გერმანული ფეხბურთის ახალი იმედი

AutoSharing Option

არც ნახევარმცველია, არც თავდამსხმელი, უფრო სწორად, ხან ერთია, ხანაც მეორე. მოედანზე ზოგჯერ ძალიან სოლიდურად გამოიყურება, ზოგჯერ კი ზედიზედ რამდენიმე თამაშში არ გამოჩნდება. მოკლედ, თომას მიულერი ისეთი ტიპია, ეპითეტი "არაპროგნოზირებადი" ყველაზე უკეთ რომ შეეფერება. არაპროგნოზირებადია მისი თამაშიც. ინგლისთან მატჩში 20 წლის მიულერმა დუბლი შეასრულა და ფურორი მოახდინა. დავნიძლავდეთ, რომ ეს არ იყო მისი უკანასკნელი ფურორი?

როდესაც გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მიულერი ბუნდესგუნდში პირველად გამოიძახა, ეს კი ახლახანს, მარტში მოხდა, "ბაიერნის" მენეჯერმა ული ჰიონესმა თქვა: "აჰა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამი გოლი
გაიტანა და უკვე ეროვნულ ნაკრებში იძახებენ. ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. მთელი სეზონი რომ ასე მეთამაშა, ნაკრების მწვრთნელი ჰელმუტ შიონი დამიძახებდა და მეტყოდა, თუ ასე გააგრძელებ, მომავალში აუცილებლად გამოგიძახებო და კაციშვილს არ ეცოდინებოდა, რამდენ ხანში მიხმობდა ნაკრებში. იმის თქმა მინდა, რომ გერმანიის ნაკრები მიულერის გარეშეც საკმაოდ ძლიერია."

ჰიონესი "ბაიერნის" მენეჯერია, მიულერი კი სწორედ "ბაიერნში" თამაშობს და წესით, ული ბედნიერი უნდა ყოფილიყო იმით, რომ მისი კლუბის მოთამაშეს ნაკრებში უხმეს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს არც სწყენია. უბრალოდ, მას ასეთი მიდგომა აქვს - იმას ვგულისხმობთ, რომ ზემოთ მოყვანილი განცხადებით მას თომასის წნეხის ქვეშ მოქცევა სურდა, ემანდ, თავში არაფერი აუვარდესო. ჰიონესი ასეთი ტიპია, მან იცის, რა დროს რა უნდა თქვას ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელიც ეს ესაა, საფეხბურთო სამყარომ გაიცნო და რომლის შემთხვევაში დიდია იმის შანსი, რომ თავში აუვარდეს, გაფუჭდეს. რაღა შორს წავიდეთ და ლუკას პოდოლსკი ამის იდეალური მაგალითია.

მაგრამ მიულერი სხვანაირი ადამიანია, პოლდისგან კარდინალურად განსხვავდება - თომასი თავმდაბალია. ჰიონესი კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ასე ექცევა ხოლმე - როგორც მკაცრი, მაგრამ ყურადღებიანი მამა აუკრძალავს თინეიჯერ ვაჟს დისკოთეკაზე წასვლას. მაგრამ როგორც ჩანს, ჰიონესმა მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, ან ვერ ხვდებოდა, მიულერის სახით ვისთან ჰქონდა საქმე. მარტო ჰიონესმა კი არა, ვფიქრობთ, ეს არავინ იცოდა - გარდა "ბაიერნის" მწვრთნელ ლუის ვან გაალისა...

მიულერი ოცი წლისაა და ათი წელია, რაც "ბაიერნში" თამაშობს. თომასმა ფეხბურთის თამაში რეკორდმაისტერში ისწავლა და იმ თაობის წარმომადგენელია, რომლის დროსაც გერმანიის საფეხბურთო კავშირმა საერთოდ შეცვალა ბავშვთა ფეხბურთის სტრუქტურა. ეს კი ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შემდეგ მოხდა, რომელზეც გერმანიის ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადა.

ერთი წლის წინ მიულერს ევროპაში და გერმანიაში კი არა, მიუნხენშიც არავინ იცნობდა. შარშან ამ დროს, ვან გაალმა მიულერი მოყვარულთა გუნდიდან პირველ გუნდში გადაიყვანა, რადგან რამდენიმე ვარჯიში საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჰოლანდიელ სპეციალისტს თომასში უდიდესი პოტენციალი დაენახა. სეზონი დაწყებული არ იყო, როცა ვან გაალმა ძალიან საინტერესო და რევოლუციური განცხადება გააკეთა. "როცა რიბერი და რობენიც ჯანმრთელები იქნებიან, მიულერს მაინც სასტარტო შემადგენლობაში ვათამაშებ და თანაც, მუდმივად, ყველა თამაშში," - ეს მართლაც ძალიან ხმამაღალი განცხადება.

გეხსომებათ, მიულერი კი არა, თვითონ ვან გაალიც უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცა, როცა "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბორდოსთან" ორივე თამაში წააგო და ჯგუფში ჩარჩენის სერიოზული საფრთხე დაემუქრა. "ბორდოსთან" გასვლით შეხვედრაში მიულერი მოედნიდან გააძევეს, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. კრიტიკოსები ალაპარაკდნენ, უკვე თავში აუვარდაო და ვან გაალის მიერ მასზე გაცემული ავანსებიც ვერგამართლებულად ჩათვალეს. მაგრამ საბოლოო ჯამში, დღევანდელი გადასახედიდან უნდა ითქვას, რომ ვან გაალი ასი პროცენტით მართალი იყო, მიულერმა კი ყველა ლოგიკის მიხედვით, პროგრესი უნდა განაგრძოს.

არა მარტო მისი გოლებია სენსაციური, არამედ მოედანზე მისი მოძრაობაც. გასაოცარია ისიც, თუ როგორ ავსებს თომასი მისი თანაგუნდელების წინ ჩარჩენოს გამო შექმნილ სიცარიელეებს და როგორ ეხმარება დაცვის ხაზს. თომასი ხანდახან 40-მეტრიან სპურტს მხოლოდ იმის გამო ავითარებს, რომ მეტოქის კარიდან 30 მეტრში ჩამოსაწოდებელი აუტი როგორმე საგოლე მომენტად აქციოს. ბუნდესგუნდის მეცამეტე ნომერი ძალიან სწრაფად აზროვნებს, რაც ინგლისთან მატჩში იდეალურად გამოჩნდა - კონკრეტულად, კონტრიერიშების დროს, რომლებიც თომასის გოლებით დამთავრდა.

სხვათა შორის, ვან გაალს ამსტერდამის "აიაქსში" გატარებულ პირველ წარმატებულ სეზონში სწორედ ასეთი ფეხბურთელები ჰყავდა და უმეტესობა მისი აღმოჩენილი იყო - იარი ლიტმანენი, მარკ ოვერმარსი, კლარენს ზეედორფი, დე ბურები, პატრიკ კლუივერტი. მიულერის დარად, არცერთი ზემოთხსენებული მოთამაშე არ იყო გამოკვეთილი თავდამსხმელი ან გამოკვეთილი ნახევარმცველი. ისინი იყვნენ "გაორმაგებული" მოთამაშეები კონკრეტული ტაქტიკური პოზიციის გარეშე, რომლებიც ლუისმა მოაქცია სისტემაში, როგორსაც ყველა გუნდში ნერგავს ხოლმე და როგორიც "ბაიერნშიც" დანერგა. ვან გაალისეულ სისტემას ხომ სწორედ მიულერის დარი მოძრავი და "ყველგანმავალი" ფეხბურთელები სჭირდება.

"ტაქტიკურად ძალიან კარგად ვარ განსწავლული და ყოველთვის კარგად ვხედავ, რა ხდება მოედანზე. ამასთან, სიტუაციების წინასწარ განჭვრეტაც შემიძლია. თამაშში ყოველთვის არ ვარ ჩართული, მაგრამ შემიძლია, საჭირო მომენტს მოთმინებით ველოდო და როცა ჩემი გუნდი უტევს, ყოველთვის ვეძებ ყველაზე ოპტიმალურ გზას, რომელიც მეტოქის კართან ბურთით თუ უბურთოდ მიმიყვანს, - თქვა მიულერმა ამასწინათ და იქვე დასძინა, - შემიძლია, მეტოქე გუნდის მცველებს დიდხანს და კარგად დავაკვირდე, ვიპოვო ხვრელები და გავიხსნა იქ, სადაც ბურთს კარგ პოზიციაში მივიღებ."

მარტო ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ მიულერს ფეხბურთი ძალიან კარგად, სიღრმისეულად ესმის, რაც 20 წლის მოთამაშისთვის უკვე უდიდესი მიღწევაა. "ვან გაალი შესანიშნავი ტაქტიკოსია, მაგრამ მე ეს ყველაფერი მის ხელში მხოლოდ დავხვეწე, ნასწავლი კი მანამდეც მქონდა. საერთოდ, ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია, ახალგაზრდულ ასაკშიც ბევრი რამ ისწავლოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა განსწავლული მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ეუბნება, სად რა დროს უნდა შეირბინოს. თუ ამ ყველაფერს დაიხსომებ და მერე გაანალიზებ, ძალიან მალე რჩევები აღარ დაგჭირდება, მაგრამ ისიც მართალია, რომ ტაქტიკური გაგების ნიჭიც უნდა გქონდეს," - თქვა თომასმა ინგლისთან მატჩის შემდეგ, როცა ჟურნალისტებმა მისი თითოეული მოძრაობა შეაქეს.

მიულერი არ არის ისეთი დრიბლიორი, როგორიც კრისტიანო რონალდოა და არც ისეთი გენიალური შემგდებია, როგორიც მისი ლეგენდარული მოგვარე გერდი იყო, რომელსაც გოლები ხშირად არაფრისგან გაჰქონდა. "ინგლისთან ჩემი პირველი გოლი, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ კარგი მეკარე იმ დარტყმის მოგერიებას შეძლებდა. რაც შეეხება მეორე გოლს, რომლითაც ანგარიში 4:1 გახდა, ისეთ პოზიციაში ვიყავი, რომ ვერ გამეტანა, ვიტყოდი, რომ გერმანიის ნაკრებში ჩემი ადგილი არ არის", - აი, ასე თვითკრიტიკულად შეაფასა მიულერმა ინგლისთან თავისი ბრწყინვალე თამაში და შესრულებული დუბლი.
მოკლედ, თომას მიულერის თამაშის სტილი ასე ხასიათდება: ეს არის ნახევარცმველ-თავდამსხმელი, რომლის მთავარი ამოცანა ფლანგზე თუ ცენტრში მეტოქის კარისკენ მისასვლელი გზების ძებნა ან აქეთ-იქით სირბილით სიცარიელეების წარმოქმნაა. ამასთან ერთად, მას აქვს საკმაოდ კარგი დარტყმა და რკინის ნერვები.

ინგლისთან თამაშის შემდეგ, მიულერის ანგარიშზე სამი გოლი და ამდენივე საგოლე პასია. შესაბამისად, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი სწორედ თომასი უნდა გახდეს და თუ ეს წოდება დაიმსახურა, თანამემამულე ლუკას პოდოლსკის შეცვლის, რომელიც 2006 წლის მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
ორი აზრი არ არსებობს, გერმანიის ნაკრები თომას მიულერის გარეშეც იარსებებდა და სუსტიც არ იქნებოდა, მაგრამ გერმანელებს ბუნდესგუნდი მის გარეშე უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ. ფაქტია ისიც, რომ იოახიმ ლიოვმა მიულერის სახით უკვე იპოვნა ფეხბურთელი, რომელიც მის ტაქტიკურ სქემაში იდეალურად ჯდება და მისი საფეხბურთო ფილოსოფიისთვისაა ზედგამოჭრილი.

თომას მიულერს გერმანიის ნაკრებში დებიუტი მარტში, არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, რომელიც ბუნდესგუნდმა 0:1 დათმო. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ მიკროფონთან მჯდომი მიულერი ვერ იცნო და პოდიუმიდან გააგდო, შენ ვინღა ხარ, ახლა მე უნდა ვილაპარაკო და თანაც ცოტა დრო მაქვს, ასე რომ, მანდიდან მოუსვიო. როცა მარადონას ჰკითხეს, მან დაადასტურა, რომ თომასი ვერ იცნო და კონტრკითხვაზე, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი როგორ ვერ იცანითო, დიეგომ თქვა, რომ ის სულაც არ არის ვალდებული, ცნობდეს მეტოქე გუნდის ყველა ფეხბურთელს. გარკვეულწილად, არც გაემტყუნება, რადგან თომასმა გერმანიის ნაკრებში იმ დღეს პირველად ითამაშა.

"არა უშავს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ დიეგო მარადონა მცნობდეს. იმედია, მოვა დრო, როცა მას ჩემს შესახებ ბევრი რამ ეცოდინება," - თქვა მიულერმა იმ დღესვე, როცა მარადონა თავის გამოსვლას მორჩა და თომასი მიკროფონთან მიუშვეს.
შაბათს გერმანია-არგენტინაა და წესით, მარადონამ თომას მიულერის შესახებ უკვე ბევრი რამ უნდა იცოდეს...
გოტფრიდ ლენცი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული