კლოზე: გამოუშვით არგენტინა!

AutoSharing Option
რა იყო ინგლისთან გერმანიის ნაკრების წარმატების უმთავრესი მიზეზი? როგორ მოახერხა ახალგაზრდულმა ბუნდესგუნდმა პოტენციურად მასზე უფრო ძლიერი, მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხული ინგლისის დამარცხება? სამი ხედირას და მიროსლავ კლოზეს ამ კითხვაზე ერთნაირი პასუხები აქვთ: მათი აზრით, გერმანიის ნაკრების წარმატების მთავარი საიდუმლო გუნდურ სულისკვეთებასა და უდიდეს ერთსულოვნებაშია. კლოზე ამბობს, ჩვენი გუნდი ისეა ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროსო და მასთან ერთად, ხედირაც იმედოვნებს, რომ ასეთი მიდგომითა და შემართებით, გერმანია მუნდიალის მეორე მთავარ ფავორიტს, არგენტინის ნაკრებსაც დაამარცხებს.

"ქაღალდზე არგენტინის ნაკრები გერმანიისაზე ძლიერია, მაგრამ
ასეთივე თვალსაზრისით, ინგლისიც ჩვენზე ძლიერი იყო. ისევე, როგორც ინგლისს, არგენტინასაც მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს. შესაძლოა, "ალბისელესტეს" შემადგენლობა ჩვენი გუნდის შემადგენლობაზე ძვირად ფასობს, მაგრამ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც გუნდს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია", - განაცხადა კლოზემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, - "ჩვენ ველოდით, რომ ინგლისის ნაკრები უფრო მწარედ შემოგვიტევდა, მაგრამ მალევე დავრწმუნდით, რომ ჩვენი გუნდი არავისზე ნალები არაა, რომ ჩვენ მათი დამარცხება შეგვეძლო და აქეთ შევუტიეთ. ვფიქრობ, არგენტინასთანაც ძალიან კარგად ვითამაშებთ. ჩვენ არც ლიონელ მესის და დიეგო მარადონასი გვეშინია".

სამი ხედირას, რომელმაც ინგლისთან კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, გუშინ მამა და ძმა ესტუმრნენ და გერმანიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ამით ძალიან გახარებული იყო - ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხანს განვიტვირთებიო. კითხვაზე, იგრძნობა თუ არა ბუნდესნაკრებში არგენტინასთან მატჩის წინ დაძაბულობა, შტუტგარტელი პასუხობს, მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა, რაც აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენად მიმაჩნიაო. საერთო ჯამში კი, გერმანიის ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა, რასაც მარტო ხედირა კი არა, ყველა ფეხბურთელი ადასტურებს.

ერთადერთი საკითხი, რაზეც კლოზეს და ხედირას სხვადასხვანაირი მოსაზრებები აქვთ, ბურთში ჩიპების ჩამონტაჟება, ან კარებში დამატებითი კამერების დაყენებაა, რაც მსაჯების შეცდომებს გამორიცხავდა. ფრენკ ლემპარდს ასპროცენტიანი გოლი რომ არ ჩაუთვალეს, ხედირასთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მისი აზრით, ფეხბურთი სპორტის ემოციური სახეობაა, რომელიც სწორედ ამ ემოციებით ცოცხლობს და ფეხბურთში მისი მოსპობა არ შეიძლება.

"მსაჯებს ჩემს წინააღმდეგაც ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული. ამ ტურნირზე გერმანიის ნაკრებიც რამდენჯერმე დაიჩაგრა. მართალია, არა ასეთ დონეზე, მაგრამ მაინც. ამჯერად მსაჯი ინგლისის ნაკრების საზიანოდ შეცდა, ჩვენ კი გაგვიმართლა. ხვალ პირიქით მოხდება და ა.შ. ჩემი აზრით, ჩიპები და სხვადასხვა ტექნიკა არ არის საჭირო", - აღნიშნა ხედირამ. კლოზეს აზრით კი, თუკი თანამედროვე ტექნიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი შეცდომები გამოირიცხოს, ამ შანსის გამოუყენებლობა დიდი დანაშაულია. არ მინდა, რომ მსაჯმა მომავალში მეც არ ჩამითვალოს ასპროცენტიანი გოლიო, ამბობს მირო.

ყველა სხვა საკითხზე ხედირას და კლოზეს, რომლებიც პრესკონფერენციაზე უბედნიერესები ჩანდნენ, ერთნაირი აზრები აქვთ. ბასტიან შვაინშტაიგერს ორივე მათგანი აბსოლუტურ ლიდერს უწოდებს, ფეხბურთელს, რომელიც ყოველთვის პოზიტიურად აზროვნებს და გუნდსაც პოზიტიურად განაწყობს. ფილიპ ლამი შესანიშნავი კაპიტანია და მიხაელ ბალაკის არყოფნა ფაქტობრივად დაგვავიწყაო, ამბობს ხედირა და მას კლოზეც ეთანხმება.

სამაგიეროდ, მირო თომას მიულერს აფრთხილებს, ფეხურთელს, რომელმაც ინგლისის ნაკრებს დუბლი შეუსრულა: "თომასის მთავარი პლუსი ის არის, რომ თავისუფლად თამაშობს, წნეხის ქვეშ არ ექცევა, რაც მას თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალებას აძლევს. მიულერის უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ აუცილებლად დაუდგება ისეთი მომენტი, როცა ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებს და იმედი მაქვს, რომ თომასი იმ მომენტისთვის ფსიქოლოგიურად მზად იქნება."

ჟურნალისტებმა კლოზეს, რა თქმა უნდა, "ბაიერნზეც" ჰკითხეს. როგორც იცით, რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გასულ სეზონში მიროს ძალიან იშვიათად ათამაშებდა და სეზონის ბოლო მესამედი სულაც სათადარიგოთა სკამზე გაატარებინა. მიუხედავად ამისა, კლოზე მიუნხენიდან წასვლაზე არ ფიქრობს. "ვან გაალის გუნდში თამაშს ერთი უდიდესი პლუსი აქვს და კერძოდ ის, რომ ზაფხულში მისი შეგირდები ყოველთვის ყველაფერს ნულიდან იწყებენ ხოლმე. როცა "ბაიერნში" ჩავალ და ახალი სეზონისთვის მზადებას დავიწყებთ, ძირითადი შემადგენლობა არ იარსებებს და ყველა ფეხბურთელი თანაბარ მდგომარეობაში იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავიბრუნო. "ბიერნიდან" წასვლაზე ერთი წუთითაც არ მიფიქრია," - ამბობს 32 წლის ფორვარდი.

სხვათა შორის, კლოზე გერმანიის ნაკრებში კვირას არნე ფრიდრიხის მერე ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც 30 წელს გადაცილებულია. 32 წლის მიროს ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს, სანაკრები კარიერის დასრულებას ხომ არ აპირებო, რაზეც მირომ თქვა, სანამ გოლების გატანა შემიძლია, არც ნაკრებიდან წავალ და არც საერთოდ ფეხბურთიდანო.

მოკლედ, ინგლისი უკვე ჩავლილი ამბავია, ახლა კი გერმანელები მხოლოდ არგენტინაზე ფიქრობენ და უნდა შეგახსენოთ, რომ ბუნდესგუნდი 2006 წლის მუნდიალის მეოთხედფინალშიც "ალბისელესტეს" შეხდვა. გეხსომებათ, ძირითადი დრო ფრედ 1:1 დამთავრდა და რაკი გოლი არც დამატებით დროში გავიდა, თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც გერმანელებმა მოიგეს. მკითხველს ისიც ეხსომება, რომ მაშინ მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ ბუნდესგუნდის იმჟამინდელ მეკარე იენს ლემანს პატარა ფურცელი მისცა, რომელზეც ეწერა, თუ რომელ კუთხეში ურტყამდნენ სხვადასხვა არგენტინელი ფეხბურთელები პენალტებს. პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა არგენტინელმა ჟურნალისტმა ხედირას და კლოზეს ჰკითხა, ამჯერადაც ამზადებთ "შპარგალკასო", რაზეც ხედირამ ასეთი პასუხი გასცა: "ფაქტი ის არის, რომ გერმანიის ნაკრები არგენტინასთან მატჩისთვის იდეალურად მოემზადება. შესაძლოა, "შპარგალკაზე" არც არაფერი ეწეროს და ამ შემთხვევაში მისი მიზანი არგეტინელი ფეხბურთელებისთვის თავდაჯერების დაარგვა იქნება."

ბოლოს კი გეტყვით, რომ ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გოლი კლოზესთვის მუნდიალებზე შეგდებული მე-12 გოლი გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მირო თვით პელეს გაუთანაბრდა. მსოფლიოს ჩემპიონატებზე მასზე მეტი გოლი მხოლოდ ფრანგ ფონტენს (13), თანამემამულე გერდ მიულერს (14) და ბრაზილიელ რონალდოს (15) აქვთ.

ბრავო, მირო! ფაქტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კლოზეს ასეთ წარმატებას ვერავინ უწინასწარმეტყველებდა, რადგან მას საშინელი სეზონი ჰქონდა. თავად განსაჯეთ, საკლუბო სეზონში მირომ მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. ინგლისის კარში გატანილი გოლით, რომელიც მისთვის ამ მუნდიალზე მეორეა, კლოზემ ყოფილი მწვრთნელი, იურგენ კლინსმანი (11 გოლი) ჩამოიტოვა. შეგახსენებთ, რომ მირომ 2006 წლის მუნდიალზე ხუთი გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამდენივე გოლი შეაგდო 2002-შიც...
გოტფრიდ ლენცი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული