23 ივნისი. ნელსპრუიტი. მბომბელა სთედიუმი. 22:30
ავსტრალია-სერბეთი
სავარაუდო შემადგენლობები
ავსტრალია: შვარცერი - უილკშირი, ნილი, ბოშამპი, ქერნი - კულინა, ვალერი - ემერტონი, კეჰილი, ჩიპერფილდი - კენედი.
სერბეთი: სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ვიდიჩი, სუბოტიჩი, კოლაროვი - კრასიჩი, კაჩარი, კუზმანოვიჩი, იოვანოვიჩი - სტანკოვიჩი - ჟიგიჩი.
არბიტრი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი)
თუკი პირველი ტურის მატჩიდან გამომდინარე, ავსტრალია ვინმეს სუსტი გუნდი ეგონა, განასთან ჩატარებულმა შეხვედრამ ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ პიმ ფერბეეკს სულაც არ ჰყავს ხელწამოსაკრავი კრებული. ათი ფეხბურთელის შემადგენლობით მოთამაშე ავსტრალიელებმა განასთან შეხვედრაში ვაჟკაცურად შეძლეს
სამაგიეროდ, შესანიშნავი შანსი აქვთ სერბებს, რომელთაც განა-გერმანიის შედეგი ნაკლებად აინტერესებთ. რადომირ ანტიჩი და მისი ფეხბურთელები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულები. გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ავტომატურად აღმოჩნდებიან მერვედფინალში, ხოლო თუ განა და გერმანია ფრედ ითამაშებენ, სერბები სულაც ჯგუფის გამარჯვებულებად მოგვევლინებიან
ავსტრალიას, რომელსაც განვლილ მატჩებში სრული შემადგენლობით თამაში არ დასცალდა, ორი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დააკლდება. ესენი არიან განასთან გაძევებული კიუელი და გამოცდილი ცენტრალური მცველი კრეიგ მური, რომელმაც ორივე წინა შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და თანაგუნდელის მსგავსად, დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა გერმანიასთან მატჩში გაძევებული ტიმ კეჰილი, რომელიც ორთამაშიან დისკვალიფიკაციას გადაურჩა და მხოლოდ განასთან დაპირისპირებას დააკლდა. ავსტრალიელთა ძირითადი შემადგენლობის განჭვრეტა არცთუ იოლია, რადგან ფერბეეკმა განასთან მატჩში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ათამაშა. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მათი ქმედებით კმაყოფილი დარჩა და ამიტომაც ბოლო შეხვედრის შემდეგ ბევრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.
სერბეთის ნაკრები ამ უპრინციპულესი შეხვედრისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება. გუნდს უბრუნდება პირველ ტურში გაძევებული ალექსანდარ ლუკოვიჩი, მაგრამ დაცვის ცენტრში ნემანია ვიდიჩის მეწყვილედ მასზე მეტად, ნევენ სუბოტიჩის გამოჩენაა მოსალოდნელი. სწორედ ამ უკანასკნელმა შეცვალა გერმანიასთან მოგებულ მატჩში ლუკოვიჩი და საიმედოდაც გაისარჯა.