თორნიკე შენგელიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია 2012 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აიყვანა, საიდანაც "ბრუკლინმა" გამოისყიდა.

"ნეთსის" ქართველ ფორვარდს მისთვის სადებიუტო სეზონში თამაში იშვიათად უწევდა და მეტოქეების დაწიოკება, ძირითადად, D ლიგაში უხდებოდა, მაგრამ შენგელიამ NBA-ში ორმაგი დუბლის გაფორმებაც მოასწრო (იხილეთ ვრცლად).

თუ მის მონაცემებს და შრომისმოყვარეობას გავითვალისწინებთ, ეჭვგარეშეა, მომავალ სეზონში 21 წლის კალათბურთელს გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება. იქამდე კი ევრობასკეტზე თორნიკე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი იქნება.

თორნიკე შენგელია Sportall.ge
-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ირაკლი არქანია, 18 წლის:
- გამარჯობა, თორნიკე! ვიცი, მონდომება არ გაკლია და ყველაფერს აკეთებ, რომ უფრო და უფრო კარგად ითამაშო მომავალ თამაშებში. ძალიან მაინტერესებს, რა შეგმატა NBA-მ; ვიცი, ხშირად არ გიწევდა თამაში, მაგრამ თუნდაც ვარჯიშმა - უმაღლესი კლასის მოთამაშეებთან, როგორიცაა დერონი, ლოპესი, ჯო ჯონსონი და ა.შ.
- გამარჯობა, ირაკლი! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თამაში არ მომიწია, მაინც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე თითოეული ვარჯიშისგან და თითოეული მატჩისგან.

მკითხველი:
- დერონი ძალიან ბლატაობს? :)
- ვისთანაც გასდის, იმასთან ბლატაობს :)

გიორგი ყორღანაშვილი, 14 წლის:
- თოკო, მაინტერესებს, ვინ არის შენი საყვარელი კალათბურთელი?
- გამარჯობა, გიორგი! ჩემი საყვარელი კალათბურთელი მანუ ჯინობილია, თუმცა ვთვლი, რომ ამჟამად ლიგაში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი და კევინ დურანტი არიან.

ირაკლი, 19:

- თოკო, როგორი გრძნობაა, როცა ხარ ნამდვილი ვარსკვლავი?
- გამარჯობა, ირაკლი! მადლობა, რომ ვარსკვლავად მთვლი. მაგალითად, მე ძალიან მსიამოვნებს და ვაფასებ, როცა სრულიად უცხო ადამიანები ძალიან დიდ პატივს გცემენ შენი საყვარელი საქმის კეთებისთვის და აფასებენ ამას... ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა.

მკითხველი:
- გამარჯობა, თოკო! მაინტერესებს, ხომ არ გიფიქრია NBA-ს რომელიმე შედარებით სუსტ კლუბში გადასვლა, სადაც უფრო მეტი სათამაშო დრო გექნება?
- გამარჯობა! ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, სად გადავალ და როგორ, თორემ ისეთ გუნდს შევარჩევდი, სადაც თამაში მომიწევდა, თუმცა იმედია, სადაც ახლა ვარ, შემდეგ წელს უფრო მეტი თამაში მომიწევს.

მკითხველი:

- როგორ ფიქრობ, რა შანსები გვაქვს ევრობასკეტზე და საჭიროა თუ არა ზაზას დროებით შემცვლელად ფერადკანიანი კალათბურთელის დამატება?
- გამარჯობა! შანსები დიდი და რეალურია. რაც შეეხება იმას, სჯობს თუ არა ზაზას დროებით შემცვლელად ფერადკანიანი უცხოელი ავიყვანოთ, ამის თქმა გამიჭირდება. ალბათ, უფრო ადვილი გადასაწყვეტი იქნება ეს, როცა ნაკრები შევიკრიბებით და გადავხედავთ გუნდის შესაძლებლობებს.

ვილი, 15 წლის:
- გამარჯობა, თოკო! არ გაქვთ სურვილი, რომ ერთხელ ჩავატაროთ ერთად ვარჯიში? ჩვენ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით ამით... დიდი მადლობა.
- გამარჯობა, ვილი! დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი ვარჯიშს თქვენთან ერთად, თუ მიმიწვევთ.

მკითხველი:

- გამარჯობა, თოკო! რა არის აუცილებელი, NBA-ს მოთხოვნები რომ დააკმაყოფილო? სად ჯობია კარიერა დაიწყო, ამერიკაში თუ საქართველოში?
- გამარჯობა! NBA-ს მოთხოვნები რომ დააკმაყოფილო, რამე კონკრეტული საჭირო არაა. ალბათ, უფრო ისაა საჭირო, რომ ყველა კომპონენტში იყო მაგარი. რასაკვირველია, უმჯობესია, როცა თავიდანვე საზღვარგარეთ კვალიფიცირებულ კლუბში დაიწყებ კარიერას, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნები - იქაც და აქაც მაქსიმალურად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე.

გიორგი შენგელია, 29 წლის:
- თორნიკე, მეც შენგელია ვარ და მინდა გითხრა, რომ ყველა შენგელია შენით ამაყობს! ხომ არ გაქვს რაიმე ისტორია, გვართან დაკავშირებით, რომელიც უცხოეთში გადაგხდა?
- გამარჯობა, გიორგი! გაიხარე, სასიამოვნოა, რომ შენც შენგელია ხარ. რამე კურიოზი გვართან დაკავშირებით არ გადამხდენია, უბრალოდ, ხანდახან უჭირთ ხოლმე წარმოთქმა.

მკითხველი:
- გამარჯობა, თორნიკე! ერთი რჩევა მინდა: 15 წლის ასაკში სად ჯობია წასვლა, შენი აზრით - ევროპაში, ამერიკაში თუ ჯობია, საქართველოში დავრჩე? მინდა პროფესიონალი გავხდე. როგორ მოვიქცე?
- გამარჯობა! გასავითარებლად მე პირადად ამერიკას ევროპას ვამჯობინებ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნები, აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე.

მკითხველი:
- გამარჯობა, თოკო! რომელ კალათბურთელთან გაქვს ყველაზე კარგი ურთიერთობა ბრუკლინში?
- გამარჯობა! მირზასთან (ტელეტოვიჩი) მაქვს გამორჩეულად კარგი ურთიერთობა, მაინც ევროპელია, "ჩვენიანია" :)) სხვა მენტალიტეტი გვაქვს.

მკითხველი:

- მაგარი კაცი ხარ, ძმა! მაინტერესებს, რატომ არც ერთი თამაში არ მოგცა კარლესიმომ "ჩიკაგოსთან", მით უფრო, რომ ასეთ მაგარ ფორმაში იყავი და პლეი ოფის წინ სერიოზული შედეგიც აჩვენე?
- გამარჯობა! გაიხარე ძმა, დიდი მადლობა. არ ვიცი, მთავარი მწვრთნელია და მისი გადაწყვეტილება ასეთი იყო, ჩემთვის მიზეზი არ უთქვამს.

მკითხველი:
- თოკო, არსებობს ინფორმაცია, რომ ფაჩულიას მაგივრად ვინმე ამერიკელი უნდა დავიმატოთ "ევრობასკეტზე". ვიცი, რომ ეს საკითხი შენი კომპეტენცია არაა, მაგრამ შენი ნება რომ იყოს, ვის დაიმატებდი ან ვისთან გააიხსნებოდი უკეთესად თამაშის დროს?
- გამარჯობა! მართალი ხარ, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე ძალიან მიჭირს ვინმეს დასახელება.

ირაკლი, 21 წლის:
- წარმატებებს გისურვებ, თორნიკე! ალბათ, მთელი საქართველო იგივეს გისურვებს და ყველას შენი წარმატების იმედი აქვს. მთავარია, მწვრთნელის ნდობა მოიპოვო, რომელ გუნდშიც არ უნდა იყო. შენი შრომისმოყვარეობის ამბავი ვიცი, რადგან ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით წერეთელზე. მოკლედ, მაგრად გქომაგობ და ხშირად ვადევნებ შენს თამაშებს თვალს. მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა გაქვს ტეილორთან, რადგან ძირითადად, ერთად გიწევთ თამაში. როგორც შორიდან ჩანდა, თამაშებში ცოტა შურიანი ტიპი ჩანს და თუ გაქვთ ახლო, მეგობრული ურთიერთობა "ბრუკლინის" ვარსკვლავებთან, დარბაზის გარეთ?
- გამარჯობა, ირაკლი! ძალიან დიდი მადლობა, გაიხარე. შენც ასევე წარმატებებს გისურვებ. ტეილორი კარგი ბიჭია, ვმეგობრობთ. მოედნის გარეთ უფრო მირზასთან ვმეგობრობ.

მკითხველი:

- გამარჯობა, თორნიკე! მე შენი დიდი გულშემატკივარი ვარ, როგორც ნებისმიერი ქართველი. ყველა ქართველის აზრში დევს ალბათ ერთი კითხვა და მინდა მეც დაგისვა ეს კითხვა: უყურებ თუ არა შენს თავს იმ გუნდში, რომელსაც შენ წარმოადგენ და თუ გაქვს შემოთავაზება სხვა დიდი გრანდებისგან?
- გამარჯობა! კი, ვხედავ ჩემს თავს იმ გუნდში, სადაც ამჟამად ვიმყოფები და ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს სხვა გუნდებისგან შემოთავაზებებზე.

გიორგი, 29 წლის:

- გამომდინარე იქიდან, რომ "ნეთსში" ძალიან ცოტა ითამაშე, ხომ არ ფიქრობ, რომ გუნდის გამოცვლა სჯობს? რომელია შენი ფავორიტი გუნდი NBA-ში?
- გამარჯობა, გიორგი! ჩემზე არ არის დამოკიდებული, გამოვიცვლი თუ არა გუნდს, მაგრამ ალბათ არც მათ აწყობთ ისეთი მოთამაშის ყოლა, თუ არ გამოიყენებენ და თუ ასე მოხდება, თვითონვე მიიღებენ გადაწყვეტილებას, დამტოვონ თუ გამიშვან სხვა გუნდში.

მკითხველი:
- გამარჯობა, თორნიკე! როგორ გახსენდება მანეჟში გატარებული წლები? მეც მანეჟში დავდივარ და მახსოვს, როგორ ვარჯიშობდი. წარმატებები "ევრობასკეტზე"!
- გამარჯობა! მანეჟის წლები ძალიან მაგრად მახსენდება. ეს იყო ადგილი, სადაც ყველაფერი დავიწყე და სადაც ეტაპობრივად ვვითარდებოდი. ძალიან დიდი მადლობა, შენც ასევე წარმატებები.

გიორგი, 25 წლის:
- თოკო, ძალიან გგულშემატკივრობ. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ შენ შეგიძლია ეფექტური თამაში, დრიბლინგი, ჩატენვა, რაც ძალიან კარგად გამოგდის; ასევე, ვიცი, რომ დაუღალავად ვარჯიშობ, თუმცა მაინტერესებს, 3-ქულიან ტყორცნას თუ უთმობ განსაკუთრებულ დროს?
- გამარჯობა, გიორგი! კი, ყოველთვის ვცდილობ, ყველა კომპონენტზე ვივარჯიშო, როდესაც მოედანზე ვარ.

მკითხველი:
- ითამაშებდი თუ არა "დოკ რივერსის" ხელმძღვანელობით?
- გამარჯობა! დიდი სიამოვნებით.

მკითხველი:
- ასევე, მინდა გკითხო, რომელ კალათბურთელს ან კალათბურთელებს გამოარჩევდი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში?
- გამარჯობა! ლებრონს, დურანტს და ჯინობილის გამოვარჩევდი.

სიახლეები პოპულარული