურჯაანის "დელტას" შეხვდება, რომელმაც მერვედფინალიდან "ტიტები" გამოთიშა.

კავკასია – ორბი (ტყიბული) 80:91
სერიის საერთო ანგარიში: 162:151


კომპლიმენტები "ორბს". თბილისიდან ტყიბულში გადასულმა “ა” ლიგის გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს მოუგო. თანაც 11 ქულით, თუმცა 2 ამდენი უნდოდა, სერია ოვერტაიმში რომ გადაეყვანა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა "ორბმა" პირველი მატჩი 22 ქულით წააგო და საპასუხო შეხვედრაში ფავორიტად მიჩნეულ მეტოქესთან წარმატების შანსი ჰქონდა. მესამე პერიოდში "ორბი" 12 ქულით ლიდერობდა და ისეთ იშტაზე იყო, რომ პირველ მატჩში მიღებული 22-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრაც სურდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოახერხა.

ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასიელები საკმაოდ მოტივირებული იყვნენ, მაგრამ ბოლომდე მებრძოლ ტყიბულელებს ვერაფერი მოუხერხეს. "კავკასიამ" დასაშვები ოდენობით წააგო და სერია საერთო ანგარიშით 162:151 მოიგო. "ორბს" გამარჯვებისკენ ლეგიონერებმა – დემარკუს ეიდიმ და კვენტინ დევისმა ულიდერეს. ორივემ 21-21 ქულა დააგროვა. 5 სამქულიანი და ჯამში 19 ქულა ნიკა ლოლიშვილმა მოაგროვა. "კავკასიაში" 19 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 17 ქულა კრის მაკნილის ანგარიშზეა.

"კავკასია" მეოთხედფინალში "ოლიმპს" დაუპირისპირდება.

გურჯაანის დელტა – ტიტები 73:80
სერიის საერთო ანგარიში: 165:151


"ტიტებში" სერიოზული როტაციაა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდიდან ლუკ მოიერი წავიდა, რომლის ადგილიც თსუ-დან წასულმა ბრაიან დოუსონმა დაიკავა. სწორედ დოუსონის წინამძღოლობით, "ტიტებმა" საპასუხო მატჩი მოუგო გურჯაანის "დელტას", თუმცა სერიის მოსაგებად 7-ქულიანი სხვაობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

გურჯაანელებმა პირველი მატჩი 31 ქულით მოიგეს და ფაქტობრივად, მეოთხედფინალის საგზური განაღდებული ჰქონდათ. მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ბოლო პერიოდის წინაც ფრე იყო. დასკვნით ათწუთეულში "ტიტების" მოთამაშეებმა მეტი ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოავლინეს და თასის გათამაშება თავაწეულებმა, 7-ქულიანი გამარჯვებით დატოვეს. გამარჯვებულ გუნდში დიდებული მატჩი ჩაატარა ახალწვეულმა ბრაიან დოუსონმა, რომელმაც 36 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 12 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიქაელ უგრეხელიძის ანგარიშზე დაგროვდა. გიორგი გოგუამ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. "დელტაში" 18 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 6 პასიც მიითვალა. 16 ქულა და 9 მოხსნა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა.

წაგების მიუხედავად, გურჯაანელებმა სერია 2 მატჩის ჯამში 14 ქულით მოიგეს და მეოთხედფინალში "კაკტუსს" შეხვდებიან.

ბათუმი – მეგა 91:82
სერიის საერთო ანგარიში: 186:185


ასეთი რამ ათასში ერთხელ ხდება. ორი მატჩის ჯამში "ბათუმმა" და "მეგამ" ფრედ ითამაშეს. დებულების თანახმად, მიუხედავად 8-ქულიანი სხვაობისა, მატჩი ოვერტაიმში გაგრძელდა, სადაც მასპინძელმა "ბათუმმა" 1 ქულით იმარჯვა და საბოლოოდ 91:82 მოგების შემდეგ, ორი მატჩის ჯამში 1-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა: 186:185.

ბათუმელებმა მოახერხეს თბილისში "მეგასთან" წაგებული 8 ქულის გაბათილება და სერიაში გამარჯვება დამატებით დროში შეძლეს. ზღვისპირელებს კაილი რიდლიმ ულიდერა, რომელმაც 25 ქლა, 8 პასი, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 21 ქულა და 7 მოხსნა ჯორდან სეშენსმა მიითვალა. 15 ქულა გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. "მეგას" 24 ქულითა და 8 პასით რონი რუსომ ულიდერა. 20 ქულა და 9 მოხსნა მარქუს გილსონმა მიითვალა.

"ბათუმი" მეოთხედფინალში "ქუთაისს" შეუწყვილდა.

მეოთხედფინალური სერიებიც ორმატჩიანი იქნება, რის შემდეგაც 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალს ითამაშებს, სადაც ნახევარფინალები და ფინალი ერთმატჩიანია.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული