მუნდიალი 2014

მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფის წინ: გასაუბრება ღმერთთან

AutoSharing Option
ბრძოლა იყო, ახლა ომის ჯერია
პირველი მატჩების შემდეგ ამ წყვილში ყველაზე მეტად გამოიკვეთა ფავორიტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარ "გეორგიოს კარაისკაკიზე" კოსტას მიტროღლუმ თამაში მოიგო. რუმინელებს 3-დან 2 გოლი სწორედ "ოლიმპიაკოსის" შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფორვარდმა გაუტანა და მეტოქის დამწუხრებას ბუქარესტშიც შეეცდება. აგვისტოდან მოყოლებული, ყველა ტურნირის ჯამში მას 22 გოლი აქვს გატანილი 20 შეხვედრაში.

კოსტას მიტროღლუ: "ჩვენ ვოცნებობთ ბრაზილიაში მოხვედრაზე და ამისთვის მინდორზე ყველაფერს გავიღებთ. ბუქარესტში ჩავდივართ ისე, თითქოს პირველი მატჩი 0:0-ით იყოს დასრულებული, მოსაგებად ვითამაშებთ. ველოდებით იმას, რომ რუმინეთი თავიდანვე აგრესიული
იქნება და აქცენტს სწრაფ გოლზე გააკეთებს, თანაც, ქომაგების სრული მხარდაჭერის ფონზე. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია".


"ყველანი დამწუხრებულნი და გაბრაზებულნი ვართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ მიზნის მიღწევა მარტო კარგი პერიოდების დროს კი არა, რთულ მომენტებშიც შეგვიძლია. პირველ მატჩში ბერძნებმა გვაჯობეს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბრძოლა წავაგეთ და არა ომი. ბუქარესტში გოლი აღარ უნდა გავუშვათ"
- განაცხადა რუმინელთა ფორვარდმა ჩიპრიან მარიკამ.

მასპინძელთა მეკარე ბოგდან ლობონტი: "ძალიან ვწუხვართ, რომ გულშემატკივრები გავაწბილეთ. ახლა მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ვარწმუნებ ყველას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რა მცირე შანსიც არ უნდა იყოს დარჩენილი".

როგორც ხედავთ, რუმინელები საომრად ემზადებიან და აგერ, ბატონო, ბურთი და აგერ, "არენა ნაციონალე". ეროვნულ სტადიონზე, წესით, მხარდაჭერის პრობლემაც არ უნდა იყოს, იქ სულ ცოტა, 50 ათას გულშემატკივარს ელიან, ისე კი, ტევადობა 55 600-ია და მოკლედ, ანშლაგი იქნება.

ვიქტორ პიცურკას უნდა თუ არა, გარისკვა მოუწევს, ჯერ ერთი, პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე; მერე მეორე, რუმინეთს სამი ძირითადი ცენტრალური ნახევარმცველი დააკლდება: ტრავმირებული მიჰაი პინტილი და დისკვალიფიცირებულები - ალექსანდრუ ბურჩეანუ და კოსტინ ლაზარი.

ერთადერთი კარგი ამბავი ვლად კირიკეშის დაბრუნებაა. კაპიტანი და დაცვის ბურჯი რუმინეთს ძალიან აკლდა. მას ცხვირი აქვს გატეხილი და ექიმებმა დამცავი ნიღბით მინდორზე გასვლის უფლება მისცეს.

ბერძნებს დისკვალიფიცირებული კოსტას კაცურანისი არ ეყოლებათ, მაგრამ ფერნანდო სანტოსი რამეს მოიფიქრებს. თუ რა ძლიერია საბერძნეთი ანგარიშის შენახვაში, ყველამ ვიცით და რუმინელებს მართლაც გაუჭირდებათ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება პირველი ტაიმის მიწურულს ან მეორე ნახევარში, მასპინძლებმა რომ ანგარიში წაიყვანონ...

რაგნარი რაგნაროკს გვპირდება
რეიკიავიკში თითქმის მთელი მეორე ტაიმი ისლანდიელებმა 10 კაცით ითამაშეს და მაინც არ დამარცხდნენ. ლარს ლაგერბეკმა თქვა, შექმნილი მდგომარეობიდან ფრე, თან გოლგაუშვებლად, ჩვენთვის გამარჯვების ტოლფასი იყოო და ძნელია, არ დაეთანხმო.

შვედი სპეციალისტის შეგირდებმა გუნდურობით კიდევ ერთხელ გაგვაოცეს, მაგრამ მთავარი მაინც მათი მეკარის, ჰანეს ჰალდორსონის საუცხოო თამაში გახლდათ. ამ 193-სანტიმეტრიანი გოლკიპერის ჯადოქრობები ისლანდიელებს ზაგრებშიც ძალიან დასჭირდებათ. თუმცა 29 წლის კარის დარაჯს ივიცა ოლიჩი აქედანვე აშინებს.

"ჩვენ ისლანდიაშიც დავამტკიცეთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ, მაგრამ გატანა ვერაფრით მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, ზაგრებში სხვაგვარად იქნება და მეტოქის მეკარეს ძალიან რთულ თამაშს ვპირდები. პირველივე წუთიდან უნდა შევუტიოთ და თუ თავდასხმაში 20%-ით იმაზე უკეთ გავირჯებით, ვიდრე პირველ შეხვედრაში, აუცილებლად მოვიპოვებთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს"
- განაცხადა ოლიჩმა.

1998 წლის მუნდიალის მესამეადგილოსნებმა ისედაც გამოტოვეს წინა მსოფლიოს ჩემპიონატი და ბრაზილიაში ვერმოხვედრა ხორვატებისთვის უკვე სრული ფიასკო იქნება, მით უმეტეს, ასეთი კარგი შემადგენლობით. ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტს და 1998 წლის მუნდიალის ბომბარდირს, დავორ შუკერს გულშემატკივრების ეიმედება.

"მინდა ქომაგებს მოვუწოდო, მოვიდნენ "მაქსიმირზე" და გაავსონ სტადიონი. ყველას ერთი მიზანი გვაქვს და ფანების მხარდაჭერით ფეხბურთელებს საქმე გაუიოლდებათ"
- თქვა შუკერმა.

ოპტიმისტური განწყობაა ისლანდიელთა ბანაკშიც. რაგნარ სიგურდსონი ისე აღფრთოვანდა თავისი ქვეყნის ბრძოლისუნარიანობით, რომ პირველი მატჩის შემდეგ აღნიშნა - მე, უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ მოვიგებთ; ვიცი, რომ მოვიგებთო. ასე რომ, რაგნარი რაგნაროკის მოწყობას უპირებს ხორვატებს და თუ ისლანდია მართლაც მოიპოვებს ბრაზილიის საგზურს, ეს ნამდვილად ისეთი გმირობა იქნება, რომელიც მითებს უნდა დაედოს საფუძველად. შეგახსენებთ, რომ ისლანდიის მთელი მოსახლეობა დაახლოებით სულ რაღაც 320 ათასს შეადგენს.

"ამ ფორმაციის ნაკრებს ზედიზედ ორი მატჩი უგოლოდ არ ჩაუტარებია... განწყობა შესაბამისია, ვიაზრებთ მატჩის მნიშვნელობას და მზად ვართ"
- გვითხრა ლაგერბეკის ასისტენტმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა.

ნიკო კოვაჩს დანაკლისი არ აქვს. აი, სტუმრებს კი დისკვალიფიცირებული ოლაფურ სკულასონის გარდა, კოლბეინ სიგტორსონიც არ ეყოლებათ - 23 წლის ფორვარდი დაშავდა. თუმცა შეტევაში ისლანდიას დიდი არჩევანი აქვს. ძირითადში, ალბათ, ალფრედ ფინბოგასონი მოხვდება, "ჰერენვენის" თავდამსხმელი ერედივიზიეს საუკეთესო ბომბარდირია.

დეშამის ფანტაზიები
პირველი მატჩის შემდეგ ამ წყვილზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ. ბუნებრივიცაა, იმას, რომ კრიშტიანო რონალდოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის ერთ-ერთი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავა, უკვე შევეგუეთ. აი, აქ კი, გულის სიღრმეში მაინც, ყველას ეგონა, რომ ფრანგები მოიპოვებდნენ საგზურს და არავინ იყო განწყობილი იმისთვის, რაც მოხდა... არავინ, ალბათ, უკრაინელების გარდა, რომლებმაც ისე ბრწინვალედ ითამაშეს, რომ 2:0 კი არა, თუ სამართალია, უფრო დიდი სხვაობით უნდა მოეგოთ.

ახლა კი რაღაც შანსი კიდევ არის და "მამლები" ხავსს უნდა ჩაეჭიდნონ. პირველ რიგში, ფრანკ რიბერიმ უნდა გააკეთოს რამე, იგი კიევში ძალიან უფერულად თამაშობდა. უცნაური კაცია დიდიე დეშამი - რიბერის განსაკუთრებით მეურვეობდნენ და ამიტომ ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო თამაშიო.

ის, რომ ეს ასე იქნებოდა, დეშამსაც უნდა სცოდნოდა და მით უმეტეს, თავად რიბერისაც. ძნელი გამოსაცნობი ნამდვილად არ გახლდათ, რომ მას მუდმივად 2-3 კაცი "აიყვანდა". ფეხბურთელს, რომელსაც შესაძლოა 2013 წლის "ოქროს ბურთი" გადასცენ, ცოტა მეტი მოეთხოვება და "სტად დე ფრანსზე" მან უნდა გაიბრწყინოს - როდის, თუ არა ახლა?

ცხადია, ჯოხი მარტო რიბერიზე არ უნდა გადავტეხოთ და სხვა ფეხბურთელების პასიურობაც აღვნიშნოთ. დეშამის დღეები კი ნამდვილად დათვლილია, მის ხელში საფრანგეთი ისეთი უსუსურია და იმდენად არ ჩანს ნაკრების მომავალი, რომ სულაც ბრაზილიის საგზურის მოპოვების შემთხვევაშიც "დიდი" შეიძლება მიაბრძანონ და მუნდიალამდე გუნდი სხვა ადამიანს ჩააბარონ, მაგალითად, ზინედინ ზიდანს, ანუ არა უბრალოდ ადამიანს, არამედ - ზეადამიანს.

დიდიე დეშამი: "ჩვენ ყველაფერი უნდა დავდოთ მინდორზე და როგორმე მივაღწიოთ საწადელს. ამისათვის ტალანტისა და ფანტაზიის მაქსიმალური გამოვლენა და ცოტა იღბალი დაგვჭირდება. მეტოქემ პირველ შეხვედრაში გაგვაოცა და პოტენციალი სრულად გამოავლინა. უკრაინა არც ახლა ითამაშებს უბრალოდ ანგარიშის დასაცავად".

"მე მინდორზე მარტო არ ვარ, - ამბობს ცოტა გაბრაზებული რიბერი. - თანაგუნდელების იმედი მაქვს და ვთვლი, რომ ერთად მიზნის მიღწევა შეგვიძლია. რასაკვირველია, ფანების მხარდაჭერაც ძალიან გვჭირდება".

წინა შეხვედრა უკრაინისთვის მეცხრე საპლეიოფო მატჩი იყო და გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ანგარიშს - 2:0, ამ სანაკრებო პლეი ოფებში ჯერ არავის შემოუტრიალებია. ანდრეი პიატოვმა კი ზედიზედ მერვედ შეინახა კარი მშრალად. მას უკვე 730 წუთია გოლი არ გაუშვია, რითაც ალექსანდრ შოვკოვსკის რეკორდი (728 წუთი) მოხსნა.

სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეი იარმოლენკომ უკვე 14 გოლი მოაგროვა ნაკრებში. ერთიც და შემტევი ნახევარმცველი ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზე მყოფ სერგეი რებროვს გაუთანაბრდება. პირველამდე ჯერ შორია - ანდრეი შევჩენკოს აქტივში 48 ბურთია. იარმოლენკომ გვითხრა, მთავარია, დაცვაში ვიყოთ სოლიდურები და ყურადღებით ვითამაშოთო.

მიხაილ ფომენკოს თანაშემწე ალექსანდრ ზავაროვი: "ბიჭები მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს კი საუკეთესო მოტივატორია. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ".

უკრაინას რიბერის ჩინებულად შემჩერებელი არტიომ ფედეცკი და ალექსანდრ კუჩერი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება. ამავე მიზეზით დააკლდებათ ფრანგებს ლორან კოშელნი, თუ ეს დანაკლისია... მისი შეცდომებიდან გამომდინარე. რაფაელ ვარანს კი ტრავმა აწუხებს და მისი თამაში საეჭვოა.

(არა)მეგობრული სტადიონი
- რა ანგარიშით დასრულდება მატჩი?
- მხოლოდ ღმერთმა იცის.

- მაგრამ მასთან გასაუბრება ცოტა ძნელია...
- თქვენ ახლა ელაპარაკებით მას. - აი, ასეთი საუბარი შედგა ერთ-ერთ შვედურ ტელე-შოუში ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ჟურნალისტს შორის პორტუგალიასთან პირველი მატჩის წინ. იბრამ საკუთარ თავს სიცილით ღმერთი უწოდა. იქამდე კი მან ისიც თქვა, მსოფლიოს ჩემპიონატს მე უფრო ვჭირდები, ვიდრე რონალდოო.

ხუმრობაც კარგია და ჯანსაღი, საფუძვლიანი ამბიციაც, მაგრამ ეს ყველაფერი ზლატანმა ახლა მინდორზე უნდა დაამტკიცოს, თორემ პირველ მატჩში იგი საკმაოდ პასიური იყო; კრიშტიანომ კი გასაკეთებელი გააკეთა, პროგრამა მინიმუმი შეასრულა და შეხვედრის ერთადერთი გოლი შეაგდო, თან, მეტის გატანაც შეეძლო. თავად იბრაჰიმოვიჩს მომენტი არ ჰქონია.

ეს ყველაფერი მარტო ზლატანის ბრალი არ არის. შვედები ზედმეტად სიღრმიდან თამაშობდნენ და პირველ წუთებს თუ არ ჩავთვლით, სულ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ. მათმა თავკაცმა ერიკ ჰამრენმა თქვა კიდეც - იბრაჰიმოვიჩის მეტად გამოყენება თუ გვინდა, უფრო დიდხანს უნდა გავიჩეროთ ბურთი, პასებით და კომბინაციურად ვითამაშოთ და არა უბრალო გრძელი გადაცემებითო.

ამ შემთხვევაშიც კარგია სიტყვები, მაგრამ ეს ახლა პატივცემულმა ჰამრენმა საქმედ უნდა აქცევინოს თავის შეგირდებს და სკანდინავიელები წინა ხაზზე ასეთი პრიმიტიულები აღარ უნდა იყვნენ. პრინციპში, სხვა გზა მაინც აღარ არის, შვედეთი უკან ვერ დაიხევს, უნდა გარისკოს და შეუტიოს.

პორტუგალიასაც რა გააჩერებს დაცვაში და რა ათამაშებს ანგარიშის შენახვაზე; თანაც, კრიშტიანოს აუცილებლად ენდომება საკონტროლო გასროლა... სწორედ ამ ყველაფრის გამო ველოდებით ბევრად უფრო სანახაობრივ მატჩს, ვიდრე პირველი იყო.

სოლნაში "ფრენდს არენა" თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ, 2012-ის 14 ნოემბერს გაიხსნა და შვედეთმა ინგლისს 4:2 მოუგო, ზლატანმა კი ის ლამაზი და ხმაურიანი პოკერი შემოგვთავაზა, თავისი საოცარი მაკრატელითურთ. 14 აგვისტოს იმავე სტადიონზე შვედებმა უკვე ნორვეგიელებს სძლიეს 4:2 და ამჯერად იბრა ჰეთ თრიქით გამოირჩა...

მოკლედ, ეს ის სტადიონია, სადაც იგი თავს მშვენივრად გრძნობს და მეტოქეებს მეგობრულად სულაც არ ექცევა ხოლმე. ერთი სიტყვით, ჯერი იბრაკადაბრაზეა. ვნახოთ, ამჯერად რა იცის ღმერთმა.

"ცუდად არ გვითამაშია. ვიბრძოდით, თავს კარგად ვიცავდით. ერთი შეცდომა დავუშვით და ერთი გოლი გავუშვით. პორტუგალიას მშვენიერი, ძლიერი ნაკრები ჰყავს. ახლა საკუთარ კედლებში გვიწევს მატჩი და ეს დიდი უპირატესობაა. მოდით სტადიონზე, დაგვიჭირეთ მხარი და ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას"
- განაცხადა ზლატანმა.

"ვეთანხმები რონალდოს. მიუხედავად უპირატესობისა, შეტევაში, ბოლო ფაზაში სიმწვავე ნამდვილად გვაკლდა. უფრო მეტი შანსი უნდა შეგვექმნა და მეტი გაგვეტანა"
- თქვა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ბენტომ.

ევროპა. პლეი ოფი
19 ნოემბერი
რუმინეთი-საბერძნეთი 23:00 (1:3)
სავარაუდო შემადგენლობები
რუმინეთი (4-2-3-1): პანტილიმონი - მატელი, კირიკეში, გოიანი, რაცი - გარდოში, კოკიში - სტანჩუ, მაქსიმი, ნიკოლიცა - მარიკა.
საბერძნეთი (4-5-1): კარნეზისი - ტოროსიდისი, სოკრატისი, სიოვასი, ჰოლებასი - სალპინგიდისი, მანიატისი, ციოლისი, კარაგუნისი, სამარასი - მიტროღლუ.
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ხორვატია-ისლანდია 23:15 (0:0)
სავარაუდო შემადგენლობები
ხორვატია (4-2-3-1): პლეტიკოშა - სრნა, შიმუნიჩი, ჩორლუკა, პრანიჩი - რაკიტიჩი, მოდრიჩი - პერიშიჩი, ედუარდო, ილიჩევიჩი - მანჯუკიჩი.
ისლანდია (4-2-3-1): ჰალდორსონი - იონსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, ოტესენი - გ. სიგურდსონი, გუნარსონი - გუდმუნდსონი, გუდიონსენი, ბიარნასონი - ფინბოგასონი.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

შვედეთი-პორტუგალია 23:45 (0:1)
სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, ოლსონი - კაჩანიკლიჩი, ელმი, ს. ლარსონი, კალსტრიომი - იბრაჰიმოვიჩი, ელმანდერი.
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - პერეირა, ბ. ალვეში, პეპე, კოენტრაო - მოუტინიო, ველოზო, მეირელეში - ნანი, პოშტიგა, რონალდო.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

საფრანგეთი-უკრაინა 00:00 (0:2)
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - დებიუში, სახო, აბიდალი, ევრა - პოგბა, მატუიდი - ნასრი, ვალბუენა, რიბერი - ჟირუ.
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - მანძიუკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი - როტანი, სტეპანენკო - იარმოლენკო, ედმარი, კონოპლიანკა - ზაზულია.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ