ხონას გუტიერესი თავიდანვე იყო უკმაყოფილო, რადგან მარადონამ ის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა მცველად, გაამწესა, სადაც თამაში დიდად ვერ გამოუვიდა და ადგილი დაკარგა ძირითად შემადგენლობაში. სხვათა შორის, ფეხბურთელები უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავენ ნაკრების დროებით ბაზაზე, მაგრამ როგორც კი საქმე მედიას ეხება, გაჩუმებას ამჯობინებენ. აი, რა თქვა მარადონამ, როცა ნაკრებში არეულ სიტუაციაზე დაეკითხნენ:
"მცირე უთანხმოებები გუნდში გვაქვს, მაგრამ ამ პრობლემებს ჯგუფშივე ვაგვარებთ", - თუმცა დიეგო უარყოფს, რომ რომელიმე ფეხბურთელთან კონფლიქტი აქვს: "ბიჭებთან ჩემს ურთიერთობას ერთი სიტყვით შევაფასებ - ის შესანიშნავია. საკმაოდ ცნობილ ვარსკლავებს უწევთ რეზერვში ყოფნა და თავისი შანსის სათადარიგოთა სკამზე დალოდება. ბიჭები ამას გაგებით ეკიდებიან, ასე რომ, არავითარი კონფლიქტი გუნდში არ არის. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ თუნდაც საკუთარი ტყავიდან გამოვძვრეთ, მაგრამ შინ მსოფლიოს თასით ხელდამშვენებულნი დავბრუნდეთ".
მარადონა, საზოგადოებას რომ დაანახოს ყველაფერი მწყობრშია, გერმანიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში 32 წლის ვალტერ სამუელის დაბრუნებას აპირებს. სამუელმა სამხრეთ კორეის ნაკრებთან 4:1 მოგებული მატჩის პირველ ტაიმში მიიღო ტრავმა და მას მერე აღარ უთამაშია. სამუელი მიიჩნევდა, რომ მექსიკელებთან მატჩისთვისაც მწყობრში იყო, თუმცა დიეგომ სხვანაირად გადაწყვიტა და მის ნაცვლად ნიკოლას ბურდისო ათამაშა.
სხვათა შორის, მარადონა "ინტერის" მცველს არც მანამდე წყალობდა - "ელ მუროს" (კედელი ესპანურად) ერთი თამაშიც კი არ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ მარადონას, როგორც იქნა, შეასმინეს, რომ სამუელის დონის ცენტრალური მცველი არგენტინის ნაკრებს არ ჰყავს და დიეგომაც ის მუნდიალზე წაიყვანა. საინტერესოა, რომ მარადონას თავკაცობით ვალტერ სამუელმა ნაკრებში პირველად სწორედ მომავალი მეტოქის, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა მარტის ამხანაგურ შეხვედრაში.
მარადონა კი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, ის დარწმუნებულია, რომ მისი ნაკრები გაივლის გერმანულ ბარიერს: "ახლა კარგად ვსწავლობთ სიტუაციას, შემდეგ შევეცდებით გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მაქსიმალურად სწორი შემადგენლობა დავაყენოთ. ისეთ გუნდს გამოვიყვანთ, რომელიც გარანტიას მოგვცემს, რომ "ალბისელესტე" ნახევარფინალში გავა. ბოლოს ჩვენ მექსიკას შევხვდით, გერმანია კი სხვაგვარი გუნდია, ის უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეა. მაგრამ ჩვენ მათ დავამარცხებთ. ისე ძალიან მინდა, რომ გადავიცვა მაისურა და მოედანზე მეც გავიდე, ვერც კი წარმოიდგენთ. ამაყი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვმუშაობ და მათთან ერთად ამხელა სიხარულს ვიზიარებ. როცა გუნდი ჩავიბარე, ბევრი იძახდა, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გავწვრთნა ნაკრები, მაგრამ, მოულოდნელად, თამაშს თამაშზე ვიგებ და ისევ იმ დიეგოდ ვრჩები, რაც აქამდე ვიყავი".
სხვათა შორის, მუდამ "კარგად მოლაპარაკე" დიეგომ სამართლიანობის ტესტი "ჩააგდო", როცა მას კარლოს ტევესის მიერ მექსიკის კარში თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილ გოლზე დაეკითხნენ:
"ამაზე დიდი სკანდალი ისაა, რასაც ამ მუნდიალზე მესის უკეთებენ და რაზეც არბიტრები თვალს ხუჭავენ. როცა მეტოქე გუნდში სამი ფეხბურთელი მხოლოდ იმისთვის თამაშობს, რომ ფეხში ჩაგარტყას, ძნელია წარმატებით ითამაშო. მესის კარგად მესმის, რადგან 20 წლის წინათ მე მის მდგომარეობაში ვიყავი".
ნიკოლოზ ნეფარიძე