ლევან ყენიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" შემტევი ნახევარმცველი ლევან ყენია ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ფორმას იბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ გელზენკირხენის "შალკეში" მყოფ ქართველ ფეხბურთელს ტრავმის გამო ორ წელზე მეტი გაუცდა, თუმცა, საბედნიეროდ, ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა.

გამოჯანმრთელებული ყენია ლვოვის "კარპატიში" შარშან გადავიდა და უკრაინელი გულშემატკივრის გული უმალ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველი არაერთხელ შეიყვანეს უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.

ათამაშებული ლევან ყენია საქართველოს ნაკრებსაც დაუბრუნდა. ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ბოლოს ის საფრანგეთთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩშიც ათამაშა.

ლევან ყენია
Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ლევან ვარდოსანიძე, 13 წლის:
- ლევან, რა არის მთავარი და აუცილებელი მაღალი დონის ფეხბურთელობისთვის?
- ჩემი აზრით, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან ბევრი რაღაცაა საჭირო. თავის დროზე, როცა "შალკეში" ვთამაშობდი და ახლაც, ძალიან დიდ დროს ვუთმობდი რეჟიმს, რაც პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრებაში ბევრს ნიშნავს. რეჟიმი ბევრნაირია, მე ჩემი მაქვს და ამის ჩამოთვლა ცოტა შორს წაგვიყვანს.

მკითხველი:
- ლევან, მინდა იცოდე, რომ მთელი საქართველო გგულშემატკივრობს, რადგან უმრავლესობისთვის ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი ხარ, დაახლოებით ისეთი მოლოდინით, როგორიც გიორგი ქინქლაძეზე გვქონდა.

რა თქმა უნდა, ხანგრძლივმა ტრავმამ შეაჩერა შენი ზრდა, თუმცა გვაქვს გარეთ ბეილის მაგალითი, რომელმაც ასევე ადრეულ ასაკში მიიღო უმძიმესი ტრავმა, მაგრამ ვხედავთ, თუ რა დონეს მიაღწია დაბრუნების შემდეგ! ამიტომ მინდა გკითხო, სადამდე გინდა მიაღწიო, შენი მიზანი ისევ არის ევროპულ გრანდებში წამყვან როლებზე თამაში? და რამდენად მზად ხარ ამ მიზნის მისაღწევად?
- ნამდვილად ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე და ვამაყობ, რომ ისევ დავუბრუნდი ფეხბურთს. ეს ძალიან რთული გზა იყო ჩემთვის. რაც შეეხება ჩემს კარიერას, დრო გვიჩვენებს, რა მოხდება. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ დავუბრუნდე ძველებურ ფორმას. ვნახოთ, რა გამოვა.

მკითხველი:
- ლევან, თუ საიდუმლო არ არის, რომელ ევროპულ კლუბს ქომაგობ და რა შანსები გაქვს, რომ უკრაინას და რუსეთს რაც შეიძლება შორს მოსცილდე?
- მიუნხენის "ბაიერნს" ვქომაგობ. რაც შეეხება მეორე კითხვას, დრო გვიჩვენებს.

გიორგი კუზიბაბაშვილი, 24 წლის:

- როდის მოიგებ "ოქროს ბურთს"?
- რთული შეკითხვაა, პასუხის გაცემა მიჭირს :)

გიორგი დაშნიანი:
- პირველ რიგში, ლევან, უდიდეს პატივს გცემ და ვთვლი, რომ შენ სულ მალე ჩამოყალიბდები ეროვნული ნაკრების ლიდერად. მაინტერესებს ახლა, როცა ნელ-ნელა იმკვიდრებ ადგილს უკრაინაში, "შალკედან" მოწვევის შემთხვევაში რას იზამ?
- "შალკე" ძალინ დიდი გუნდია, მაგრამ დაბრუნება არ მსურს, ცუდი მოგონებები მაქვს იქაურობასთან დაკავშირებით.

მკითხველი:
- ლევან, შენ მიერ გატანილი გოლებიდან რომელს მიიჩნევ საუკეთესოდ ან რომელი უფრო დაგამახსოვრდა?
- ასე ვერ გამოვარჩევ, ნაკრებში პირველი გატანილი გოლი ძალიან სასიამოვნო მოგონებაა.

მკითხველი:

- გამარჯობა, ლევან! სიამოვნებით ვადევნებ თვალს შენს მიერ გატანილ გოლებს და სიამოვნებით ველოდები იმ დროს, როცა სათანადო ფორმაში იქნები, როგორც გერმანიაში თამაშისას... ახლა რაც შეეხება შეკითხვას: თავის გამოსაჩენად ანანიძესაც და ყენიასაც საკმარისი დრო ჰქონდათ, თუმცა სასურველ დონეზე ვერც ერთმა ვერ ითამაშა. რას იტყვი ამის შესახებ? გისურვებ წარმატებას.
- რა შემიძლია ვთქვა?! საერთოდ, სიმართლე რომ გითხრათ, სასტარტოში თამაშს ველოდი, რადგან კარგ ფორმაში ვიმყოფებოდი, მაგრამ მწვრთნელმა სხვანაირად გადაწყვიტა. ამან ცოტა იმოქმედა ჩემზე ფსიქოლოგიურად, თან მოედანზე რომ გამოვედი, უკვე სრული უპირატესობა ჰქონდათ ფრანგ ფეხბურთელებს. ძირითადად, უბურთოდ დავრბოდი და ჩვენი გუნდი ხან უკნიდან თამაშობდა, როგორც ყოველთვის. ასეთ შემთხვევაში რას ელოდა ქეცბაია ჩემგან, ძნელი სათქმელია, ცოტა გაურკვეველიცაა ჩემთვის.

მკითხველი:
- ლევან, გამარჯობა! მაინტერესებს, სეზონის დასრულების შემდეგ რომელ კლუბში გსურს გადასვლა და თუ არის ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული მოლაპარაკება?
- ჯერ არ ვიცი, შემდეგ წელს რა იქნება.

რატი, 23 წლის:
- ლევან, ტრავმის პერიოდში ქართველმა ქომაგებმა შენს გასამხნევებლად შენი მხარდასაჭერი ბანერი გააკეთეს: "უშენოდ მოსაწ-ყენია ლევან". რას ნიშნავდა ეს ყველაფერი შენთვის და ვინ გედგა ყველაზე მეტად მხარში იმ პერიოდში?
- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. აუცილებლად გადავუხდი მადლობას ჩემი თამაშით, ყოველ შემთხვევაში, ვეცდები ყველანაირად. ჩემმა ოჯახმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ფეხბურთში დაბრუნებაში და დიდი მადლობა მათ.

მკითხველი:
- გამარჯობა, ლევან! ბავშვობაში (შენს წლოვანებაში) თუ იყო ვინმე შენზე ნიჭიერი და იმედისმომცემი ფეხბურთელი და როგორ განვითარდა მისი კარიერა?
- კი, ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი მყავდა ირგვლივ, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრმა ვერ მოახერხა ფეხბურთის თამაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სპორტი ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს; ყველას არ შესწევს იმის ძალა, რომ ეს მსხვერპლი გაიღოს.

მკითხველი:

- ლევან, ქომაგები შენზე ვამყარებთ იმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებ. როგორ აფასებ საქართველოს ნაკრების პერსპექტივებს? წარმატებებს გისურვებ.
- ეს ცოტა რთული თემაა ჩემთვის. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ იმ სახეს, რაზეც საქართველოს ნაკრები უნდა მუშაობდეს მაინც. ჩემი აზრით, თავისი ხელწერა უნდა ჰქონდეს ნაკრებს. ამაზე უნდა მუშაობდეს მაინც, რაც მწვრთნელის საქმეა. მე მინდა, რომ ქართველები აგრესიულ ფეხბურთს ვთამაშობდეთ - აგრესიულს არა მარტო დაცვაში, არამედ შეტევაშიც; პრესინგს მივმართავდეთ და ასე შემდეგ. ჩვენ გვყავს სწრაფი ახალგაზრდები და ტექნიკურები; უბრალოდ, ჩემი აზრით, მათ სწორი მიმართულება უნდა მისცე, იმუშაო და შედეგიც იქნება.

მკითხველი:
- ლევან, რა აზრის ხარ, ამ ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში რომ არ გამოიძახეს კობიაშვილი, იაშვილი? ასაკოვან ფეხბურთელებზე მაქვს საუბარი და ამას მოჰყვა კობის ახლანდელი განცხადება, რომ ის ნაკრებიდან წავიდა... რას ფიქრობ ამ თემაზე?
- ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მიდიან დამსახურებული ვეტერანები ფეხბურთიდან. ჩემი აზრით, კობის და იაშკას კიდევ შეეძლოთ ნაკრებისთვის დახმარება. ბევრი ფეხბურთელი ნამდვილად არ გვყავს, ვინც ევროპაში თამაშობს. ევროპის გამოცდილება მაინც სულ სხვაა. კობის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საჯაროდ. მეამაყება, რომ მის გვერდით ვთამაშობდი და იმედი მაქვს, რომ ქართულ ფეხბურთში დაბრუნდება, ოღონდ სხვა სტატუსით.

მკითხველი:
- მაგრად მიყვარხარ ბავშვობიდან. რასაც გიყურებ, ყოველთვის ბოლომდე იხარჯები და წარმატებას გისურვებ, ცოტა ჯანზე მოდი, დახვეწე გრძელი პასები და შენნაირი ნაკრებში კი არა, საქართველოში არ იქნება : ) წარმატებას გისურვებ. იმედი მაქვს, არ დაიკარგები.
- მადლობა.

მკითხველი:
- ლევან, ჩემი კითხვა შემდეგშია: როდის ვიხილავთ იმ ყენიას, რომელიც იყო "შალკეში"?
- მაგ საკითხზე მძიმედ ვმუშაობ :)

მკითხველი:
- ლევან, რომელიმე ევროპული გუნდიდან გაქვთ შემოთავაზება?

- ჯერჯერობით არა.

მაქსიმე:
- გამარჯობა, ლევან! შენი თამაშები ჯერ კიდევ "ლოკომოტივიდან" მახსოვს. მე პირადად იმ დროს შენს სანახავად დავდიოდი თამაშებზე. მიხარია, რომ იმ უმძიმესი პერიოდის შემდეგ კვლავაც დაუბრუნდი დიდ ფეხბურთს. ლევან, ასეთი იდეა მაქვს და მაინტერესებს, რამდენად მოგეწონება: მინდა, რომ თამაშამდე, მინდორზე გასვლისას, მატჩის წინ (ნაკრებს ვგულისხმობ) მთელმა გუნდმა ერთად - ერთობლივად აღავლინოთ ლოცვა! თუნდაც "მამაო ჩვენო". ეს გააძლიერებს ჩვენი გუნდის მფარველ ანგელოზს! ამ ყველაფერს უდიდესი ძალა და მფარველობა გააჩნია!!! კარგი იქნება, თუ ეს პრაქტიკა დაინერგება ყველა ასაკობრივ ნაკრებში. დიდი მადლობა.
- ძალიან კარგი იდეაა. მე სულ ვცდილობ, ვილოცო თამაშის წინ და ძალიან მეხმარება. მადლობა.

მკითხველი:
- ლევან, ძალიან სამწუხაროა, რაც შენ გადაგხდა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინ გაქვს. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივა. ჩვენი ფეხბურთის იმედი ხარ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.

ახლა რაც შეეხება კითხვას: თემურ ქეცბაიასთან ჭიდილი რამეს მოგცემს შენ ან თუნდაც გიორგი ჭანტურიას? ეს ადამიანი, რა კონტინგენტიც ჰყავს, იმით შეძლებისდაგვარად წვალობს და ბოლო-ბოლო, ზოგიერთების მიერ ფურცელზე დაწერილი სახელებითა და გვარებით აღარ ხელმძღვანელობს. კი, მართალია, ქეცბაიას შენს ბიძასთან აქვს დაპირისპირება, მაგრამ შენ რა შუაში ხარ? ისინი თვითონ მოაგვარებენ.

ალალად მითხარი, 2-წლიანი ტრავმის შემდეგ, რაც ქეცბამ გაგიკეთა და ნაკრებში 17 წუთი დაგითმო, ამას ბევრი იზამდა? მოედანზე შენც იყავი და ანანიძეც (საფრანგეთთან) 45-45 წუთი და მოგეწონა ან შენი, ან მისი თამაში?

დღეს შენისთანა, ჯანოსნაირი და ჭანტურიასნაირი ტალანტების დაკარგვის დრო არაა. ქინქლაძე გაიხსენეთ, თუ რა ტალანტი დაიკარგა. დღეს რომ მესის გაიძახის ნახევარი მსოფლიო და ნახევარი რონალდოს, მაგ ყველაფერს ქინქლაძე 97/98 წლებში აკეთებდა, მაგრამ სადაა ახლა ქინქლაძე და სად მესი და რონალდო?! მიდგომაა საჭირო და ბევრი შრომა და არა ისეთი ადამიანის facebook-ებით ლანძღვა, როგორიც ქეცბაიაა. ეგ არც ჩემი ბიძაშვილია და არც არანაირი ახლობელი. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ სამივეს, რომ გაგვახარეთ ეს ქართველები.

ბოლო-ბოლო, რა გახდა ერთი ფინალურ ეტაპზე გასვლა, მონტენეგრო გადის ბოლო-ბოლო. 6 წელია, რაც დამოუკიდებლები არიან და მე-3 შესარჩევია, რაც მონაწილეობენ და მსოფლიოზე პირველი ადგილით გადიან ინგლისთან ჭიდილით. ვინ ჰყავთ? - ვუჩინიჩი და იოვეტიჩი, სხვა არც ერთი ცნობილი სახე არ ჰყავთ, მაგრამ "ჟილკა" აქვთ.

ჩვენთან კი პირიქითაა - ადრეულ ასაკში ტალანტები გვყავს, მაგრამ შემდეგ უგზოუკვლოდ ქრება ეს ტალანტები, სამწუხაროდ.

მეგობრულად მინდა რჩევა მოგცეთ: არ მოგიტანთ არც თქვენ, არც თემოს და არც ქართველ ხალხს დაპირისპირება არაფერს. იშრომეთ, იომეთ და ყველაფერი გამოვა.

- საინტერესო კითხვაა. საფრანგეთთან თამაშზე უკვე ვისაუბრე. ბიძაჩემისა და ქეცბაიას კონფლიქტი ჩემს საქმესთან არაფერ კავშირშია, დამიჯერე. უბრალოდ, უსიამოვნოა ჩემთვის, თორემ ფეხბურთთან არანაირი კავშირი ამას არ აქვს. ხოლო რაც შეგვეხება მე და ქეცბაიას, ჩემზე კარგად არავინ იცის, ეს ვის რას მოუტანს და კარგად ვიცი, რა შედეგიც მოჰყვა ამას და რა შეიძლება კიდევ მოჰყვეს. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ მე ამბიციური ფეხბურთელი ვარ, სულ მინდა, რომ მეტი და მეტი გავაკეთო და ვცდილობ, ეს მოედანზე დავამტკიცო. Uბრალოდ, ჩემს აზრს ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებმა უფრო აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს შეტევაში, უფრო მეტი პრესინგი იყოს და ა.შ.

რა უნდა ვქნათ ჩვენ, შემტევმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ისედაც ცოტანი გამოვდივართ მოედანზე და მეტწილად მეტოქის კარიდან 70 მეტრში გვიწევს თამაში, ამიხსენი?

რაც შეეხება იმას, რომ ამბობენ: "აბა, გახსნილ ფეხბურთს ხომ არ ვითამაშებთ, ამოგვტენიანო", გახსნილი ფეხბურთის თამაში იმას არ ნიშნავს მარტო, რომ გაიქცე წინ და მორჩა. Mოკლედ, ეს ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს. არავისთვის ჭკუის დარიგება არ მინდა, უბრალოდ, ეს ჩემი აზრია. ყველას თავის ფილოსოფია აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს.

მკითხველი:
- ფელიქს მაგათი მართლა ეგეთი ჯალათია?
- კი, ნამდვილად ძალიან რთული იყო მასთან მუშაობა.

მკითხველი:
- მიგაჩნია, რომ ქეცბაიას გადადგომა ნაკრებისთვის უკეთესი იქნება? ქართველი ფეხბურთელები ხომ არც ისე კარგ გუნდებში თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, შენც ეცნობი, ბევრს იქაც კი სათადარიგოებში უწევს ყოფნა. იქნებ ქეცბაია ნაკლებად არის დამნაშავე ამაში? და ეს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების მაქსიმუმია?
- ამ თემაზე უკვე ბევრი ვისაუბრე. რა თქმა უნდა, შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთში. ახლა ჩაკეტილ ფეხბურთს რომ ვთამაშობთ, გვაქვს შედეგი, თუ რისი თქმა გინდათ? ჩემი აზრით, ჩაკეტილი ფეხბურთით, უბრალოდ, დროს ვკარგავთ, რომ რაღაც სხვა სტილი, აგრესიული პრესინგი ან რამე ჩამოვაყალიბოთ. ეს ფეხბურთი, უბრალოდ, დროებითია თამაშიდან თამაშამდე, რომ გინდა, დროზე დამთავრდეს შეხვედრა და იქნებ ქულა ავიღოთ. ასეთია ჩემი აზრი, ვისაც როგორ უნდა, ისე მიიღოს. თუ მართალი არ ვარ, მაშინ ამიხსენით და გავიგებ. შეიძლება, მე ვცდები.

მკითხველი:
- ლევან, ახლა როგორ ფორმაშიც ხარ, როგორ ფიქრობ, მაგ ფორმაში რომ ყოფილიყავი, "შალკეში" დაგტოვებდნენ?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვცდილობ, რომ მოვუმატო თამაშს.

შალვა, 17 წლის:
- რას იტყვი ნაკრებზე, რას ხედავ მასში კარგს და რას ცუდს; შენი აზრით, რა არის შესაცვლელი, რატომ ვერ ხერხდება წარმატების მიღწევა და ზოგადად, ნაკრებზე მინდა გვესაუბრო, როგორია პერსპექტივა და იმის შანსი, რომ ჩვენი გუნდი თუნდაც შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზებს და ჯგუფიდან გავა. გვაქვს ამის რესურსი?
- ვნახოთ, რა იქნება შემდეგ სეზონში. შევხედოთ, რა მოხდება, წინასწარ არ მინდა რამის თქმა.
რთული სათქმელია. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ჩემი კარიერის ბოლომდე მინდა, რომ აუცილებლად ვითამაშო ევროპაზე ან მსოფლიოზე და ამისთვის ყველანაირ მსხვერპლს გავიღებ. ჩემი აზრით, ამ ფეხბურთით, რასაც დღეს ვაჩვენებთ, ძალიან გაგვიჭირდება.
მადლობა ყველას!

სიახლეები პოპულარული