"გალათასარაი" ევროპული კალათბურთის გრანდია და თავად "მანუმაც" აღნიშნა, რომ სტამბულის კლუბში გადასვლა მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
იტალიურ გუნდში კი ქართველი კალათბურთელი სტაბილური თამაშით გამოირჩეოდა და მის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.
მარკოიშვილის დებიუტი თურქულ გუნდში 30 იანვარს შედგა - მაშინ "გალამ" "ევროთასზე "ულმთან" წააგო. სამაგიეროდ, უკეთესი გამოვიდა ქართველის დებიუტი თურქეთის ჩემპიონატში - სტამბულელებმა "ალიაღა პეტკიმს" სძლიეს.
მანუჩარმა "გალათასარაის" რიგებში საუკეთესო მატჩი "ოლინ ედრინთან" ჩაატარა. მისმა
მანუჩარ მარკოიშვილის კარგი თამაში ორმაგად სასიხარულოა, რადგან ევრობასკეტ 2013-ს ქართველი უკანახაზელი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.
მანუჩარ მარკოიშვილი Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.
"მოგესალმებით ყველას და დიდი მადლობა დასმული კითხვებისთვის.
მიხარია, რომ საქართველოში კალათბურთი იბრუნებს პოპულარობას და იმედია, რომ მალე ჩვენი თამაშით და მონდომებით უფრო მეტ გულშემატკივარს გაგახარებთ".
- მკითხველი:
გამარჯობა, მანუჩარ! ძალიან მომწონს შენი თამაში. მაინტერესებს, არასდროს გქონია სურვილი, ძალები NBA-ში მოგესინჯა?
- გმადლობთ, რომ მოგწონთ ჩემი თამაში. NBA-ში წასვლა, ისევე, როგორც ყველა კალათბურთელს, მეც ძალიან მინდოდა და მინდა! სამწუხაროდ, დრაფტზე მოხვედრამდე 2-ჯერ სერიოზული ტრამვა მივიღე და გარკვეულწილად ამან შემიშალა ხელი.
- ავთო, 23 წლის:
გამარჯობა, მანუ! შენი აზრით, ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელი გვჭირდება?
- სამწუხაროდ, ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ნატურალიზებული კალათბურთელი და მეც ასე მეგონა რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს ღირსებას შეიმონდ უილიამსი და ტაირონ ელისი იცავდნენ, რომლებიც ჩვენზე ბევრად მაღალი დონისანი იყვნენ და ჩვენ ყოველდღიურად გვეძლეოდა საშუალება, მათგან ბევრი რამ გვესწავლა. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ასეთი ნატურალიზებული არ გვყავს და აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ ქართველებმა ჩაანაცვლონ ნატურალიზებული.
- მკითხველი:
კალათბურთი რომ არ ყოფილიყო, რა პროფესიის ადამიანი იქნებოდით?
- კალათბურთის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი, თუმცა კალათბურთელობამდე ცეკვაზე დავდიოდი და ალბათ გავყვებოდი კიდეც :)))
- მკითხველი:
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვარ და ვამაყობ თქვენით, მაგრამ სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი ფედერაციაზე, რომელიც, რბილად რომ ვთქვა, კარგად ვერ მუშაობს. მათთან მთავარი პრეტენზია ნატურალიზებულ კალათბურთელებთან დაკავშირებით მაქვს, ბოლო დროს მოწვეულებიდან ვერცერთი აკმაყოფილებდა ჩვენი ნაკრების მოთხოვნებს... მინდა გკითხო, შენ როგორ აფასებ ფედერაციის მუშაობას?
- ჩემი მხრიდან ძნელია ფედერაციის მუშაობის შეფასება და ვთვლი, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის შეფასება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ საქართველოს ნაკრების გამოსვლიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს კალათბურთი არ არის მხოლოდ საქართველოს ნაკრები!
რაც შეეხება ნატურალიზებულ მოთამაშეს, ლატარიასავითაა, შეიძლება გაგიმართლოს და მართლაც ვიპოვოთ კიდევ ერთი ტაირონ ელისი, თუმცა ბოლო წლებში არ გვიმართლებდა ამ საკითხში!
- პავლე, 21 წლის:
მანუჩარ, რისი წყალობით მიაღწიეთ ასეთ სტაბილურობას? თქვენ ყველა მწვრთნელისთვის იყავით დასაყრდენი კალათბურთელი...
- არასტაბილურობა ჩემი ყველაზე დიდი მინუსი იყო და მუდამ ამის გამოსწორებაზე ვმუშაობ. ვცდილობ, რომ თამაშიდან თამაშამდე სათანადოდ მოვემზადო და ფორმა მაქსიმალურად შევინარჩუნო. მწვრთნელებს კი სჯერათ იმ კალათბურთელების, ვინც მოედანზე ვარჯიშისა და თამაშის დროს მუდამ ბოლომდე იხარჯება და იბრძვის, მიუხედავად სიტუაციისა.
- გიორგი:
მანუ, ძველი თუ ახალი თანაგუნდელებიდან ვის გაუწევდით რეკომენდაციას საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ?
- ნატურალიზებულ კალათბურთელს მუდამ მწვრთნელი ირჩევს და ის მის სისტემასა და გუნდში უნდა ჯდებოდეს.
- მკითხველი:
მანუჩარ, ალბათ უკვე გარკვეული შთაბეჭდილება შეგექმნებოდა თურქეთის ჩემპიონატზე. მაინტერესებს, როგორ შეადარებდი ერთმანეთს იტალიისა და თურქეთის პირველობებს? სად უფრო მაღალი დონეა?
- არ მეგონა, თურქეთში თუ ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატი იქნებოდა, რადგან ბოლო წლები არ ვადევნებდი თვალს, თუ არ ჩავთვლით ევროლიგაზე მოასპარეზე თურქულ გუნდებს. ძლიერი ჩემპიონატია და ამას განაპირობებს თითოეული კლუბის ბიუჯეტი, რომელიც საშუალებას აძლევს გუნდებს, მაღალი კლასის მოთამაშეებით გაძლიერდნენ და მოემზადონ ჩემპიონატისთვის.
იტალიაში ამ ეტაპზე მართლაც კრიზისია, თუმცა ჩემპიონატის დონე არ ჩამოუვარდება თურქეთის ჩემპიონატის დონეს.
- ნიკა, 20 წლის:
გამარჯობა, მანუჩარ! თქვენი აზრით, საქართველოს რა შანსები აქვს ევროპის ჩემპიონატზე?
- ევროპის ჩემპიონატზე შანსები დამოკიდებული იქნება ნაკრების მოსამზადებელ პერიოდზე. რა თქმა უნდა, რთული თამაშები გველის და იმედია, რომ კარგი მომზადება ჩვენს შანსებს გაზრდის.
- ლაშა, 21 წლის:
მანუჩარ, თქვენი აზრით, ვინმე მაღალი დონის გამთამაშებელი რომ დავიმატოთ, შეგვეძლება მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან და მსგავსი დონის გუნდებთან გამარჯვება?
- მე მჯერა, რომ ჩვენ გვყავს მაღალი დონის გამთამაშებლები! ესპანეთთან და მსგავსი დონის გუნდებთან გამარჯვება ეს მარტო საქართველოს ნაკრების ამოცანა არაა და ამას წელს ბევრი ეცდება ნატურალიზებული, მაღალი დონის გამთამაშებლის გარეშე.
- მკითხველი:
მანუჩარ, საკლუბო თუ სანაკრებო კარიერის მანძილზე არაერთი ძლიერი კალათბურთელის წინააღმდეგ გიასპარეზიათ, მაგრამ მაინც ვინ იყო ის მოთამაშე, ვინც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე? იქნებ თავად ის მატჩიც გაიხსენოთ, როცა ამ კალათბურთელის წინააღმდეგ ითამაშეთ...
- ყველაზე ძლიერები დეჟან ბოდიროგა და დიმიტრის დიამანტიდისია, რომელთა წინააღმდეგაც მითამაშია. მათ ზუსტად იციან, როგორ მიაღწიონ გამარჯვებას ყოველ თამაშში!
- მკითხველი:
მანუჩარ, საქართველოს ნაკრებში ბევრ უცხოელს უთამაშია. შენი აზრით, ვინ იყო მათგან ყველაზე ძლიერი?
- ალბათ ყველაზე ძლიერი შეიმონდ უილიამსი იყო, თუმცა საქართველოს ნაკრებს უფრო ტაირონ ელისი გამოადგა.
- მკითხველი:
მანუჩარ, ცხადია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისეთ ქვეჯგუფშია მოხვედრილი, სადაც 2 გამსვლელი ადგილი დიდი ალბათობით უკვე დაკავებულია. ჩვენ სწორედ იმ ერთი დარჩენილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რა არის ის მთავარი კოზირი, რითაც ჩვენ შევძლებთ ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის ძლევას?
- აუცილებელი იქნება დაცვის პრობლემის მოგვარება, რომელიც გასულ ზაფხულს გვქონდა! დაცვის ხარჯზე შევძლებთ ჯგუფიდან გასვლას.
- მკითხველი:
გამარჯობა, მანუჩარ! თქვენი აზრით, საქართველოს სუპერლიგას აქვს წინსვლა? რას ფიქრობთ, როგორ უნდა მივიდეთ ისეთ დონემდე, როგორიც იტალია, ესპანეთი და თურქეთია?
- ბოლო წლებში მართლაც არის წინსვლა საქართველოს ჩემპიონატში და ახლა ამის შენარჩუნებაა საჭირო. ესპანეთის, იტალიისა და თურქეთის ჩემპიონატამდე სანამ მივალთ, ჯერ ბელგიის, ხორვატიის, სლოვენიის ჩემპიონატებამდე უნდა მივიდეთ და დამიჯერეთ, ესეც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ ამას მოვახერხებთ.
- ლექსო, 13 წლის:
რამოდენიმე კითხვა მაქვს: აპირებთ თუ არა "გალათასარაიში" თამაშის გაგრძელებას? NBA-ზე რას ფიქრობთ, რომელ გუნდს ქომაგობთ? ესპანეთის დამარცხების რამხელა შანსი გვაქვს?
- "გალათასარაისთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ კონტრაქტის ბოლომდე დავრჩები.
NBA-ში ვქომაგომ "ატლანტას" და ზაზა ფაჩულიას.
ესპანეთის დამარცხება ძალიან რთული იქნება, თუმცა შანსები ნამდვილად გვაქვს.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კითხვებისთვის და იმედი მაქვს, რომ ამომწურავი პასუხები მიიღეთ.