ძალთა გათანაბრების პროცესი

AutoSharing Option
სპარტაკი (ნალჩიკი)-ტერეკი 2:2
გოლები: 1:0 ა. ზახიროვიჩი (32), 1:1 მაურისიო (38), 1:2 ა. კობენკო (42), 2:2 რ. კონცედალოვი (71)

რუბინი-ტომი 4:1
გოლები: 1:0 ა. რიაზანცევი (7), 2:0 ა. მედვედევი (32), 2:1 ს. სკობლიაკოვი (39, პენალტით), 3:1 კ. ნობოა (57), 4:1 ბ. ნახტო (75, პენალტით)

ლოკომოტივი-ანჟი 1:2
გოლები: 0:1 რ. ტაგირბეკოვი (47), 0:2 მ. ბუსუფა (79), 1:2 დ. სიჩევი (90, პენალტით)

ზენიტი-სპარტაკი 3:0
გოლები: 1:0 დ. ლაზოვიჩი (36, პენალტით), 2:0, 3:0 ა. კერჟაკოვი (67, 85)

კრილია-როსტოვი 2:2
გოლები: 0:1 ა. გაცკანი (29), 0:2 რ. ადამოვი (37),
1:2 ე. სავინი (45), 2:2 ე. სავინი (55)

ცსკა-ყუბანი 1:1
გოლები: 1:0 ტ. ნეციდი (67), 1:1 ს. დავიდოვი (80)

კრასნოდარი-დინამო 0:1
გოლი: 0:1 სმოლოვი (82)
ამკარი-ვოლგა (დღეს)

სანაკრებო მატჩების გამო რუსულ პრემიერლიგაში ვიდრე შესვენება გამოცხადდებოდა, უაღრესად საინტერესო და, რაც მთავარია, უხვგოლიანი ტური ჩატარდა.

უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსული პრემიერლიგის ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულია: ჩემპიონატი ამ გაზაფხულზე დაიწყო და... ერთი წლის მერე დამთავრდება! ანუ, ჩვენი მეზობლები ასე აპირებენ საკუთარი ჩემპიონატი „შემოდგომა-გაზაფხულის“ პრინციპზე გადასვლას. თანაც, ჩემპიონატი სამწრიანია: ორი ეტაპის შემდეგ I-VIII ადგილზე გასული გუნდები ბრძოლას მედლებისთვის გააგრძელებენ და სწორედ ცხრილის ზედა ნაწილშია არნახულად დაძაბული სიტუაცია.

ფაქტობრივად, ისეთი სურათია, რომ ყოველი ტურის მერე ახალი ლიდერია, თუმცა შუა კვირაში ცსკა-მ გამოტოვებული მატჩი მოიგო სამარაში „კრილია სოვეტოვთან“ (3:0) და მიუხედავად გუშინდელი წაფორხილებისა, ცხრილში პირველ ადგილს კვლავაც ლეონიდ სლუცკის შეგირდები ინარჩუნებენ (თანაც, არმიელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული).

გუშინ ცსკა ამ სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, რუმინელი სპეციალისის დან პეტრესკუს გაწვრთნილ „ყუბანს“ მასპინძლობდა და უპირობო ფავორიტადაც მიიჩნეოდა. ანგარიში არმიელთა ჩეხმა ფორვარდმა, 21 წლის ტომაშ ნეციდმა გახსნა, ვინც იმ დროისთვის მოედანზე რამდენიმე წამის შემოსული იყო. თუმცა, არმიელებმა გამარჯვების შენარჩუნება ვერ შეძლეს - „ყუბანის“ 25 წლის თავდამსხმელმა, სერგეი დავიდოვმა ქუსლით გაუტანა გოლი რუსული პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეს, იგორ აკინფეევს. ეგ კი არა, მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი იწურებოდა, როცა დავიდოვი არმიელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა და საყაიმო ანგარიშიც უცვლელი დარჩა. არადა, „ყუბანს“ რომ მოეგო, 20 ქულით სწორედ ეს გუნდი იქნებოდა გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი.

გასულ ტურში კიდევ რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა ჩატარდა და ყველაზე დიდ ინტერესს, რაღა თქმა უნდა, „ზენიტისა“ და „სპარტაკის“ დაპირისპირება იწვევდა. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ჩემპიონ „ზენიტს“ ბოლო დროს წარუმატელი სერია ჰქონდა: ლუჩანო სპალეტის გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულის მოგროვება მოახერხა. ამიტომაც არ იყო საფუძველმოკლებული ხმები იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში იტალიელ მწვრთნელს „ზენიტიდან“ გაუშვებდნენ და მის ნაცვლად სხვა, ასევე არანაკლებ ცნობილ სპეციალისტს მოიყვანდნენ. თუმცა, სპალეტი კონტრაქტის ამოწურვამდე (2012 წლის ივნისამდე) არსად წასვლას არ აპირებს (საკუთარი სურვილით, რა თქმა უნდა) და გუშინდელი შთამბეჭდავი გამარჯვებით თავისი პოზიციები გაიმყარა.

ისე, ასეთ ანგარიშს ბევრი, ალბათ, არც ელოდა: „ზენიტმა“ რუსების სახალხო გუნდის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა და ცსკა-ს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. პრინციპულ მეტოქესთან მატჩში „დუბლი“ შეასრულა რუსეთის ნაკრების ფორვარდმა, 28 წლის ალექსანდრ კერჟაკოვმა, პირველი გოლი კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, 28 წლის სერბმა დანკო ლაზოვიჩმა გაიტანა. ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა „რუბინმა“ უპრობლემოდ მოუგო „ტომს“, აი, „ლოკომოტივის“ საშინაო მარცხი კი ბევრმა მოულოდნელობად მიიჩნია.

იური კრასნოჟანის გუნდმა ბოლო ექვსი მატჩი წაუგებლად ჩაატარა (14 ქულა მოაგროვა) და სპეციალისტების აზრით, რკინიგზელებს 7-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც საჩემპიონო ამბიცია უნდა გასჩენოდათ. თუმცა, ამ ტურში „ლოკომოტივს“ ერთობ ძლიერი მეტოქე ჰყავდა: ფინანსურად მოღონიერებული „ანჟი“, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ლიდერებს შორის იმყოფება. საერთოდაც, გაჯი გაჯიევის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება რომ შეუძლია, ამ ტურშიც დამტკიცდა: 27 წლის რასიმ ტაგირბეკოვისა და 26 წლის მბარკ ბუსუფას გოლებით „ანჟი“ მატჩის ბოლო წუთებამდე უპრობლემოდ ამარცხებდა ფავორიტ მეტოქეს და ერთადერთი, რაც „ლოკომოტივმა“ მოახერხა, შეხვედრის მიწურულს, 27 წლის დიმიტრი სიჩოვის პენალტით გატანილი გოლი იყო.

სხვათა შორის, ეს მატჩი სტუმრებმა ათი კაცით ჩაამთავრეს: „ანჟის“ ბრაზილიელი ლეგიონერი, ჟოაო კარლოსი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდა და 6 წუთში ორი გაფრთხილების მიღება „მოასწრო“!..
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული