ყველაზე დიდი სიხარული იმან მომიტანა, რომ სამშობლოს გამოვადექი

AutoSharing Option

 

ახლახან მუნდიალის სამმა გმირმა დამსახურებული პრიზები მიიღო, "ადიდასმა" მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელ დიეგო ფორლანს "ადიდასის ოქროს ბურთი" გადასცა. ჩემპიონატის ბომბარდირი თომას მიულერი "ოქროს ბუცით" დააჯილდოვეს, ხოლო საუკეთესო მეკარე იკერ კასილიასი "ოქროს ხელთათმანით". გერმანელ ფეხბურთელთან ინტერვიუ გუშინ შემოგთავაზეთ, დღეს კი ფორლანის და კასილიასის ჯერია...


ყველაზე დიდი სიხარული იმან მომიტანა, რომ სამშობლოს გამოვადექი


- რას ნიშნავს თქვენთვის ეს პრიზი?
- ეს ნიშნავს, რომ ერთმა ადამიანმა მიიღო მთელი ნაკრების ჯაფის საჩუქარი. პრიზი ყველამ ერთად დავიმსახურეთ, ვინც კი მუნდიალზე ვიყავით.


- როგორ ფიქრობთ, რითი

აჯობეთ კონკურენტებს, რატომ გამოგარჩიეს?
- ახლაც ვერ გეტყვით, მეკუთვნოდა თუ არა ეს ჯილდო. უბრალოდ ვცდილობდი, კარგი ფეხბურთი მეთამაშა და რაც შეიძლება მეტი გოლი გამეტანა. ერთიც და მეორეც გამომივიდა კარგად. ძალიან მიხარია, რომ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ის უფრო მახარებს, რომ ჩემს სამშობლოს გამოვადექი.


- თქვენი ნაკრები საკმაოდ შორს წავიდა, თქვენ კი საუკეთესო გახდით. ალბათ, არ ელოდით.
- გამოგიტყდებით და, ეს ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი იყო.


- თქვენთან ერთად თომას მიულერი და იკერ კასილიასი დააჯილდოვეს, რას იტყვით მათზე?
- მიულერი ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც დიდებული მუნდიალი ჰქონდა. მან თავისი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა. იკერზე ისედაც ყველამ ყველაფერი იცოდა - ის დიდი გოლკიპერია.


- როცა მსოფლიოს ჩემპიონატი გახსენდებათ, პირველად რას იხსენებთ?
- ეს იყო დიდებული დრო, როცა ჩვენ კამყოფილები ვიყავით ჩვენი თამაშით ტურნირზე, ვხვდებოდით, რომ დიდ საქმეს ვაკეთებდით ურუგვაისთვის და რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.


- და მაინც, რომელი ეპიზოდი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მუნდიალზე?
- მატჩი სამხრეთ აფრიკასთან, პირველი გამარჯვება, თანაც მასპინძელ გუნდთან.


- როდის მიხვდით, რომ ურუგვაი საკმაოდ შორს წავიდოდა?
- როცა მეოთხედფინალს გაცდები და ყველაფერი კარგადაა, მაქსიმალურ წარმატებაზეც ფიქრობ, თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონობაზე.


- ჰოლანდიასთან ნახევარფინალური მატჩი როგორ გახსენდებათ?
- იყო საშინელი სამი წუთი, როცა ორი გოლი გავუშვით. ვფიქრობ, სხვა მატჩებიც იყო, სადაც უარესად ვითამაშეთ, მაგრამ ამჯერად მეტოქემ დაგვსაჯა და გაიმარჯვა.


- როგორ ფიქრობთ, გააგრძელებს ურუგვაი წარმატებულ სვლას? კოპა ამერიკაზე, ან თუნდაც ბრაზილიაში გასამარ მუნდიალზე...
- რატომაც არა. ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება, თუმცა სამხრეთ ამერიკაში სანაკრებო ფეხბურთის მაღალი დონეა და მეტოქეებიც ძლიერები არიან.


- და რა ფაქტორები დაეხმარება ურუგვაის ნაკრებს საამისოდ?
- ფუნდამენტური საკითხია, რომ ნაკრებში ოსკარ ტაბარესი უნდა დარჩეს. კარგია, რომ მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.


- მუნდიალი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო, რის ხარჯზე?
- ორი მთავარი მიზეზია: ესპანეთის ნაკრებს ყველა პოზიციაზე უმაღლესი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს, მეორე - მათი თამაშის სტილია.


- დაბოლოს, თქვენი ყველაზე საყვარელი გოლი...
- ასეთი ბევრია. მხოლოდ ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან გოლებს გავიხსენებ: გოლი, რომლის წყალობითაც "ატლეტიკომ" ევროპის ლიგა მოიგო. მუნდიალზე სამხრეთ აფრიკელთა და განელთა კარში გატანილი ბურთები.


იკერ კასილიასი: სხვებს სიმშვიდით ვაჯობე


- რას ნიშნავს თქვენთვის ეს პრიზი?
- პერსონალურად ძალიან დიდი მიღწევაა ადამიანისთვის. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერობა დიდი პატივია.


- რას ფიქრობთ, რის ხარჯზე მოიგეთ ეს ჯილდო?
- ყველაზე მეტად იმის გამო, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარე ვარ. ჩვენს გუნდს მუნდიალზე საუკეთესო დაცვის ხაზი აქვს. თანაც სიმშვიდე ერთხელაც არ დამიკარგავს.


- რითი აჯობეთ სხვა მეკარეებს სამხრეთ აფრიკაში?
- ისევ და ისევ სიმშვიდით. არავითარი პანიკა! ვფიქრობ, ეს იყო მთავარი, თორემ მუნდიალზე ბევრი კარგი მეკარე იყო.


- გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები სხვა გამარჯვებულებზეც...
- მიულერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ჩემი თანაგუნდელები სამი ხედირა და მესუთ იოზილი მეუბნებიან, რომ ის დიდებული ფეხბურთელია. ფორლანზე რა ვთქვა, ფანტასტიკური ფეხბურთელი და ადამიანია.


- გამოგვიტყდით, რამდენჯერ უყურეთ მუნდიალის ჩანაწერებს?
- სამი-ოთხჯერ. მაგრამ შვეიცარიასთან მატჩს ვერიდები, მხოლოდ კარგი მოგონებები მსურს, რომ დამრჩეს ამ ტრიუმფისგან. არ მინდა ეს მუნდიალი ოდესმე დამავიწყდეს.


- ახლა უფრო გამოჩნდებოდა, თქვენი აზრით, რა იყო მთავარი, რის გამოც ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა?
- გადამწყვეტი იყო შვეიცარიასთან მარცხი. ასეთი უბედობა არ მახსოვს, ესპანეთის ნაკრები ასეთ მატჩებს 100-ში ერთხელ აგებს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო გერმანიასთან თამაში, ეს იყო ნამდვილი მატჩი. ვფიქრობ, ვისაც სურს კარგად შეისწავლოს ჩვენი ნაკრები, ეს თამაში უნდა ნახოს, თანაც რამდენჯერმე.


- ყველაზე კარგად რა გახსენდებათ?
- პარაგვაისთან მატჩი, იმიტომ რომ მანამდე ჩემს შესახებ გარკვეული კითხვები გაჩნდა. დიდი მადლობა პეპე რეინას და ვიქტორ ვალდესს, მაშინ ეს ბიჭები დიდებულად მოიქცნენ და ეროვნულმა ნაკრებმაც ერთიანობა შეინარჩუნა.


- და მაინც, რის ხარჯზე მოიგო ესპანეთის ნაკრებმა მუნდიალი?
- მოთამაშეთა მაღალი კვალიფიკაცია. მაგალითად, ფინალში ჩვენ სულ სხვა ჰოლანდია გვეთამაშა, მეტოქე ცდილობდა უხეშობით გასულიყო ფონს. ახლა, რომ ვუკვირდებოდი, მათ სხვა შანსი არც ჰქონდათ.


- გაიმეორებთ ამ წარმატებას კიდევ?
- ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა გვყავს. სესკი ასეთი გამოცდილია, ამავე დროს ახალგაზრდა, შორეულ მომავალში მას შეუძლია ჩავი შეცვალოს ნაკრებში.


- თქვენ კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი ინდივიდუალური და გუნდური ტიტული მოიპოვეთ, დაგრჩათ მიზანი?
- რა ვქნა, ფეხბურთს თავი დავანებო? ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, სინამდვილეში კი მისაღწევი ძალიან ბევრი დამრჩა: ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, "სამეფო თასის" აღებაც მწურია, ევროპის ჩემპიონობის გამეორებაზეც უარს არ ვიტყოდი.


- რას მიაღწევს "რეალი" ახალ სეზონში?
- არ მიყვარს წინასწარ არაფრის დაგეგმვა. ჩვენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ. ეს სპრინტი არ არის, მარათონია.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული