გიორგიმ გარკვეული პერიოდი "ბარსელონას" აკადემიაში გაატარა, შემდეგ ჰოლანდიის ერედივიზიეს გუნდ არნემის "ვიტესში" თამაშობდა.
ამჟამად ჭანტურია ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგებში იჯარით ირიცხება, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები კვლავ "ვიტესს" ეკუთვნის.
გიორგი ჭანტურია Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.
ბესო, 24 წლის:
- გამარჯობა, გიორგი! ძალიან სასიამოვნოა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ შენი კარიერა აშკ
- ეგრე არ ვფიქრობ, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ კარიერის რეგრესზე ვილაპარაკოთ... გარკვეული პრობლემების გამო შეიძლება ბევრი რაღაც ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ყველაპერი წინაა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, რატომ ირჩევენ ქართველი ფეხბურთელები რუსულ გუნდებს?
- ჩემი აზრით, შედარებით ადვილია რომელიმე რუსულ გუნდში მოხვედრა, ვიდრე კარგ ევროპულ გუნდში. თან აქ მეტი კონტაქტები აქვთ აგენტებს, ვიდრე ევროპულ გუნდებში.
მკითხველი:
- აპირებ თუ არა ზაფხულში "ვიტესის" საბოლოოდ დატოვებას და თუ ისევ ერედივიზიონის გუნდიდან შემოთავაზება გექნება, განიხილავ?
- ძალიან მინდა, რომ "ვიტესი" სამუდამოდ დავტოვო და არც ვფიქრობ იქ დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, თუ იქნება წამყვანი გუნდებიდან დაინტერესება, აუცილებლად განვიხილავ.
გიორგი, 18 წლის:
- ხომ არ ფიქრობ, გიორგი, რომ შენი "ვიტესიდან" "ალანიაში" გადასვლა უფრო დიდი რეგრესია, ვიდრე დიდი პროგრესი? და რას აბრალებ ამ ყველაფერს შენ, პირადად?
- "ალანია" ახლა იწყებს შენებას და მეც მინდა ამის მონაწილე გავხდე. მესამე შეკრება თითქმის მთლიანად გამიცდა და არ ვარ ბოლომდე მზად, რომ პირველივე მატჩში 90 წუთი ვითამაშო, ამიტომ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და ვფიქრობ, რომ სწორედ მოვიქეცი, "ვიტესიდან" რომ წამოვედი.
მკითხველი:
- პირველ რიგში, გამარჯობა, გიორგი! ახლა კი, როგორც ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს, ასევე მეც მაინტერესებს, თუ რა გაქვს მომავალში გეგმაში - "ვიტესში" დაბრუნდები თუ სხვა რომელიმე გუნდში გააგრძელებ კარიერას. მე მგონი, ყველას აინტერესებს და გვინდა, რომ უკეთეს გუნდში და ლიგაში გიხილოთ, შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, იმსახურებ და შეგიძლია ეს. მადლობა ადმინისტრაციას რომ საშუალებას გვაძლევს ასეთი კითხვა-პასუხისას...
- უკვე ვთქვი, რომ ძალიან არ მინდა "ვიტესში" დაბრუნება და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ იქ არ დავბრუნდე. ჩემს მომავალ გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მიზანი ევროპაში დაბრუნება და კარგ ჩემპიონატში, ნორმალურ გუნდში თამაშია.
მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი! შენზე მთელი საქართველო განსაკუთრებულ იმედს ამყარებს და ღრმად მწამს, შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ, მაგრამ ამისთვის რაც შეიძლება, ადრე უნდა გაითავისო, რომ იმაზე მეტი უნდა ივარჯიშო, ვიდრე ყველა დანარჩენმა სხვამ და ფეხბურთი მთავარ პრიორიტეტად უნდა აიღო, გიო. ვიცი, მობეზრებული გექნება ეს დარიგებები, მაგრამ შენზე დიდი ავანსებია გაცემული და არ გვინდა, ქინქლაძის ისტორია განმეორდეს შენთან მიმართებაშიც. ამისთვის საჭიროა, შენი თავის რწმენა გქონდეს! აქედან გამომდინარე გეკითხები, შენ თვითონ გჯერა, რომ თუნდაც ჟერარდ დელოფეუზე, რომელმაც უკვე შეაღო "ბარსელონას" კარები, არანაკლები კარიერა გექნება?
- ძალიან დიდი მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის. მთავარი არაა 19-20 წლის ასაკში სად ითამაშებ, მთავარია სწორად მიუდგე საკუთარი თავის განვითარებს, რომ შემდეგ მთელი დარჩენილი კარიერა წარმატებული და შედეგიანი ფეხბურთელი იყო.
მკითხველი:
- მაინტერესებს, რატომ არ დარბიხარ 15 კილომეტრს მატჩზე? რთულია და შეუსრულებელი? მწვრთნელი არ გავალებს სირბილს?
- არ მგონია, ვინმე დარბოდეს 15 კილომეტრს ერთ მატჩში. არ ვიცი, ნამდვილად არასდროს მიფიქრია, ამხელა მანძილი ერთ შეხვედრაში გამერბინა.
მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი! მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი ნიჭის პატრონი ხარ, მაგრამ აუცილებელია ამ ნიჭის გამოყენება. შენი საფეხბურთო კარიერა აშკარად უკეთესის იმედს გვიტოვებს და ნაღდად გვეგონა, რომ უფრო მოუმატებდი. შენივე თქმით, "ბარსელონა" 2-წლიან კონტრაქტს გთავაზობდა და უარი თქვი. ასაკით ნაღდად პატარა იყავი და რატომ იუარე "ბარსელონაში" დარჩენა? განა "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი შეიძლება ინატროს ფეხბურთელმა?!
- ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მქონდა გაზეთ "სპორტ-ექსპრესთან" და იქ არასწორად თქვეს ამ კითხვასთან დაკავშირებით ჩემი პასუხი.
მე ვთქვი, როდესაც "ბარსელონამ" 2-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, ის ორი წელი მე უნდა გამეტარებინა მეორე გუნდში, მე კიდევ პროფესიონალური ფეხბურთის თამაში მსურდა.
ამ დროს გამოჩდა მერაბ ჟორდანია, რომელმაც "ჩელსის" პირველი გუნდის კონტრაქტს შემპირდა.
შემდეგ ჩამოვედი თბილისში და "ჩელსიდან" მართლაც გამოგზავნეს კონტრაქტი, რის შემდეგაც "ბარსელონას" უარი ვუთხარი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოვტყუვდი და "ვიტესთან" მომაწერინეს ხელი...
ეს იყო და ეს და დღემდე მაინტერესებს, "ჩელსის" ის კონტრაქტი, რომელიც სახლში მაქვს, ნამდვილად "ჩელსიდან" გამოაგზავნეს თუ ჟორდანიამ თვითონ შეადგინა.
გიორგი, 29 წლის:
- რა არის შენი მოტივაცია ფეხბურთში?
- ჩემი მოტივაცია არის პირველ რიგში, ქვეყანას ვემსახურო ბოლომდე, ტიტულები მოვიგო, და ფეხბურთის თამაშს რომ მოვრჩები, ამაყი წავიდე ამ საქმიდან.
თორნიკე, 19 წლის:
- ქართველ ადამიანს, როდესაც ცხოვრებაში ერთ მწვერვალს დაიპყრობს, იმის მიუხედავად, რომ გაძლიერდეს, კიდევ უფრო მაღალი მწვერვალებისაკენ გაიხედოს და დალაშქროს, ხშირად "თავში უვარდება", იმ ერთი მწვერვალიდანაც ძირს ჩამოდის. როგორ ფიქრობ, გიორგი, შენ ასე დაგემართა? ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენზე, გიორგი, მთელი საქართველო შენ გვერდით ვართ. შენ რომ განიცდი, ჩვენ გვტკივა; როდესაც წარმატებული იქნები, ჩვენ ვიამაყებთ შენით. ასე რომ, წარმატებებს გისურვებ და მეგობრულ რჩევას მოგცემ - მხოლოდ თავმდაბლობით (რაც აკლიათ ქართველებს, ზომაზე მეტად ფიცხები ვართ) და თავდაუზოგავი შრომით შეძლებ დაიპყრო მრავალი დიდი მწვერვალი. შენ შეგიძლია დიდი ფეხბურთი ითამაშო...
- რა მაქვს თავში ასავარდნი? "ვიტესი" თუ "ალანია"? მგონი დიდი არაფერი გუნდები არაა და დამიჯერე, შენც რომ წასულიყავი 15 წლის ასაკში "ბარსელონაში", ცოტა შენც აგივარდებოდა :). ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, რომ ეგეთი პრობლემები არასდროს მექნება.
მკითხველი:
- გიორგი, ძალიან მაინტერესებს, რამდენ წამში ფარავ 10 და 30-მეტრიან დისტანციებს?
- "ბარსელონაში", "ვიტესსა" და "ალანიაში" არ მირბენია მსგავსი სახის დისტანციებზე და ნამდვილად ვერ გეტყვი.
მკითხველი:
- გამარჯობა, გიო, ვარჯიშს დღეში რამდენ საათს უთმობ და როგორია შენი ყოველდღიური ყოფა რუსეთში?
- ჯერჯერობით რუსეთში არ ჩავსულვარ, ახლა მეოთხე შეკრებას გავდივართ და ძალიან ვიტვირთებით. დღეში 2 ვარჯიშია: დილით ძირითადად ფიზიკური და გამძლეობაზე, საღამოს კი ბურთან ერთად, სტრატეგიული ვარჯიშები დაახლოებით 3-4 საათ გრძელდება.
ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო კითხვებისთვის და მერწმუნეთ, ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება!