ბრაზილია-ერაყი 6:0 - კაკას დაბრუნება და მორიგი გასეირნება

AutoSharing Option
ბრაზილიის ეროვნული გუნდი, შვედეთის ქალაქ მალმიოში, ზიკოს გაწვრთნილ ერაყს შეხვდა და ისევე როგორც ჩინეთს, დიდი ანგარიშით მოუგო.

"სელესაომ" ზაფხულში არგენტინასთან მარცხის შემდეგ (3:4), უკვე მეხუთე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანში გაიმარჯვა.

შვედეთში გამართული მატჩის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში კაკას დაბრუნება იყო, რომელმაც არა მარტო გოლი გაიტანა, არამედ ერთი საგოლე პასიც მიითვალა. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს ნაკრებში ბოლო მატჩი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა ჩატარებული.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა - ნეიმარმა ბურთი მოედნის ცენტრი
დან წამოიღო და საგოლე პასი გაუკეთა ოსკარს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა.

პირველი გოლიდან 5 წუთში კი "არისტოკრატმა" მეორეც გაიტანა, საგოლე პასი კი ამჯერად კაკამ მიითვალა. ბევრი მომენტის და მცდელობის მიუხედავად, ბრაზილიელებმა პირველ ტაიმში მეტი ვერაფერი შეძლეს.

შეხვედრის 48-ე წუთზე ერაყელთა საჯარიმოში კაკა შეიჭრა, ცრუ მოძრაობით მეტოქე ჩამოიტოვა და შორეულ კუთხეში აუღებელი დაარტყა. 30 წლის ფეხბურთელს ნაკრებში ბოლო გოლი 2010 წლის 7 ივნისს, ტანზანიასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა გატანილი. ამის შემდეგ "პენტაკამპეონებმა" კიდევ სამჯერ იხეირეს: 56-ე წუთზე ჰალკმა, 75-ეზე ნეიმარმა, ხოლო მე-80 წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ლუკას მოურამ გამოიჩინეს თავი.

მანო მენეზეშის კრებულს კარგი ვარჯიში გამოუვიდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ გუნდს, რომელსაც 2014 წლის მუნდიალზე მოუწევს თამაში და იქ მთავარი ფავორიტი იქნება.

საქმე მხოლოდ მასპინძლობაში არ არის, ნეიმარის, ლუკას მოურას, ოსკარის, ლეანდრო დამიაოს (რომელსაც ერაყთან არ უთამაშია) და სხვების მსგავსი ნიჭიერი ფეხბურთელები ბევრ ნაკრებს ნამდვილად არ ჰყავს.

მენეზეშმა, თამაშის შემდეგ, მთელი გუნდი შეაქო, მაგრამ განსაკუთრებით ოსკარი და კაკა გამოარჩია:

"ოსკარი ახალგაზრდაა, მაგრამ ყოველდღე ვითარდება და იზრდება. ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მისი სათამაშო სტილი ზედმიწევნად შეესაბამება ჩვენი ნაკრების სტილს.

ნაკრების ახალწვეულთაგან ყველაზე მეტად სწორედ მან მოუმატა, თუმცა მე ყველას გარჯით და თამაშით კმაყოფილი ვარ".

"კარგია, რომ ბრაზილია ისევ ათამაშდა და კაკა გუნდში უპრობლემოდ ჩაეწერა. ის პირველად თამაშობდა ამ ფეხბურთელებთან ერთად და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რისი გაუმჯობესება სჭირდება? ყველა შეხვედრაში ასე უნდა ითამაშოს", - მიხვდით ალბათ, რომ ეს კაკაზე გამოთქმული მოსაზრებაა.

ზიკოს გაწვრთნილი გუნდის განადგურების შემდეგ, ბრაზილიას მომდევნო ამხანაგური მატჩი 16 ოქტომბერს, ზიკოს ყოფილ გუნდ, იაპონიის ნაკრებთან ელის.

ამხანაგური მატჩი
ბრაზილია-ერაყი 6:0
ბრაზილია: დიეგო ალვეში - ადრიანო კორეია, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მარსელო - რამირესი (სანდრო 81), პაულინიო (ფერნანდო), კაკა (ლუკას მოურა 72) - ოსკარი (ჟულიანო 82), ჰალკი (ტიაგო ნევეში 74) - ნეიმარი.

გოლები: 1:0 ოსკარი (22), 2:0 ოსკარი (27), კაკა (48), 4:0 ჰალკი (56), 5:0 ნეიმარი (75), 6:0 ლუკას მოურა (80).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული