ორჯერ ხომ არ დავსჯით?! - ჩეზარე პრანდელი მარიო ბალოტელის მაინც გამოიძახებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა უკვე მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური და შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას მშვიდად ეგებება. დიდი ალბათობით, ჩეზარე პრანდელი რამდენიმე ახალწვეულს გამოიძახებს და არც ტაქტიკა-სტრატეგიაში მოერიდება ექსპერიმენტებს.

თუმცა, იმასაც ღიად ამბობს, რომ ძირითადი ბირთვი შერჩეული ჰყავს და მთავარი გუნდის კიდევ უფრო შეთამაშებაა.

11 ოქტომბერს "სკუადრა აძურა" დანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება, ოთხი დღის შემდეგ კი ნეაპოლში, "სტადიო სან პაოლოზე" სომხეთის ნაკრებს შეეჭიდება.

ცნობილი ამბავია, რომ ჩეზარე პრანდელი უდიდეს ყურადღებას აქცევს ფეხბურთელთა დისციპლინას და ქცევის წესებს, სხვადასხვა დარღვევისთვის კი არაერთი ფეხბურთელი დაუტოვებია
განაცხადს მიღმა. გახსოვთ, ალბათ, ამ მიზეზით სენიორ ჩეზარემ პაბლო დანიელ ოსვალდო კონფედერაციათა თასის გარეშე დატოვა.

მოკლედ, ამ მხრივ პრანდელი დაუნდობელია და ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამჯერად რჩეულთა შორის მარიო ბალოტელის ადგილი არ მოიძებნება. შეგახსენებთ, რომ მარიო "მილანი"-"ნაპოლის" შეხვედრისას "აფეთქდა" და სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოიწერა.

რას აპირებს პრანდელი? - ამას თავად მწვრთნელისგან შეიტყობთ:

"ბალოტელის კიდევ ერთხელ უმტყუნა ნერვებმა და ეს ძალიან ცუდია. "მილანის" მესვეურთა საქციელი კი მხოლოდ ქებას იმსახურებს, რადგან მათ არ გაასაჩივრეს დისციპლინართა გადაწყვეტილება.

ლომბარდიელებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ მარიოს სასჯელი უნდა მოეხადა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

გამოვიძახებ თუ არა ბალოტელის უახლოესი სანაკრებო თამაშებისთვის? - კი, აუცილებლად გამოვიძახებ.

მარიომ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ორი თამაში უკვე გამოტოვა და როდესაც ეროვნული გუნდის განაცხადს დავასახელებ, სასჯელი მთლიანად ექნება მოხდილი.

მაშინ რაღა საჭიროა მისი კიდევ ერთხელ დასჯა? - ასე რომ, ბალოტელი ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება".


ჩეზარე პრანდელიმ დანიელებთან და სომხებთან მოახლოებულ პაექრობებზე ისაუბრა:

"მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი დრო არაა დარჩენილი და ამ ეტაპზე მთავარი გუნდის კიდევ უფრო შეთამაშებაა. თუმცა, სეზონი გრძელია და კარგად მესმის, რომ პერიოდულად წამყვან ფეხბურთელებს დასვენება არ აწყენდათ.

გამოვიძახებ ახალ ფეხბურთელებსაც და ვნახავთ, ვინ შეიძლება გამოგვადგეს ბრაზილიურ მუნდიალზე.

დანიასთან გასვლაზე თამაში ურთულესი იქნება, სომხებს კი ნეაპოლში ვხვდებით, სადაც ცუდ თამაშს არავინ გვაპატიებს. მოკლედ, წინ საინტერესო ბატალიები გველის"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანი" მარიო ბალოტელის 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას არ გააპროტესტებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული