იტალია-სომხეთის გამოხმაურება: რას გადაურჩა იტალია [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი მეტად მძიმე გამოდგა. სომხეთის უმთავრესი გუნდი უნარიანად იცავდა თავს და რაც მთავარია, ძალიან სახიფათო იყო კონტრშეტევებზე. განსაკუთრებით, ეს ჰერნრიხ მხითარიანზე ითქმის, რომელიც სიღრმეში იღებდა ბურთს და შემდეგ სწრაფად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე.

მოკლედ, სომხებმა მსოფლიო ფეხბურთის გრანდს ბევრი პრობლემა შეუქმნეს და პატარა სენსაციაც მოახდინეს - ფრე უდავოდ სტუმართა აქტივში უნდა ჩავწეროთ.

თუმცა სომხები გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, იტალიის ნაკრების პირველი საშინაო მარცხი იქნებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების
ისტორიაში.

მოკლედ, ჩვენმა მეზობლებმა კიდევ ერთი მატჩი ჩაატარეს მაღალ დონეზე, იტალიელები კი თითოეულ შეხვედრას ბრაზილიური მუნდიალის ჭრილში განიხილავენ...
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

სამზადისი დაწებულია
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩეზარე პრანდელიმ მეტოქე შეაქო და დასძინა:

"საწყის 20 წუთში უამრავი შეცდომა დავუშვით და ეს პირველად არ ხდება - აშკარაა, რომ სტარტზე კონცენტრაცია არ გვყოფნის და ეს ხარვეზი აღმოსაფხვრელია.

ტაიმის შუაწელიდან ძალები მოვიკრიბეთ, მეორე ნახევარში კი უპირატესობასაც დავეუფლეთ. კარგია, რომ ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს ბრძოლისუნარიანობა და შესარჩევი ეტაპი წაუგებლად დავასრულეთ.

უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ სამუნდიალე სამზადისი და თითოეულ შეხვედრას სწორედ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოვიყენებთ. მთლიანობაში, შესარჩევი ეტაპით კმაყოფილი ვარ, მთავარი კი წინ გველოდება".

მედიის კრიტიკა
და მაინც, იტალიურ სპორტულ პრესაში "სკუადრა აძურა" გვარიანად გააკრიტიკეს. "გაძეტა დელო სპორტში" პირდაპირ ეწერა, რომ ეს იყო იტალიის ნაკრების ყველაზე სუსტი მატჩი მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე.

"მოშლილი დაცვა, უმწეო შუახაზი და მთლიანობაში, დაუბალანსებელი გუნდი...

ის, რომ იტალიის ნაკრებმა არ წააგო, მხოლოდ ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის შედეგია: ანდრეა პირლოს საუცხოო პასმა მარიო ბალოტელი გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა და გათანაბრდა კიდეც ანგარიში;

მაგრამ ეს იყო პირლოსა და ბალოტელის კლასის ნაყოფი და არა გუნდის მწყობრი თამაშის".


მოკლედ, "აძურა" გვარიანად გაიპრესა და მეორე დღეს, კითხვებზე პასუხის გაცემისას, თითქოს პრანდელიმაც შეცვალა პათოსი:

"პირველ ტაიმში მართლაც საშინლად ვითამაშეთ, მეორეს კი არა უშავდა. ერთს ვიტყვი, რაც უფრო მივუახლოვდებით მუნდიალს, მით უფრო გამკაცრდება მოთხოვნები ფეხბურთელების მიმართ. მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მოთამაშეებს სოციალური ქსელით სარგებლობის უფლება აეკრძალებათ. ეს თითქოს ნიუანსია, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან მნიშვნელოვანი.

გპირდებით, რომ უახლოეს შეხვედრაში იტალია გაცილებით უკეთ ითამაშებს".


ტესტი გერმანიასთან
ჩეზარე პრანდელის სოციალური ქსელი შემთხვევით არ უხსენებია - სომხეთთან მატჩის წინ მარიო ბალოტელი "ტვიტერზე" წერით გაერთო და სკანდალში გაეხვა, გულშემატკივრებთან პოლემიკაში შევიდა და როგორც შემდეგ გაცხადდა, თავზე დაათენდა.

მოკლედ, მარიომ დისციპლინა დაარღვია, რასაც პრანდელი ვერაფრით შეურიგდება.

იტალიის ეროვნული ნაკრები უახლოეს სპარინგ-მატჩს ნოემბრის შუა რიცხვებში გამართავს, მეტოქედ კი გერმანია ეყოლება. მატჩი მილანში, "სან სიროზეა" დაგეგმილი და წესით, კარგი ბურთაობა უნდა გაჩაღდეს.

"სკუადრა აძურა" რომ გერმანიასთან წარმატებით თამაშობს, საყოველთაოდ ცნობილია - პრანდელი კი აცხადებს, რომ შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი მუნდიალისთვის სამზადისია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: რუსეთი, ბოსნია, ინგლისი და ესპანეთი მუნდიალზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული