თქვენი საიტის მეშვეობით მინდა ერთი განცხადება გავაკეთო: იყო ჭორები, ამის შესახებ ტელევიზიაშიც ითქვა, რომ თითქოს გია გეგუჩაძემ ქუთაისის "ტორპედო" გუნდის გულშემატკივრების დაჟინებული თხოვნის შემდეგ დატოვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მე ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მომიწია ქუთაისში მუშაობა.
სითბოსა და თანადგომის მეტი არაფერი მიგრძვნია ქუთაისელი ქომაგისგან, დღესაც უამრავი მეგობარი მყავს ქუთაისში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ეს აუცილებლად აღვნიშნო.
ქუთაისელი გულშემატკივრების ერთ-ერთი მოთხოვნა ის იყო, რომ გია
კორნელი ბაქრაძე, 22 წლის:
- ბატონო გია, რატომ ერიდებით ლეგიონერების ჩამოყვანას თქვენს გუნდებში? ასევე, თვლით თუ არა, რომ "შტურმის" ბარიერის დაძლევა შესაძლებელი იყო 2-3 ლეგიონერით გაძლიერების შემთხვევაში?
- არ ვერიდები ლეგიონერების ჩამოყვანას, მაგრამ რამდენიმე გზა არსებობს გუნდის შენების. როცა დავიწყეთ მუშაობა "ზესტაფონში", ჩვენ ეს გზა დავისახეთ. ამ გადმოსახედიდან მე მკითხველს ვეთანხმები, რომ შეიძლებოდა, ვთქვათ, რამდენიმე ლეგიონერით გაძლიერებულიყო გუნდი და ამით ის ევროპალიგის ჯგუფში მოხვდებოდა.
თუმცა ეს ახლა, ამ გადმოსახედიდან ჩანს ეგრე და მე შემიძლია თამამად იმის თქმა, რომ ჩვენ რომ გაგვეგრძელებინა დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმა, რამდენიმე პოზიციაზე უკვე გვყავდა ფეხბურთელი შერჩეული, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა, ყველაფერი გამოვიდოდა. ამიტომ თვითონ სიტუაციამ უნდა გვიჩვენოს, რა მიმართულებით არის შესატანი კორექტივები.
სატრანსფერო პოლიტიკა ისე წარვმართე, რომ შევსულიყავით ევროპის ლიგის და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, მაგრამ ეს ყოველთვის ხდება ეტაპობრივად.
რისი გაკეთება შეუძლია ქართველ ფეხბურთელს, ყოველთვის მოჩანს და თუ დასახული ამოცანა სრულდება ქართველი ფეხბურთელებით, მაშინ მე ვერ ვხედავ საჭიროებას, ლეგიონერი მოვიწვიო, მაგრამ "ზესტაფონის" ბოლო თამაშებმა "შტურმთან" დაგვანახა, რომ გვაკლდა ლეგიონერები, მაგრამ რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა გეგმის მიხედვით, ეს ნაბიჯიც გადაიდგმებოდა.
მკითხველი:
- გამარჯობათ, ბატონო გია! რა იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც "ზესტაფონიდან" წამოხვედით?
- იყო გარკვეულწილად ჩემი თავის მიმართ დაყენებული ამოცანა, რომ მე ძალიან მინდოდა ჯგუფში მოხვედრა და ჩავთვალე, რახან მე ეს ვერ შევასრულე, უნდა გადავმდგარიყავი. ამაზე მოვახსენე კლუბის პრეზიდენტს, შევთანხმდით და მე დავტოვე "ზესტაფონი".
სერგი კურტანიძე:
- ბატონო გია, მე ქუთაისელი ქომაგი გახლავართ და მაინტერესებს, რა დაასახელა ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ თქვენი და თქვენი თანაშემწეების გუნდიდან გაშვების მიზეზად და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ქომაგებზე და ზოგადად, ქუთაისზე? წინასწარ დიდი მადლობა.
- ჩვენი წამოსვლის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა. მე კარგად მესმის, რომ კლუბში კურსი იცვლება, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კურსს ვეთანხმები.
მესმის, რატომ შეიძლება ამა თუ იმ ადამიანმა ეს ნაბიჯი გადადგას. კლუბმა ჩათვალა, რომ კურსი უნდა შეეცვალა, გაეახალგაზრდავებინა გუნდი და აქცენტი პერსპექტიულ ფეხბურთელებზე გაეკეთებინა.
სულით და გულით მინდა წარმატება ვუსურვო ქუთაისის "ტორპედოს". გუნდში მართლაც ნიჭიერმა და პერსპექტიულმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. ძალიან დამწყდება გული, თუ ეს ფეხბურთელები თავიანთ პოტენციალს ვერ გამოავლენენ.
კარგია არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ საქართველოსთვის, რომ ამ ბიჭებმა დიდი ფეხბურთი ითამაშონ. ვიმედოვნებ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია მათთვის, თუმცა მე ვერ დავინახე ჩემი როლი ამ გუნდის შენებაში და ვამჯობინე გაცლა.
რაც შეეხება ქუთაისს და ქუთაისელ გულშემატკივარს, მინდა მათ მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ქუთაისში ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი.
მიგვიწვიეს "ბაღის კიდეში" - ასეთი საზოგადოებაა, სადაც ნამდვილი, ჭეშმარიტი ქუთაისელები იკრიბებიან, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებიც კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებს ესწრებიან და ორგანიზებას უკეთებენ, ჩართულები არიან ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში.
"ტორპედოს" ფანკლუბთან გვქონდა გადასარევი ურთიერთობა, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.
მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ეს წელიწად-ნახევარი ასეთ კარგ ატმოსფეროში გავატარე.
სანდრო შუღლაძე:
- მოგესალმებით, ბატონო გია! მე ვარ 22 წლის ქართველი ნახევარმცველი, ჩამშლელი. მითამაშია უკრაინულ "სევასტოპოლში" წლების განმავლობაში (10 წლიდან ოჯახით ვცხოვრობდი უკრაინაში და ვარ "სევასტოპოლის" კლუბის აღზრდილი, რომელიც წელს გადავიდა უკრაინის უმაღლეს ლიგაში). მაქვს მოგებული უკრაინის პირველი ლიგა და დუბლების ჩემპიონატი, მითამაშია უმაღლეს ლიგაში რამოდენიმე მატჩიც. 2 სეზონი "სევასტოპოლიდან" გამანათხოვრეს მოლდოვურ "ისკრა-სტალში", სადაც მოვიგე მოლდოვის თასი და რეგულარულად ვთამაშობდი მოლდოვის ჩემპიონატში. აპრილიდან ეს კლუბი გაკოტრდა და "სევასტოპოლთანაც" კონტრაქტი არ გამიხანგრძლივეს. შესაბამისად, მომიწია დაბრუნება საქართველოში, ვარ თავისუფალი აგენტი და ვეძებ ამჟამად კლუბს.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის, რადგან მიმაჩნია, რომ ამით ბევრის სწავლა შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ გახდებით რომელიმე კლუბის მწვრთნელი, მაქვს თუ არა შესაძლებლობა, გავიარო თქვენთან შემოწმება, რომ გაჩვენოთ ჩემი შესაძლებლობები? ვგულისხმობ უბრალოდ სინჯს. სად და როდის შეიძლება თქვენთან კონსულტაცია ამ მხრივ? დიდი მადლობა.
- ამჟამად ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან თავადაც უგუნდოდ ვარ. სინჯებისთვის უარი არავისთვის მითქვამს და მომავალში, როდესაც დავსაქმდები, შეგიძლიათ საიტის რედაქციის შუამავლობით დამიკავშირდეთ.
მკითხველი:
- ბატონო გია, წარმატებულად თუ მიგაჩნიათ "ტორპედოში" განხორციელებული ცვლილებები და შემოთავაზების შემთხვევაში დაბრუნდებოდით თუ არა ქუთაისში? და კიდევ, რა პარალელს გაავლებდით კომპანია "ვისოლის" ბოლოდროინდელ დამოკიდებულებაზე "ტორპედოსადმი"? ჩათვლიდით თუ არა კლუბისთვის დიდად წინ გადადგმულ ნაბიჯად, რომ რაც შეიძლება მალე, მხოლოდ საკუთარ "მე"-ზე შემყურე უამბიციო კომპანია "ვისოლი" ქუთაისიდან აბარგდეს? წინასწარ გმადლობთ!
- ძალიან კარგად მესმის ქუთაისელი გულშემატკივრის გულისწყრომა. ახლა ამ კომპანიის შესაძლებლობებში რაც შედის, იმას აკეთებენ. მე არ მინდა მათი გამართლება. თუკი ადამიანს მიაჩნია, რომ ეს კურსი არის სწორი, ეს არის მისი არჩევანი. რამდენად სწორია ეს არჩევანი, ამას დრო გვიჩვენებს.
რაც შეეხება დაბრუნებას, არის ასეთი გამონათქვამი: "არასდროს თქვა არასდროს". მე ძალიან მხიბლავდა "ტორპედოში" მუშაობა და წამოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ მოვლენები ისე წარიმართა, რომ მომიწია კლუბის დატოვება. ამიტომ ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
მკითხველი:
- გამარჯობა, ნაწყენი ხართ "ტორპედოს" მფლობელებზე?
- არა, ნაწყენი არ ვარ. ყველანი ადამიანები ვართ და ყველას ჩვენი გვსურს და გვინდა. ყოველთვის მის ადგილზე უნდა დააყენო შენი თავი. შეიძლებოდა ანალოგიურად მოქცეულიყავი შენც. ამიტომ ნაწყენი არ ვარ. ურთიერთობა დღესაც ნორმალური გვაქვს.
გიორგი, 17 წლის:
- გიფიქრიათ საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე? შემოთავაზება რომ გქონდეთ, დათანხმდებოდით?
- ეს კითხვა არაერთხელ დაუსვამთ ჩემთვის. ერთ რაღაცას გავუსვამ ხაზს: სანაკრებო დონეზე ვმუშაობდი ბავშვთა ფეხბურთში, 14-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ვიყავი.
სანაკრებო მაინც სხვა სპეციფიკაა. კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ თემურ ქეცბაიასთან. მიმაჩნია, როცა ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი, ჩემი მხრიდან არაკორექტულია, რაიმე სახის კომენტარი გაკეთდეს.
საერთოდ, ალბათ, ყველა მწვრთნელს აქვს სურვილი და ამბიცია, ნაკრებში მოსინჯოს თავი და რა თქმა უნდა, მეც.
ხშირია ეს კითხვა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს საქართველოს ნაკრებს.
შეიძლება ჩემი და თემურ ქეცბაიას ხედვა ნაკრების სათამაშო სტილზე, ვინ უნდა იყოს გამოძახებული ნაკრებში და ა.შ. განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც ყველა ადამიანის აზრი განსხვავდება, ეს ნორმალურია.
თუმცა ჩემი დიდი სურვილია, რომ ვაცადოთ თემურს ბოლომდე მუშაობა, რადგან ყოველთვის ასე მოგვდის, უცებ გვინდა ჩამოვიყვანოთ ვინმე.
ანალოგიურ შემთხვევაში შეიძლება მეც მოვხვდე და მეორე დღეს მარცხი მომივიდეს და ეს ქართველმა გულშემატკივარმა ვერ მიიღოს, რომელიც არის სამართლიანი და ამავე დროს, ძალიან მომთხოვნი.
ამიტომ ცოტა უხერხულადაც კი მეჩვენება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
ირაკლი, 24 წლის:
- თქვენი აზრით, შეძლებენ თუ არა ქართული კლუბები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვას? ვფიქრობ, რომ თქვენ იქნებით პირველი მწვრთნელი, ვინც ქართულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანს. გისურვებთ წარმატებებს!
- მინდა წარმატებები ვუსურვო ქართულ კლუბებს. ბუნებრივია, პირველი თამაშებიდან, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, ალბათ, ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ჩვენი გულშემატკივრებიც, სპეციალისტებიც და მათ შორის, მეც.
ალბათ, მეტი შანსი აქვთ გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს", რომ გარკვეული ეტაპები გაიარონ.
ვფიქრობ, თუ ეს გარღვევა მოხდა და ამის შანსი რეალურად არსებობს, ეს იქნება ძალიან დიდი ბიძგი ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის, რასაც მოჰყვება გაცილებით მეტი დაინტერესება თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან და ბიზნესის მხრიდან, რომ თანხები ჩაიდოს კლუბებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კლუბებს ჰქონდეთ წარმატება.
ირაკლი, 14 წლის:
- რატომ გაუშვეს "ტორპედოდან" ფეხბურთელები, არ იცით?
- ალბათ, იგივე მიზეზია, რაც ჩვენს შემთხვევაში. ახალი მწვრთნელი მოდის და თავისი შეხედულება აქვს, ვინ მოიყვანოს, ვინ გამოადგება და ალბათ, მიზეზიც ეს არის.
კითხვა მე არ მეკუთვნის. მე ვისაც ვთვლიდი საჭიროდ, იყო გუნდში; მომყავდა ის, ვისი მოყვანაც მინდოდა. ამიტომ ფეხბურთელები რატომ გაუშვეს კონკრეტულად, ვერ გეტყვით.
მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გია! "ზესტაფონში" მუშაობის პერიოდში ბათუმის "დინამოდან" თქვენს გუნდში საკმაოდ პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი კარენ მაკარიანი გადავიდა, რომელიც თავიდან კარგად თამაშობდა, ხშირად ძირითადშიც, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ძირითადში ვეღარ ხვდებოდა, ბოლოს კი საერთოდ წავიდა გუნდიდან. შეგიძლიათ თქვათ, რა მოხდა აღნიშნულ ფეხბურთელთან დაკავშირებით?
- ალბათ, მოხდა ის, რომ მისი სათამაშო დონე არ აკმაყოფილებდა იმ სათამაშო დონეს, რა მოთხოვნილებებიც იყო კლუბში. გადასარევი პიროვნებაა, იმ ეტაპზე ითამაშა, შემდეგ წამოვიდა და უფრო მაღალ დონეზე თამაშისას ბევრი ხარვეზი აღმოაჩნდა.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარენ მაკარიანს არ შეუძლია ფეხბურთის თამაში.
გიორგი დავითაშვილი, 24 წლის:
- ნაკრების მწვრთნელი რომ იყოთ, როგორი ტაქტიკით ითამაშებდით და იმ ფეხბურთელებიდან, ვისაც ქეცბაია არ იძახებს, რომელს მისცემდით შანსს?
- არ მგონია, ეს თემა იყოს განსახილველი, რის გამოც, უკვე ვთქვი. უბრალოდ, ერთს ვიტყვი. ჩემი კრედო ფეხბურთში არის შემტევი სტილი. ვეყრდნობი იმას, რომ არა მოწინააღმდეგემ, არამედ შენ უნდა შექმნა თამაში, მოწინააღმდეგეს შეცდომა შენ უნდა დააშვებინო და შენი თამაში მოახვიო თავს, რაც საკმაოდ რთულია სანაკრებო დონეზე, რადგან ფეხბურთელები ცოტა ხნით არიან ჩამოსულები.
ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, ალბათ უფრო შემტევ და კრეატიულ მოთამაშეებს გამოვიძახებდი.
გიორგი დავითაშვილი, 24 წლის:
- ვინ მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერ მწვრთნელად საკლუბო დონეზე? სანაკრებო? მწვრთნელობის დაწყებამდე რომელი ფეხბურთელი იყო თქვენი კუმირი?
- სანაკრებო დონეზე ვისენტე დელ ბოსკეს გამოვყოფდი, რადგან ეს ადამიანი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა.
მართალია, გარკვეული პოზიციები დათმეს კონფედერაციათა თასზე ბრაზილიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, მაგრამ მე მგონია, რომ დელ ბოსკე ძალიან გონიერია, რომელიც ძალიან კარგად ხვდება, რომ ზედმეტის შემოტანა არ არის საჭირო და ის ფეხბურთელები, რომლებსაც იძახებს, მაქსიმალურად ამჟღავნებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ამაში ხელს არ უშლის. ამიტომ ეს არის ამ მწვრთნელის ძლიერი მხარე და მგონია, სანაკრებო დონეზე საუკეთესოდ შეიძლება მივიჩნიოთ.
რაც შეეხება საკლუბო დონეზე, ალბათ, ხოსეპ გვარდიოლა. მიუხედავად ასაკისა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ახლა აქვს დაწყებული მწვრთნელობა, მე უკვე ვხედავ და მოჩანს კარგად, რომ დიდი ინტელექტი აქვს.
ახლა ვაკვირდები, როგორ დაიწყო მუშაობა მიუნხენის "ბაიერნში". თითოეულ ფეხბურთელს უხსნის, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა და ეს ძალიან მხიბლავს. ეს ის მწვრთნელია, რომელიც დეტალურად უხსნის ფეხბურთელებს ყველაფერს. "ბარსელონაც", პრაქტიკულად, მისი აწყობილია.
ჩემი კუმირი კი დავით ყიფიანი იყო, რომელიც უძლიერესი მწვრთნელი და ფეხბურთელი იყო.
გიორგი დავითაშვილი, 24 წლის:
- როგორ ფიქრობთ, თქვენი დროის თბილისის "დინამო" (რომელმაც უეფას ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა) უფრო ძლიერი იყო თუ ახლანდელი ლეგიონერებით დაკომპლექტებული "დინამო"?
- მაგის შედარება რთულია. დაახლოებით ისეთი კითხვაა, მარადონა უფრო ძლიერი იყო თუ მესიო. დროში ცოტა აცდენილია ეს ყველაფერი. ალბათ, უფრო დრო გვიჩვენებს.
ჩემი პასუხი ძალიან სუბიექტური გამოვა, ამიტომ მირჩევნია, კითხვას თავი ავარიდო. იმ გუნდს მე ვწვრთნიდი, ამ გუნდს მე არ ვწვრთნი. რა თქმა უნდა, მე ჩემი მირჩევნია, მაგრამ ახლანდელ "დინამოს" შეუძლია, საპირისპირო დაამტკიცოს.
გიორგი დავითაშვილი, 24 წლის:
- უმაღლეს ლიგაში რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება ოპტიმალური?
- ამ ეტაპზე ოპტიმალური იქნება იმდენი, რამდენი გუნდიც შეძლებს ჩემპიონატის თავიდან ბოლომდე ჩამთავრებას.
თუმცა მომავალში მიმაჩნია, რომ მისაღები იქნება 16-გუნდიანი ჩემპიონატი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხვალ და ზეგ მოხდება.
5, 6, 7 წლის განმავლობაში, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ეს მოხდება, ხოლო სწორი პოლიტიკა ნიშნავს, რომ ყველა კლუბი გადავა კერძო მფლობელობაში და უმაღლეს ლიგაში სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი გუნდები არ იქნებიან, რის შემდეგაც ჩატარდება სრულფასოვანი ჩემპიონატი.
დავით ქართველიშვილი, 15 წლის:
- თუ თქვენ "ზესტაფონის" თავკაცი გახდებით, ისევ ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდს შექმნით თუ იქნებიან ლეგიონერებიც და გუნდი იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის ჩემპიონატში და არა მარტო ჩემპიონატში, ევროსარბიელზეც?
- თუ გავხდები ნებისმიერი გუნდის მთავარი მწვრთნელი, კიდევ ვიმეორებ, მე არ გავურბივარ ლეგიონერების ჩამოყვანას. ეს არის დამოკიდებული ეტაპებზე. დავუშვათ, ერთი წლის შემდეგ მწვრთნელმა შეიძლება დაინახო აუცილებლობა ამა თუ იმ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის მოწვევის.
თუ საქართველოში ასეთი ფეხბურთელი ვერ მოიძებნება, მაშინ შეიძლება საუბარი უცხოელზე.
"ზესტაფონში" პირველ წელს მესამე ადგილზე გავედით ჩემპიონატში, მეორე წელს უფრო წინ წავიწიეთ, ხოლო მესამე წელს ჩემპიონები გავხდით და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავედით სათამაშოდ.
მაშინ დავინახეთ, რომ იმ გუნდის გაძლიერების შემთხვევაში, უფრო მაღალ დონეზე შეგვეძლო გვეთამაშა მომავალში, რადგან უკვე მოჩანდა, რომ ქართველებით ამას ვერ მივაღწევდით და უკვე დადგა ლეგიონერების საკითხი.
ამიტომ თუ სადმე მომიწია მუშაობა, სადაც უკვე არიან ლეგიონერები, თუნდაც "ზესტაფონი" ავიღოთ და ისინი კარგები არიან, არ მგონია, სწორი იყოს მათი გაშვება.
ლაშა მჭედლიშვილი, 25 წლის:
- მოგესალმებით, ბატონო გია! თქვენი აზრით, რა აკლია რატი წინამძღვრიშვილს, რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყოს? გულშემატკივრის პოზიციიდან ძნელი მისახვედრია, პრობლემა რაშია...
- რატის მე პირადად არაერთხელ ველაპარაკე და მუვუთითე მის პრობლემებზე. მე ვთვლი, რომ ისე ერთ-ერთი ნიჭიერი მოთამაშეა ქართულ ფეხბურთში. თავისი მონაცემებით, მას შეუძლია, მაღალ დონეზე ითამაშოს. მისი ყველაზე დიდი ნაკლი არის შრომისმოყვარეობისა და მოთმინების არქონაა.
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ამ ბიჭს თავზე ბევრი რამე დაატყდა, უამრავი ტრავმა გადაიტანა და მესმის, რომ სწრაფად უნდა მოედანზე დაბრუნება.
სრულფასოვანი, საფუძვლიანი მომზადების შემთხვევაში, მთელი შემართებით და მწვრთნელებს რომ დაუჯეროს, კიდევ შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს.
მან უნდა გაიგოს, რომ მისი მტერი არავინაა და პირიქით, ყველას გაგვიხარდება, თუ რატი წინამძღვრიშვილი დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ფეხბურთი კი გუნდური თამაშია და გუნდურ თამაშში უნდა იყო ჩართული თავიდან ბოლომდე.
მკითხველი:
- ბატონო გია, თუ გქონიათ შემოთავაზება ევროპული კლუბებიდან?
- ევროპული კლუბებიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, სანამ "ზესტაფონში" დავიწყებდი მუშაობას.
ვერ ვიტყვი, რომ შემოთავაზება ძლიერი კლუბებიდან იყო, მაგრამ ჩემი წინსვლა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ გუნდებიდან, მაგრამ საქართველოში დარჩენა ვამჯობინე.
ამ ეტაპზე კი ევროპული კლუბებიდან შემოთავაზებები არ ყოფილა.
მკითხველი:
- რატომ ხდება ისე, რომ თქვენ მიერ აწყობილ გუნდებს ერთი ხელის მოსმით შლიან? ანუ იმის თქმა მინდა, რომ რატომ არ აქვთ ქართულ გუნდებს მოთმინების უნარი? წარმატება ხომ 1-2 წელიწადში ვერ მოვა?
- არ ვიცი. მეც მიფიქრია ამაზე, ალბათ, ისევ და ისევ გარკვეული ამბიციის გამო ან კიდევ სხვა რამის გამო. გუნდში შენების პროცესი არაა ადვილი და ის საკმაოდ ხანგრძლივია, თუ მართლა გინდა, რომ საფუძვლიანად გაკეთდეს ყველაფერი.
კლუბი არ არის მხოლოდ პირველი გუნდი. ჩემთვის იდეალურია იმ სისტემის შექმნა კლუბში, რომელიც იმუშავებს წლების მანძილზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე, სადაც გაიზრდებიან ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები და მოვლენ პირველ გუნდში და მერე უკვე გავლენ საზღვარგარეთ სათამაშოდ. აი, ეს პროცესი არის მთელი სისტემა.
მკითხველი:
- თქვენი დაბრუნების შემდეგ "ზესტაფონში" თუ მოაწყობთ ფანკლუბთან შეხვედრებს და თქვენს გეგმებზე საუბარს იმაზე, თუ რა მიმართულებით წავა გუნდი და რა გეგმები გაქვთ უშუალოდ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ კახი კაჭარავას დროს ფანკლუბმა და ფეხბურთელებმა, ასევე პერსონალმაც, ერთმანეთში ვითამაშეთ ფეხბურთი სტადიონზე, სადაც ფანკლუბის ყველა წევრმა დიდი სიამოვნება მივიღეთ. თქვენი მოსვლის შემდეგ თუ იქნება ასეთი შეხვედრები?
- მსგავსი შეხვედრები მისაღებია ყოველთვის. ჩემი აზრით, ფანკლუბი განუყოფელი ნაწილია მთლიანად კლუბის.
ფანკლუბისა და გუნდის სიახლოვე ძალიან მნიშვნელოვანია. ფანკლუბი კლუბის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას უნდა ღებულობდეს.
მკითხველი:
- თუ დაბრუნდით "ზესტაფონში", გააკეთებთ თუ არა ისევ აქცენტს ახალგაზრდებზე?
- საერთოდ, ახალგაზრდების დაწინაურება მიყვარს. ძალიან კარგია, როცა გზას გაუხსნი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს და ის გაამართლებს. ამით შენც კმაყოფილი ხარ და ისიც.
თუმცა მნიშვნელოვანი და მთავარია კლუბის ინტერესები. შეიძლება ახალგაზრდა მზად არ იყოს გუნდის დასახული ამოცანებისთვის და ჯობდეს, შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელი აიყვანო, მაგრამ ახალგაზრდები მუდამ მზადყოფნაში უნდა გყავდეს, რომ მოედანზე გავიდნენ. ეს ის პროცესია, რომელიც ყოველთვის ჭკვიანურად უნდა წარიმართოს.
მკითხველი:
- ნაკრების ფეხბურთელებზე მაინტერესებს თქვენი აზრი - მაგალითად ხიზანიშვილზე, რომლის უარყოფით თვისებებს მე ჩამოვთვლი და იქნებ თქვენ რომელიმე დადებითი საფეხბურთო თვისება მითხრათ მასზე, თორემ ვერაფრით ვიგებ, რატომაა ნაკრებში?
ხიზანიშვლი არის: ნელი და საკმაოდ მოუქნელი; მას ხშირად ბურთს ფეხებშუა უტარებენ; არასოდეს თამაშობს გუნდურ ფეხბურთს; არ აქვს ლიდერის ხასიათი; ხშირად მის გამო აგებს გუნდი; არ ასრულებს პოზიციურ ვალდებულებას; არასოდეს იწყებს შეტევას; ზუსტი პასის გაკეთება უჭირს; როცა უბურთოა, არ მოძრაობს და როცა ბურთი აქვს, იბნევა; ზოგჯერ საჯარიმოდანაც ვერ გამოაქვს წესიერად.
- რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს მკითხველისთვის, მე ვერ დავეთანხმები მას. ზურა ხიზანიშვილს ვიცნობ იმ დროიდან, როცა ის თბილისის "დინამოს" დუბლებში თამაშობდა.
იმ დროს ზურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე ქართულ ფეხბურთში, რომელსაც მაშინაც შეეძლო და ახლაც შეუძლია გუნდური თამაში, ძალიან კარგად გრძნობს თამაშს, საკმაოდ ტექნიკურია და ძალიან ჭკვიანია. მას საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება აქვს.
გულშემატკივრისა და პროფესიონალის ხედვას შორის ცდომილება იმიტომ ხდება, რომ ქომაგი თამაშის კონკრეტულ მომენტს ხედავს, სადაც ფეხბურთელი შეცდომას უშვებს. ანალოგიურ შეცდომას სხვა ბევრი ფეხბურთელიც უშვებს, თუნდაც ძალიან მაღალი დონის.
ამდენად, დაბრალება, რომ ამ თუ იმ ფეხბურთელის შეცდომის გამო გუნდი დამარცხდა, არ მიმაჩნია სწორად.
ფეხბურთი არის გუნდური თამაში და ხშირ შემთხვევაში, შეტევაში შეცდომის გამო ლოგიკური ჯაჭვი ეწყობა და ბოლო მომენტი მოჩანს უკვე, როცა მცველი ჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომელშიც იმთავითვე არ უნდა იყოს, თუ სწორად მოქმედებს გუნდი.
ამიტომ უნდა განიხილებოდეს მთლიანად გუნდის თამაში და არა რომელიმე ფეხბურთელის.
მკითხველი:
- ბატონო გია, ფეხბურთი ძალიან მიყვარს, თუმცა ვერ ვერკვევი ტაქტიკასა და სტრატეგიაში. ვერ ვხვდები, პოზიციურად რომელი ფეხბურთელი თამაშობს სწორად. რაიმე წიგნს ხომ ვერ მირჩევდით?
- ჩემი სამაგიდო წიგნია რინუს მიჰელსის "Team Building", სადაც გუნდის შენების მისეული ხედვაა ახსნილი, მათ შორის, სტრატეგიულად, ტექნიკურად; სხვადასხვა ტაქტიკური სქემაც არის აღწერილი. წიგნი ინგლისურ ენაზეა გამოსული.
გარდა ამისა - ჯოვანი ტრაპატონის წიგნი, სადაც უშუალოდ ტაქტიკასა და სტრატეგიაზე წერია.
გიორგი ჩხიკვაძე, 21 წლის:
- გამარჯობათ, ბატონო გია! დიდ პატივს ვცემ თქვენს საფეხბურთო ცოდნას და ხედვას. ჩაფიქრებული მაქვს მწვრთნელობა და მაინტერესებს, როდესაც ფეხბურთელის თამაშს უყურებთ, რა კრიტერიუმებით აფასებთ მას? ფეხბურთელში რას აქცევთ ყურადღებას?
- პირველ რიგში - ფეხბურთელის პოზიციას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელი, არ აქვს მნიშვნელობა, მეკარე იქნება ის თუ მცველი - იყოს კრეატიული. უნდა შეეძლოს შეტევის დაწყება, გაგრძელება, შეტევაში აქტიური მონაწილეობა და შეტევის დაგვირგვინება.
როცა შეტევაზეა საუბარი, იქ ბურთთან არარბილ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება. აზრიანი უნდა იყოს, ტექნიკურად აღჭურვილი ბოლომდე, აუცილებელია საფეხბურთო აზროვნება და ინტელექტი, სისწრაფე, რომლის გარეშე თანამედროვე ფეხბურთი წარმოუდგენელია, ეს არის აზროვნების სისწრაფე და ბურთთან მოპყრობის სისწრაფეც, სიტუაციის განჭვრეტა და ხასიათის თვისებები.
ხშირ შემთხვევაში ჩვენს ფეხბურთელებს ამ ბოლოს, ჩამოთვლილის გარდა, ყველაფერი გააჩნიათ, რაც ხშირად ძალიან უკან გვწევს ხოლმე.
რა თქმა უნდა, ამის განვრცობაც შეიძლება, მაგრამ შევეცადე, მოკლედ ჩამომეთვალა.
მკითხველი:
- ბატონო გია, თქვენ დიდი ხანი იყავით დავით ყიფიანის ასისტენტი, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცის. იქნებ გაიხსენოთ ეს პერიოდი და რას იტყვით, რამდენად დიდი როლი ითამაშა თქვენს მწვრთნელად ჩამოყალიბებაში დავით ყიფიანთან მუშაობამ?
- უდიდესი როლი. ბავშვთა ფეხბურთიდან წამოვედი დიდ ფეხბურთში, რაც იყო დავით ყიფიანის დამსახურება.
რეკომენდაცია გამიწია ნოდარ აკობიამ. დავით ყიფიანი მაშინ თბილისის "დინამოში" მუშაობდა, მეორედ იყო დანიშნული.
მოხდა ისე, რომ მაშინ პატარი ბიჭი ვიყავი, 24 წლის და მომიწია მის ასისტენტად მუშაობა ჯერ საცდელი ვადით, მერე კი ისე გამოვიდა, რომ 7 წლის განმავლობაში მოგვიწია "დინამოში" ერთად ყოფნა.
ამ პერიოდში მოგვიწია სანაკრებო დონეზეც ერთად მუშაობა. მაშინ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა იყო თავმოყრილი, რაც ყიფიანის დამსახურება იყო, რომელმაც ჩემს მწვრთნელად ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშა.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ცოცხალი აღარ არის, თორემ ქართული ფეხბურთი სხვანაირად იქნებოდა დღეს.
მკითხველი:
- რამდენად რეალური იყო "სტოკ სიტის" ვარიანტი, როდესაც იქ ბოსკამპი მუშაობდა? მართლაც დაიწყებდით იქ მუშაობას პრო-ლიცენზიის მიღების შემთხვევაში?
- მანდ არ იყო საუბარი იმდენად ლიცენზიაზე, რამდენადაც სამუშაო ვიზის აღებაზე. ეს იყო სირთულე, რომელმაც დამწია უკან, თორემ ბოსკანს ჰქონდა სურვილი ჩემი მიწვევის. დამირეკა, მოწვევასაც გამოგიგზავნიო, თუმცა მერე გაირკვა, რომ სამუშაო ვიზის პრობლემა იყო.
მკითხველი:
- რომელი გუნდის გაწვრთნაზე ოცნებობთ?
- იმ გუნდის გაწვრთნაზე ვოცნებობ, რომელიც მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში.
იოანე ტრაპაიძე, 25 წლის:
- თუ გაიხსენებთ, ვინ იყო ის ქართველი მწვრთნელი, რომლისგანაც ყველაზე მეტი შეიძინეთ? რომელი უცხოელი მოქმედი თუ უკვე არამოქმედი მწვრთნელი მოგწონთ (სტილით, მეთოდებით და ა.შ.)?
თვლით თუ არა, რომ როგორც ფეხბურთელმა, ისე მწვრთნელმა (და ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა) მიზნად უნდა დაისახოს საკუთარ პროფესიაში რაიმე სიახლის მიგნება, გამუდმებული ძებნა ინოვაციებისთვის, რაც არ უნდა უტოპიური იყოს ეს მიზანი? ანუ ჯანსაღი, პროფესიონალური ამბიცია არის საჭირო თუ არა? თუ მწვრთნელი მხოლოდ კონკრეტული გუნდის კონკრეტულ სეზონში დასახული ამოცანებით უნდა კმაყოფილდებოდეს?
- ინოვაციების გამუდმებითი ძიება - ეს არის აუცილებელი პირობა მწვრთნელისთვის, რადგან მწვრთნელი სხვანაირად არ იზრდება. თუ რამე თავისი არ შემოიტანა საწვრთნელ საქმიანობაში, მაშინ სტაგნაციას განიცდის.
რაღაც სიახლეების შემოტანა არ უნდა იყოს ექსპერიმენტის სახის. მწვრთნელი ყოველთვის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შემოტანილი სიახლე იქნება სასიკეთოდ მიღებული, თუმცა ხშირად არის, როცა ახალგაზრდა მწვრთნელები უშვებენ შეცდომას, რაღაცის კოპირებას ცდილობენ.
კი არსებობს გამოცდილება, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო და მიიღო, მაგრამ ეს მთლიანად კი არ უნდა მიიღო, არამედ
შენი რაღაცაც შეიტანო, რადგან გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და სიახლე გუნდზე უნდა იყოს მორგებული და არა პირიქით. ამიტომ ყოველთვის შენი უნდა შემოიტანო გუნდში.