მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი: ფინეთი და ბელორუსი მესამე ადგილში გვეცილებიან

AutoSharing Option
პოდგორიცა, პრაღა, ვენა, ლისაბონი - "ევროტურის" განრიგი არ გეგონოთ; ამ ქალაქებში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო მატჩები უნდა გაიმართოს, რომელთა საბოლოო შედეგიც ბევრ რამეს გაარკვევს.

თუმცა ზოგ ჯგუფში ისეთი მდგომარეობაა, რომ ყველაფერი ბოლო ტურში თუ გაირკვევა...


A ჯგუფი - ორთაბრძოლა გრძელდება
7 ივნისი
ხორვატია-შოტლანდია 22:15
ბელგია-სერბეთი 22:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 6 5 1 0 11-1 16
2. ხორვატია 6 5 1 0 10-3 16
3. სერბეთი 6 2 1 3 8-7 7
4. უელსი 6 2 0 4 6-14 6
5. მაკედონია 6 1 1 4 3-7 4
6. შოტლანდია 6 0 2 4 3-9 2

A ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებზე გამსვლელ გუნდთა ვინაობა უკვე გარკვეულია - მთავარია, ვინ დაიკავებს პირველ
პოზიციას და ვინ მეორეს. ორივე ფავორიტი ამ ტურში შინ თამაშობს. ბელგიის ნაკრები სერბეთს ხვდება, ხოლო ხორვატია შოტლანდიას მასპინძლობს.

ლიდერებმა ქულები ბელგიაში გამართულ ურთიერთშეხვედრაში დაკარგეს (1:1). საპასუხო მატჩი, რომელიც ზაგრებში 11 ოქტომბერს გაიმართება, გადამწყვეტი უნდა გამოდგეს. იქამდე კი გუნდები სწორედ შოტლანდიას და სერბეთს უნდა დაუპირისპირდნენ.

მომდევნო ტურში ხორვატია და ბელგია მეტოქეებს გაცვლიან და მათ სტუმრის რანგში შეხვდებიან, თუმცა ეს ყველაფერი სექტემბერში მოხდება. მანამდე კი ამ ტურის შეხვედრებზე ვისაუბროთ.

ზაგრების მატჩი ნახევარი საათით ადრე იწყება. შოტლანდია ამ შესარჩევში ამაზრზენად ასპარეზობს და ექვსი ტურის შემდეგ ერთი მოგებაც კი არ აქვს. ნულის ერთიანად გადაკეთება მთიელებს 7 ივნისსაც გაუჭირდებათ, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ურთიერთშეხვედრებში ბალანსი თანაბარია. უფრო სწორად, ხორვატიას და შოტლანდიას ერთმანეთის წინააღმდეგ სულ სამი მატჩი აქვთ გამართული და სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მასპინძლებს სერიოზული დანაკლისი არ აქვთ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებული არაა, მლადენ პეტრიჩი გახლავთ, მაგრამ მისი შეცვლა პრობლემა ნამდვილად არ იქნება.

ფავორიტია ბელგიაც, რომელიც სერბეთს ასევე უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდება. პირველი წრის მატჩში მარკ ვილმოტსის შეგირდებმა სტუმრად 3:0 მოიგეს და წესით, გამარჯვების მოპოვება არც ამჯერად უნდა გაუჭირდეთ.

B ჯგუფი - ჩეხების შანსი
7 ივნისი
სომხეთი-მალტა 20:00
ჩეხეთი-იტალია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 5 4 1 0 12-4 13
2. ბულგარეთი 6 2 4 0 11-4 10
3. ჩეხეთი 5 2 2 1 6-4 8
4. დანია 5 1 3 1 6-5 6
5. სომხეთი 4 1 0 3 2-7 3
6. მალტა 5 0 0 5 1-14 0

ჯგუფის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, პრაღაში გაიმართება. ჩეხეთი მესამე ადგილზეა და ბულგარეთის გადასწრების სურვილით იწვის, იტალია კი მეორე ადგილზე მყოფ სლავებს სამი ქულით უსწრებს.

თუ ამ შეხვედრაში მასპინძლები იმარჯვებენ, სიტუაცია საკმაოდ დაიძაბება და ჩეხებს პირველობის შანსიც კი გაუჩნდებათ.

"სკუადრა აძურას" საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. ამ შეხვედრის შემდეგ იტალიელები გეზს ბრაზილიისკენ აიღებენ, სადაც კონფედერაციის თასზე უნდა ითამაშონ, თუმცა ახლა ჩეზარე პრანდელი მხოლოდ ჩეხეთში გასამართ მატჩზე ფიქრობს.

ტომაშ როსიცკი ნაკრებში 91-ე შეხვედრას გამართავს და პაველ ნედვედსა და იან კოლერს წამოეწევა. მათზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელია: მილან ბაროში (93), პეტრ ჩეხი (100) და კარელ პობორსკი (118).

ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ერევანში შედგება, სადაც სომხეთი მალტის ნაკრების დამარცხებას მეორედაც ეცდება.

ჯერჯერობით ჩვენმა მეზობლებმა ქულები მხოლოდ კუნძულელებთან აიღეს.

C ჯგუფი - ტრიო გადამწყვეტი ბრძოლებისთვის ემზადება
7 ივნისი
ავსტრია-შვედეთი 22:45
ირლანდია-ფარერები 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 6 5 1 0 22-7 16
2. ავსტრია 5 2 2 1 13-4 8
3. შვედეთი 4 2 2 0 8-5 8
4. ირლანდია 5 2 2 1 9-10 8
5. ყაზახეთი 6 0 1 5 2-15 1
6. ფარერები 4 0 0 4 2-15 0

სათამაშო დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ავსტრიაში გაიმართება. ამ ჯგუფში გერმანიას პირველობა განაღდებული აქვს და მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის მიმდინარეობს.

ამ ბრძოლაში სამი გუნდია ჩართული. ერთ-ერთი მათგანი, ირლანდია, ფარერებს მასპინძლობს და რა თქმა უნდა, სამ ქულასაც აიღებს. ირლანდიელები საქართველოსთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ (4:0) კარგ ხასიათზე არიან და განწყობის გაფუჭებას არც აპირებენ.

მთავარი მატჩი კი ვენაში, "ერნსტ ჰაპელზე" უნდა გაიმართოს. შვედეთს, ორ კონკურენტთან შედარებით, თამაშით ნაკლები აქვს გამართული და იმ თამაშშიც სამ დღეში (ფარერებთან, შინ) აუცილებლად მოიგებს. ანუ შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, რომ ერიკ ჰამრენის შეგირდები ავსტრია-ირლანდიას სამი ქულით უსწრებენ და შესაბამისად, მასპინძლებმა შვედებს აუცილებლად უნდა მოუგონ.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 2009 წელს გაიმართა და მაშინ შვედეთმა 2:0 მოიგო, გოლები კი რასმუს ელმმა და კიმ კალსტრიომმა გაიტანეს. ორივე ეს ფეხბურთელი გამოძახებულთა შორისაა. ასევე გამოძახებულია ანდერს სვენსონი, რომელიც თუ ითამაშებს, ნაკრების მაისურს 140-ედ მოირგებს და თომას რაველის რეკორდამდე 3 თამაში დააკლდება.

აქვე ვთქვათ, რომ მეორე ადგილისთვის მებრძოლი ტრიოდან ყველაზე ცუდი კალენდარი ირლანდიას აქვს - ჯოვანი ტრაპატონის შეგირდები ჯერ შვედეთს მასპინძლობენ, შემდეგ კი ავსტრიას და გერმანიას სტუმრობენ.

E ჯგუფი - ყველაზე თანაბარი ჯგუფი
7 ივნისი
ალბანეთი-ნორვეგია 22:30
ისლანდია-სლოვენია 23:00

8 ივნისი
შვეიცარია-კვიპროსი 19:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 5 3 2 0 7-1 11
2. ისლანდია 5 3 0 2 6-5 9
3. ალბანეთი 5 3 0 2 6-5 9
4. ნორვეგია 5 2 1 2 6-6 7
5. კვიპროსი 5 1 1 3 4-8 4
6. სლოვენია 5 1 0 4 4-8 3

E ჯგუფის ლიდერი და მთავარი ფავორიტი, შვეიცარიის ნაკრები, ამ ტურში კვიპროსს მასპინძლობს და ვალდებულია, მორიგი სამი ქულა აიღოს. კვიპროსში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, რის გამოც ოტმარ ფიტცფელდის შეგირდებმა კონკურენტებისგან მოწყვეტის შანსი ხელიდან გაუშვეს.

მეორე ადგილზე მყოფი ისლანდია სლოვენიას მასპინძლობს, რომელმაც ეს შესარჩევი ეტაპი ჩააგდო, მაგრამ მეორე ადგილის დაკავების თეორიული შანსი მაინც შერჩენილი აქვს. ისლანდიის ნაკრებს სერიოზული დანაკლისი აქვს - ვერ ითამაშებს გილფი სიგურდსონი, რომელმაც 22 მარტს ლუბლიანაში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (2:1) ლომის წილი დაიდო.

ყველასთვის მოულოდნელად, ასევე 9 ქულა აქვს ალბანეთის ნაკრებს. ჯანი დე ბიაზის შეგირდები იმ ნორვეგიას ხვდებიან, რომელსაც მარტში სტუმრად მოუგეს (1:0). ორივე გუნდისთვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის, ვინც დამარცხდება, მუნდიალზე ოცნებას უნდა შეეშვას.

F ჯგუფი - პორტუგალიის უკანასკნელი შანსი
7 ივნისი
აზერბაიჯანი-ლუქსემბურგი 20:00
პორტუგალია-რუსეთი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 4 4 0 0 8-0 12
2. ისრაელი 6 3 2 1 15-8 11
3. პორტუგალია 6 3 2 1 11-6 11
4. ირლანდია 5 0 3 2 3-7 3
5. აზერბაიჯანი 6 0 3 3 2-8 3
6. ლუქსემბურგი 5 0 2 3 2-12 2

რუსეთის ნაკრები შესანიშნავად ასპარეზობს - ფაბიო კაპელოს შეგირდებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და ჯერ გოლიც კი არ გაუშვიათ. სლავების მშრალი სერია შესაძლოა სწორედ დღეს დასრულდეს, რადგან რუსებს პორტუგალიაში უწევთ სტუმრობა. უკანასკნელად რუსეთმა ლისაბონში 2004 წელს ითამაშა და 1:7 წააგო, თუმცა ამ შესარჩევში გამართული მატჩი კაპელოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა (1:0).

რუსეთთან მარცხის გარდა, პაულო ბენტუს სამწყსომ ჩრდილოეთ ირლანდიას (1:1, შინ) და ისრაელს (3:3, სტუმრად) ვერ მოუგო; თანაც, ამ უკანასკნელთან მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა, მატჩის მიმდინარეობისას კი 1:3-საც აგებდა.

მასპინძლებს ძირითადი შემადგენლობის წევრებიდან პეპე და როლანდო არ ეყოლებათ. გამოძახებულია "ვალიადოლიდის" მცველი ენრიკე სერენო, რომელსაც ეროვნულ გუნდში ჯერ არ უთამაშია.

რუსების ძირითადში იქნება ალექსანდრ კერჟაკოვი, რომელსაც ნაკრებში 22 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 4 ბურთით ჩამორჩება ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ვლადიმირ ბესჩასტნიხს. სწორედ კერჟაკოვმა გაიტანა ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ერთადერთი გოლი.

G ჯგუფი - ფავორიტები ბალტიისპირეთში
7 ივნისი
ლატვია-ბოსნია 20:30
ლიხტენშტაინი-სლოვაკეთი 20:00
ლიტვა-საბერძნეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 5 4 1 0 18-3 13
2. საბერძნეთი 5 3 1 1 6-4 10
3. სლოვაკეთი 5 2 2 1 6-4 8
4. ლიტვა 5 1 2 2 4-7 5
5. ლატვია 5 1 1 3 6-9 4
6. ლიხტენშტაინი 5 0 1 4 2-15 1

ლიტვა და ლატვია ჯგუფის ფავორიტებს მასპინძლობენ. ბოსნია და საბერძნეთი მორიგი სამი ქულის აღებას ეცდებიან, მათი მდევარი სლოვაკეთი კი ლიხტენშტაინს ეწვევა და აუცილებლად მოიგებს.

ბერძნებმა წინა ტურში სწორედ ბოსნიასთან წააგეს და ახლა რეაბილიტაციას ვილნიუსში ეცდებიან. ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ორი მატჩი აქვთ გამართული - ერთი ლიტვამ მოიგო (1995 წელს, ამხანაგური), ერთი კი საბერძნეთმა (2:0, შარშან).

სტუმრებს კირიაკოს და ავრაამ პაპადოპულოსები არ ეყოლებათ. სამაგიეროდ, მზადაა სოკრატის პაპასტატოპულოსი, რომელიც მომავალ სეზონში დორტმუნდის "ბორუსიაში" ითამაშებს. ნაკრებში 125-ე მატჩის ჩასატარებლად ემზადება გიორგიოს კარაგუნისი, ვინც ეროვნული გუნდის რეკორდსმენია.

ბერძნების კონკურენტი და ჯგუფის ლიდერი ლატვიაში ითამაშებს. ბოსნიელები შესანიშნავად ასპარეზობენ და ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმით იწონებენ თავს (18 გოლი). ბეგოვიჩი, სპაჰიჩი, რაჰიმიჩი, პიანიჩი, ლულიჩი, სალიჰოვიჩი, იბიშევიჩი, ჯეკო - სტუმრებს მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ერთადერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც 7 ივნისს ვერ ითამაშებს, ჩინეთში გადახვეწილი ზვეზდან მისიმოვიჩია, რომელიც ნაკრებში გამოძახებული არაა.

სხვათა შორის, ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში, რომელიც ბოსნიამ 4:1 მოიგო, მისიმოვიჩმა დუბლი შეასრულა.

H ჯგუფი - პოდგორიცაში თამაში რთულია
7 ივნისი
მოლდოვა-პოლონეთი 22:15
ჩერნოგორია-უკრაინა 22:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩერნოგორია 6 4 2 0 14-3 14
2. ინგლისი 6 3 3 0 21-3 12
3. პოლონეთი 5 2 2 1 11-6 8
4. უკრაინა 5 2 2 1 6-4 8
5. მოლდოვა 6 1 1 4 3-10 4
6. სან მარინო 6 0 0 6 0-29 0

შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჩერნოგორიის ნაკრები (9-მატჩიანი წაუგებელი სერია) ასევე კარგ ფორმაში მყოფ უკრაინას (5-მატჩიანი წაუგებელი სერია) მასპინძლობს.

პოდგორიცაში თამაში ყველას უჭირს და გამონაკლისი არც უკრაინა იქნება. მიხაილო ფომენკოს დანიშვნის შემდეგ (3 მოგება და 1 ფრე) სლავები ათამაშდნენ და ჩერნოგორიას რევანშის წყურვილით ეწვევიან. შეგახსენებთ, რომ კიევში გამარჯვება ბრაკო ბრნოვიჩის გუნდს დარჩა (1:0).

უკრაინის მსგავსად, 8 ქულა აქვს პოლონეთს, რომელიც მოლდოვას ესტუმრება. სტუმართა რიგებში ვერ ვხედავთ ლუკას პიშჩეკსა და ლუდოვიკ ობრანიაკს, მაგრამ ამ დანაკლისის მიუხედავად, პოლონელები ვალდებულნი არიან, მოიგონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა შეუძლებელი გახდება.

I ჯგუფი - მატჩი მესამე ადგილისთვის
7 ივნისი
ფინეთი-ბელორუსი 20:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 3 2 0 8-2 11
2. საფრანგეთი 5 3 1 1 8-4 10
3. საქართველო 5 1 1 3 3-7 4
4. ბელორუსი 4 1 0 3 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 2-3 2

ერთი შეხვედრა გაიმართება ჩვენს ჯგუფში - ფინეთი ბელორუსს შეხვდება, ოთხი დღის შემდეგ კი ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მინსკში დაუპირისპირდებიან.

ორივე ნაკრები, საქართველოსთან ერთად, მესამე ადგილისთვის იბრძვის და ამ თვალსაზრისით, ორივე შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბომბარდირები
7 - ჯეკო (ბოსნია); 6 - ჰემედი (ისრაელი); 5 - იბიშევიჩი (ბოსნია), როისი (გერმანია), იოზილი (გერმანია), რუნი (ინგლისი), ვან პერსი (ჰოლანდია). 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული