ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად მოედანს 9 იანვარს დაუბრუნდა, სადაც "ჰერტასა" და "ვოლფსბურგის" 23-წლამდელთა გუნდის საკონტროლო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კობიაშვილი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია - ლევანი ჩვენი საიტის მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს.

საბა:
- ვის მიიჩნევ ბუნდესლიგაში ყველაზე უხერხულ მეტოქედ?

- ბუნდესლიგაში მიუნხენის "ბაიერნთან" ყველაზე ძნელი იყო თამაში ჩემს დროსაც და მიმდინარე სეზონშიც. მიუნხენელები ძალიან ძლიერად თამაშობდნენ. უფრო მეტი ენთუზიაზმით ხარ, როცა ამ გუნდის წინააღმდეგ გამოდიხარ და რომ გაიმარჯვებ, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, რადგან
ისეთ გრანდთან გაქვს მოგებული, როგორიც "ბაიერნია".

მე, ყოველ შემთხვევაში, ბედნიერი ვარ იმით, რომ მქონია ამის საშუალება - "ბაიერნისთვის" გოლიც გამიტანია და თამაშიც მომიგია.

"ბაიერნთან" თამაში რთულია - ყველა პოზიციაზე მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ერთი მხრივ თუ ძნელია მათთან მეტოქეობა, მეორე მხრივ, სასიამოვნოცაა.

მკითხველი:
- შენი აზრით, თემურ ქეცბაიას ხელში ნაკრები თავის მაქსიმუმს აჩვენებს?
- არ მინდა, ჩემი მხრიდან არაკორექტულად გამოვიდეს საუბარი, თუმცა არის იმის საშუალება, რომ ნაკრებმა უკეთესი ფეხბურთი ითამაშოს.

დღევანდელი გადასახედიდან, განსაკუთრებით წინა ხაზში, ეროვნულ ნაკრებს მართლა ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც, მართალია, გრანდებში არ თამაშობენ, მაგრამ თავიანთ გუნდებში ძირითადის ფეხბურთელებად ითვლებიან, არიან წარმატებულები, ახალგაზრდები და პესპექტიულები.

ჩემი აზრით, ნაკრებს წინა ხაზში პრობლემა აქვს და ეს მწვრთნელის ბრალია თუ სხვა ვინმესი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იმის პოტენციალი, რომ უკეთესად წარმოვაჩინოთ ფეხბურთელებმა საკუთარი თამაში, არსებობს.

რაც შეეხება დაცვას, ჩვენი უკანა ხაზი ყოველთვის ძლიერი იყო.

მკითხველი:
- მოგესალმები, ლევან. როგორ ფიქრობ, როდიდან ს
ჯობს ქართველმა ფეხბურთელმა უცხოურ კარიერაზე იფიქროს? რამდენად გამართლებული გგონია, მოთამაშეები ადრეული ასაკიდანვე რომ მიდიან საზღვარგარეთ?
- თუ ფეხბურთელი იმ ეტაპზეა, რომ კონკრეტულ ადგილზე საკუთარი თავი ამოწურა და უკვე შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგას კარიერაში, მაშინ გამართლებულია მისი საზღვარგარეთ წასვლა და ახალი მწვერვალების დაპყრობაზე ფიქრი.

ხშირად ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, რომლებსაც საქართველოს ჩემპიონატში არ უთამაშიათ და არ დაუმტკიცებიათ, რომ ძლიერები არიან, უკვე საზღვარგარეთ სინჯებზე მიდიან. ასეთები შედეგს, ხშირ შემთხვევაში, ვერ აღწევენ და საბოლოოდ ისევ უკან ბრუნდებიან.

ეს ფსიქოლოგიურადაც ცუდად მოქმედებს ფეხბურთელზე.

ჩემი აზრით, საკუთარი კარიერა ყველამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ააწყოს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ საქართველოს ჩემპიონატში უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და თავის კლუბში უნდა იყოს ლიდერი.

მესმის, რომ შესაძლოა, საქართველოში მაღალი დონე არაა, მაგრამ შემდეგ უკვე ავტომატურად გადადგამს სამომავლო ნაბიჯებს და საზღვარგარეთ წავა.

ვეწინააღმდეგები იმას, რომ უკვე ახალგაზრდა ასაკიდან სურთ წასვლა იმ იდეით, რომ საზღვარგარეთ უკეთესია. დიახ, უკეთესია, მაგრამ იქ ორმაგი და სამმაგი დატვირთვაცაა - თუ ამისთვის მზადაა ფეხბურთელი, კი ბატონო.

მკითხველი:
- ლევან, ნაკრების მწვრთნელობაზე თუ გიფიქრია და ქეცბაიას მოღვაწეობას როგორ შეაფასებდი?

- ყველა მწვრთნელი იქიდან ფასდება, თუ როგორ შედეგს აღწევს... ახლა თუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ქეცბაიას 4-5-წლიანი პროგრამა აქვს, ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მას ყველანაირი შედეგი ეპატიება, მგონი, არ იქნება სწორი.

ეროვნული ნაკრები არის გუნდი, რომელშიც უნდა ითამაშონ ძლიერებმა. ერთი მხრივ, ამ გაახალგაზრდავების პროცესის არ მესმის. გაახალგაზრდავების პროცესი შეიძლება იყოს კლუბში. ეროვნულ ნაკრებში კი თამაშობს ფეხბურთელი, რომელიც არის საუკეთესო, იქნება ის 30 წლის, 35-ის, 18-ის თუ 20-ის, არ აქვს მნიშვნელობა.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თემურ ქეცბაია იქნება თუ სხვა ნებისმიერი მწვრთნელი, ყველა ფასდება თავისი შედეგიდან გამომდინარე.

არ მგონია, რომ დღეისთვის ეროვნული ნაკრების ბოლო პერიოდში გამოსვლა დადებითად შეფასდეს. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო კომპეტენტური და უფრო ძლიერი სპეციალისტი უკეთეს შედეგს მიაღწევდა, ვიდრე ამ შემთხვევაში ქეცბაია აღწევს.

რაც შეეხება ჩემს მწვრთნელობას, ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან არ ვფიქრობ ამაზე, არ მაქვს სურვილი, რომ მწვრთნელად ვიმუშაო.

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც წინასწარ გადაწყვეტილი აქვთ მწვრთნელობა, მაგრამ მე ამაზე ჯერ არ ვფიქრობ და რა მოხდება 4-5 წლის შემდეგ, მართლა ვერ გეტყვით.

მკითხველი:
- კობი, შენ დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და ჭკვიანი ფეხბურთელი ხარ. გვიხარია, გგულშემატკივრობთ. მწვრთნელობას თუ აპირებ და დაახლოებით როდის? ასევე, შენი აზრი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე გვაინტერესებს.
- ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეს არის საკითხი, რომელზეც მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია არ უნდა მუშაობდეს. უნდა იყოს კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გარკვეულ პროგრამას შეიმუშავებენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთან ერთად.

ერთ მაგალითს მოგიყვებით: იმავე გერმანიაში, კონკრეტულად ბერლინში, საფეხბურთო სკოლას არც დენის გადასახადი აქვს, არც წყლის. ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს ქალაქის მმართველობა. მათ ინტერესებში შედის, რომ ახალგაზრდები მივიდნენ სპორტში, ფეხბურთი იქნება ეს თუ სხვა სახეობა.

ასე ეხმარებიან ბავშვთა სკოლებს და რა თქმა უნდა, შემდეგ ეს სკოლა, რომელსაც შეღავათი ექნება, საკუთარ ფინანსებს ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს: მოედანი ექნება უფრო კარგი, საშხაპეები და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვისაც უფრო კარგია. ოჯახი როცა აღარ გადაიხდის 50 დოლარს და უფრო ნაკლები დაუჯდება ბავშვის სპორტით დაკავება, ეს გარკვეული შეღავათია.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელების ლიცენზირება. მწვრთნელებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოამზადონ ბავშვი, რა მიმართულება მისცენ, დააყენონ სწორ გზაზე და ა.შ.

ძალიან საინტერესო და კარგი იქნება, თუ კომპეტენტური ადამიანების ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად იზრუნებს ამ საკითხებზე.

მკითხველი:
- ლევან, დადგება თუ არა დრო,
როცა საქართველოს ნაკრები რაღაც წარმატებას მიაღწევს? ასეთი დაცვითი სქემით თამაში თუ მოუტანს სარგებელს ჩვენს ნაკრებს?
- ადრე მაგალითად ლატვიის ნაკრები მოგვყავდა ხოლმე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. თუ გადახედავთ ლატვიის ნაკრების იმდროინდელ თამაშებს - 90 წუთი დაცვაში იდგნენ და კონტრშეტევაზე გოლი გაჰქონდათ, რითაც იგებდნენ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ამ ტაქტიკითაც შეიძლება შედეგის მიღწევა.

ამ დროისთვის ჩვენს ნაკრებს, განსაკუთრებით, წინა ხაზში, ჰყავს პერსპექტიული და ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებისგანაც უფრო მეტის მიღწევა შეიძლება სწორი მუშაობის შემთხვევაში. ამიტომ შედეგს თუ მივაღწევთ, ეს დაცვითი ტაქტიკით იქნება თუ შემტევით, მნიშვნელობა არ აქვს.

გერმანიაშიც ხშირად მსმენია - ფეხბურთში თამაშს ყოველთვის დაცვა იგებს. დაცვა თუ ძლიერი გყავს, შეგიძლია, ბევრ რამეს მიაღწიო.

როდის მიაღწევს საქართველოს ნაკრები წარმატებას და სადმე დიდ ტურნირზე როდის ითამაშებს, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა მაინც იმედიანად ვარ განწყობილი.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ლევან. თქვენი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ გითამაშიათ. მაინტერესებს, ვის მიიჩნევ საუკეთესოდ მათ შორის, ვის წინააღმდეგაც გამოსულხართ
მინდორზე და რატომ?
- კონკრეტულად ვერ გამოვყოფ. ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა გერმანიაში ჩავედი. ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ მიწევდა თამაში, როგორებიც არიან: ეფენბერგი, მათეუსი, ოლივერ კანი და ა.შ.

ნაკრებში გამოსვლის დროსაც, თუ არ ვცდები, 1997 წელი იყო, ინგლისის ნაკრებთან გვიწევდა თამაში. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და დევიდ ბექჰემსაც ახალი დაწყებული ჰქონდა სანაკრებო კარიერა. იგივე იტალიის ნაკრებთან თამაშიც აღსანიშნავია.

კონკრეტულად კი ვერ ვიტყვი, ვის წინააღმდეგ გამიჭირდა თამაში. ბევრი საინტერესო და ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ მომიხდა თამაში, რაც ყოველთვის სასიამოვნოდ მახსენდება.

ირაკლი, 25 წლის:
- მოგესალმები, ლევან. შენი კარიერის განმავლობაში საკმაოდ ცნობად გუნდებში გითამაშია. მაინტერესებს, "შალკეში" გადასვლამდე ან გადასვლის შემდეგ გქონდა თუ არა შემოთავაზება უფრო ძლიერი გუნდებიდან? სხვადასხვა სპორტული გაზეთი წერდა
"მილანის" დაინტერესების შესახებ. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?
- "ფრაიბურგში" ყოფნის დროს კონკრეტული შემოთავაზება მქონდა "ბაიერნიდან". ული ჰიონესის სახლშიც კი ვარ ნამყოფი. ასევე, მილანის "ინტერის" შემოთავაზებაც იყო და მილანში ვიყავი ჩასული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად. თუმცა საბოლოო ჯამში ეს ტრანსფერები არ შედგა.

შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ "შალკეში" მოვხვდი. მანამდე კი რუსეთში წასვლის შესაძლებლობაც მქონდა: მოსკოვის "დინამოში", ცსკა-ში, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი.

ხოლო უკვე "შალკეში" ყოფნის დროს "ბაიერნმა" კვლავ შემომთავაზა გადასვლა, თუმცა პირველი შემოთავაზებიდან განსხვავებით, კონტრაქტი სახლში მედო და მხოლოდ ხელისმოწერაღა აკლდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, "შალკეში" დარჩენა გადავწყვიტე.

გარდა ამისა, ინგლისიდანაც მქონდა წინადადება, კერძოდ, ლონდონის "ტოტენჰემიდან".

შეიძლება, მაშინ სხვა გუნდში რომ გადავსულიყავი, უფრო კარგი კარიერა მქონოდა ან პირიქით.

ბოლოს მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც კითხვა გამოაგზავნა.

მკითხველი:
კითხვა არ მაქვს, უბრალოდ, როგორც რიგითმა ქართველმა გულშემატკივარმა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ თამაშისთვის, რაც ლევანმა
გვაჩუქა მთელ საქართველოს. კობი, ერთ-ერთი გამორჩეული ხარ იმ ოქროს თაობიდან.

სიახლეები პოპულარული